ნაბიჯი ევროპისკენ - ინტერვიუ კახა შენგელიასთან

AutoSharing Option
თბილისში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის არაერთი არენა აშენდა, ზოგიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა.

მათ შორის, ვერის ბაღის დარბაზი და დიდუბის მანეჟი. ამ ნაგებობების მომავალიც განისაზღვრა - ბავშვთა კალათბურთის განვითარების ცენტრს დაექვემდებარა, რომლის დირექტორად ვეტერანი კალათბურთელი კახა შენგელია დაინიშნა.

ბატონ კახასთან ინტერვიუში გავარკვიეთ, რამდენად მზადაა ეს ობიექტები ევროპის ახალგაზრდული ფესტივალისთვის და რა ელის მისი დასრულების შემდეგ.

- ვერის ბაღში მდებარე დარბაზს ამიერიდან ვერის ბაღის სასახლე ერქმევა. იგი საბოლოოდ მოწესრიგდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. გვერდით მდებარე პატარა, დამხმარე დარბაზში მცირე ტრიბუნები დამონტაჟდა.
მთავარ არენაზე თბილისური წყალდიდობის დროს წყალმა იატაკის ნაწილი დააზიანა, თუმცა 23 ივლისისთვის იგი უკვე წესრიგში იქნება.

ვერის ბაღის სასახლეში გაიმართება საკალათბურთო შეჯიბრება როგორც ქალებში, ასევე, ვაჟებში. რა თქმა უნდა, კალათბურთს პარალელურად თბილისის სპორტის სასახლეც უმასპინძლებს.

- დიდუბის მანეჟიც ოლიმპიური ფესტივალისთვის გარემონტდა...
- იქ მატჩები არ ჩატარდება, ნაკრებები დიდუბის მანეჟს სავარჯიშოდ გამოიყენებენ. კეთილმოეწყო 4 საკალათბურთო დარბაზი, შენობაში გაკეთდა სასტუმრო და კვების ობიექტი.

ფესტივალის დასრულების შემდეგ მანეჟი სრულად დაიტვირთება. საშუალება გვექნება, სათანადო პირობებში ვავარჯიშოთ როგორც თბილისელი მოზარდები, ასევე ნიჭიერი სპორტსმენები რეგიონებიდან, რომლებსაც მანეჟში ცხოვრების საშუალება ექნებათ.

სხვათა შორის, ათწლეულების წინათ მეც სწორედ ასე ვცხოვრობდი და ვვარჯიშობდი დიდუბის მანეჟში.

- ასე რომ, დიდუბის მანეჟი ძველებურად ამოქმედდება...
- გვაქვს შორსმიმავალი გეგმებიც, გვსურს დავიქირაოთ ინგლისურისა და ესპანური ენის მასწავლებლები, რომლებიც კალათბურთში მოვარჯიშე ბავშვებს უცხო ენასაც ასწავლიან. ეს მოზარდებს დროს დაუზოგავს და დიდი სპორტისთვის შეამზადებს.

დღევანდელ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტულ მედიცინას, რომლის გარეშე მაღალი დონის მოთამაშედ ჩამოყალიბება შეუძლებელია. ამ მიმართულებითაც აქტიურად ვიმუშავებთ.

ასევე, გვსურს საკუთარი სამკერვალოს გახსნა, რომელიც კალათბურთის განვითარების ცენტრს მოემსახურება. თამაშებზე არაფერს ვამბობ, ახალგაზრდები ვარჯიშებზეც სათანადოდ უნდა იყვნენ ეკიპირებულნი.

- მწვრთნელებზეც ნაფიქრი გექნებათ...
- რა თქმა უნდა. ქართველ სპეციალისტებთან ერთად იმუშავებენ მოწვეული მწვრთნელები. ვგეგმავთ ორი უცხოელი, გამოცდილი სპეციალისტის ჩამოყვანას, რომლებიც რამდენიმე კვირით კი არ დაგვეხმარებიან, მთელი სეზონის განმავლობაში იმუშავებენ ბავშვთა გუნდებთან. ვფიქრობ, ეს დიდად შეუწყობს ხელს ქართული სპორტის განვითარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული