ფაჩულია VS კაზინსი - სუპერმატჩის სუპერდასასრული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დალას მავერიქსმა" ბოლო ორ დღეში ორი შეხვედრა ჩაატარა. ორივეში გაიმარჯვა: ჯერ "საკრამენტოს" 117:116 სძლია, შემდეგ "ნიუ ორლეანს" - 100:91. მეორე მატჩში მწვრთნელმა რიკ კარლაილმა სასტარტო ხუთეულის ოთხი წევრი, ზაზა ფაჩულია, დირკ ნოვიცკი, დერონ უილიამსი და ვესლი მეტიუზი დაასვენა. "საკრამენტო კინგსთან" შეხვედრაში კი ფაჩულიამ 40 წუთი ითამაშა, 9 ქულა, 17 მოხსნა და 5 ჩაჭრა მიითვალა.

შესავალში ციფრები მეტისმეტად "მშვიდად" ჩამოვწერეთ, არადა, "კინგსთან" მატჩში ემოცია ზომაზე მეტი იყო, გამარჯვებულის გამოვლენას ხომ ორი ოვერტაიმი დასჭირდა. ეს ის შემთხვევაა, როცა შეიძლება ითქვას: "დალასმა" მოგებული
მატჩი კინაღამ წააგო, ხოლო "საკრამენტომ" მოგებული მართლაც წააგო.

* * *
ფაჩულია VS კაზინსი. ეს იყო დუელი, რომელსაც მატჩის ბედი უნდა გადაეწყვიტა. საქმე ის არის, რომ საკრამენტოელთა მთავარი იმედი სწორედ დემარკუს კაზინსია, რომელმაც საბოლოოდ 49 წუთი ითამაშა და 35 ქულა ჩააგდო.

ზოგმა შეიძლება თქვას, ზაზას კაცმა 35 ქულა თუ ჩააგდო, გამოდის, რომ კარგად ვერ მეურვეობდაო. ვინც მატჩს მიადევნა თვალი, დაგვეთანხმება, რომ ასე სულაც არ იყო - ფაჩულიამ კაზინსს სისხლი გაუშრო, გადამწყვეტ მომენტში არაერთი საბედისწერო შეცდომა დააშვებინა.

ქართველ ცენტრს ხუთი ჩაჭრა სწორედ დემარკუსთან ორთაბრძოლაში მოუგროვდა, რომელმაც ერთბაშად 10 შეცდომა დაუშვა (სეზონში საშუალოდ 3.4 შეცდომა). მან ფარქვეშ შესვლისას რამდენჯერმე რომ დაკარგა ბურთი სამწამიანი ზონიდან მოშორებით ცდილობდა ტყორცნას. საბოლოოდ თამაშიდან 30-ჯერ ისროლა და 15-ჯერ ჩააგდო. ეს მისთვის კარგი შედეგი სულაც არ არის.

ერთ ეპიზოდზე გავამახვილებთ მკითხველის ყურადღებას: მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე დემარკუს კაზინსმა სამქულიანი ჩააგდო და ტაბლოზე 83:82 დაეწერა. ამ ეპიზოდში ფაჩულია საკრამენტოელმა რუდი გაიმ დაბლოკა და ქართველმაც მეტოქე ხელის კვრით მოიშორა. მსაჯებმა გამეორება მოითხოვეს, უნდა გაერკვიათ, ჯარიმა მანამ იყო, ვიდრე კაზინსმა სტყორცნა თუ მის მერე. გამეორებამ უჩვენა, რომ ზაზამ გაის ხელი კაზინსის ტყორცნამდე ჰკრა - არბიტრებმა სამქულიანი გააუქმეს და "საკრამენტომ" ბურთი გვერდიდან შემოიტანა.

როგორც შემდეგ გამოჩნდა, ამ ჩაუთვლელმა სამქულიანმა მატჩის ბედზე დიდი გავლენა იქონია.

გგონიათ სულ ეს იყო? - პირველი ოვერტაიმის დასრულებამდე 9 წამით ადრე, ტაბლოზე 104:104 რომ ეწერა, ფაჩულიამ კაზინსს ბურთი სუფთად აართვა, თუმცა ვერც მისმა გუნდელებმა ჩააგდეს და მატჩი მეორე ოვერტაიმში გადავიდა.
იქ კი თავიდან "კინგსის" კალათბურთელებმა გაილაღეს: სირენამდე 1:20 წუთით ადრე 116:109 დაწინაურდნენ. ერთი შეხედვით ეს გამარჯვებას ნიშნავდა. 80 წამში 7 ქულის ამოღება ხომ თითქმის წარმოუდგენელია. თუმცა გამოცდილმა დალასელებმა ეს შეძლეს: უილიამსი 2 ქულა, ნოვიცკი 3 ქულა და...

კვანძი ბოლო წამზე გაიხსნა: 2 წამით ადრე "დალასი" 114:116-ს აგებდა. მასპინძლებმა ბურთი გვერდიდან შეიტანეს, მარცხენა კუთხეში სამქულიანზე მდგარმა დერონ უილიამსმა საკუთარი მეურვე ერთი მოძრაობით ჩამოიცილა, სტყორცნა, ჩააგდო, 117:116 და გახარებული თანაგუნდელების ქვეშ მოექცა!

* * *
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მიმდინარე სეზონში "მავერიქსის" მიერ ჩატარებული ყველაზე სანახაობრივი მატჩი. მომდევნო შეხვედრას ზაზას გუნდი 9 იანვარს, მილუოკიში გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული