ზაზა ფაჩულია: ნეტავ საშუალება მომეცეს და აკადემიას აფხაზეთში გავხსნიდი

AutoSharing Option
24 მაისს სპორტის სასახლიდან გამოსულს ნაცნობი გვარი მომესმა - ფაჩულია. გვერდზე მივიხედე და ორი საშუალო ასაკის მამაკაცი, ბეტონის შემაღლებაზე მოკალათებულიყო...

- ზაზამ ჩაიარა.
- რომელმა ზაზამ?
- ფაჩულიამ.
- ვინ?
- ზაზა ფაჩულიამ, ამერიკაში რომ თამაშობს. მისი გარნეტთან ჩხუბი არ გახსოვს?!
- ნაღდი ქართველი ყოფილა, გაუმარჯოს.

ვიდრე ფაჩულია სპორტის სასახლიდან გავიდოდა და ზემოთ ნახსენებ ორ პიროვნებას ჩაუვლიდა, "ლელოს" რედაქციას სტუმრობდა.

სადღეისოდ ყველაზე აქტუალური თემა მისი ტრავმაა. მოკლედ გვითხრა, რომ თავს უკეთ გრძნობს და 4 ივნისს ამერიკაში ნაოპერაციები ფეხი ექიმს უნდა
ანახოს. სწორედ მას მერე დაიგეგმება სარეაბილიტაციო პერიოდი.

- კარგი იქნებოდა, ახლა ამერიკაში იყო, "ატლანტასთან" ერთად ნახევარფინალებს თამაშობდე.
- ორჯერ ვითამაშე კონფერენციის ნახევარფინალში. "ატლანტა ჰოქსის" ბირთვი 2005 წლიდან ერთად ვთამაშობთ და შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ ბოლო წლებში აღმოსავლეთში ყველაზე მეტჯერ პლეი ოფი "ჰოქსსა" და "ბოსტონს" აქვს ნათამაშები.

მაგრამ წლეულს მე და ლუ უილიამსმა ტრავმები პლეი ოფის წინ მივიღეთ. ასე რომ არ მომხდარიყო, ვფიქრობ, გუნდი უკეთეს შედეგს უჩვენებდა.

- NBA-ს ნახევარფინალების პარალელურად საქართველოს სუპერლიგის ფინალური სერია მიმდინარეობს. მატჩებს ესწრები. რა აზრისა ხარ ჩვენს ჩემპიონატზე.
- რომ ვთქვა, NBA-ს მსგავსი სანახაობაა-მეთქი, არავინ დამიჯერებს. სუპერლიგის შეხვედრებს სხვა თვალით ვუყურებ, ვაკვირდები ახალგაზრდებს, კალათბურთელებს, რომლებმაც ახლო მომავალში საქართველოს ნაკრების მაისური უნდა მოირგონ. არა აქვს მნიშვნელობა, მე ვიქნები თუ არა ეროვნულ გუნდში. ნაკრებში უკვე მეორე ათწლეულია ვთამაშობ და კარიერას რომ დავასრულებ, ჩემი გული მაინც ნაკრებში დარჩება.

- ვინ მოახდინა შთაბეჭდილება?
- საქართველოში მაისში ჩამოვედი და ბევრი გუნდი არ მინახავს. ბევრია უცხოელი, თუმცა რამდენიმე ახალგაზრდის გამორჩევა მაინც შეიძლება, მაგალითად რეზო როგავასი და მერაბ ბოქოლიშვილისა.

ლევან ფაცაცია შარშან ნაკრებში იყო და აქამდეც ვიცნობდი. იმედია კიდევ ბევრი კალათბურთელი შემოგვიერთდება და მსოფლიოს საქართველოს სახელს უკეთ გააცნობს.

- ამერიკაში ჩასულს, ალბათ ბევრი შეგხვედრია, ვისაც "ჯორჯია" მხოლოდ ამერიკის შტატი ეგონა.
- ამერიკა დიდი ქვეყანაა. ბევრია ადამიანია, უცხოეთში რომ არ ყოფილა და ისეთებიც შემხვედრია, საქართველოს არსებობის შესახებ რომ არ იცოდნენ. ჩემი მიზანი სწორედ ისაა, რომ ჩემი ქვეყანა მსოფლიოს გავაცნო როგორც კალათბურთის, ასევე ისტორიის მხრივ, იცოდნენ, რომ დიდი ტრადიციებისა და განძეულობის მქონე ქვეყანა გვაქვს. სხვათა შორის, თანაგუნდელები არაერთხელ დამიპატიჟია, მაგრამ არ ჩამოდიან, ეშორებათ.

- რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც "ატლანტას" ფორვარდი ჯოშ სმიტი ამბობს - საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ მოვდივარო. რა ვითერებაში გადაიღე ეს ვიდეო?
- ამერიკაში ბევრისთვის სიურპრიზი იყო შემონდ უილიამსის საქართველოს ნაკრებში თამაში.

შემონდს NBA-ში ხანგრძლივი კარიერა ჰქონდა და ყველა იცნობს. ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი ტორინ გრინი ატლანტელი ელ ჰორფორდის თანაგუნდელი იყო ფლორიდის კოლეჯში.

სანაკრებო თემას ჯოშ სმიტიც გამოეხმაურა და ნაკრებში ჩამოსვლის სურვილიც დააფიქსირა, მაგრამ ეს ხუმრობა იყო. სმიტი მეოთხე ნომრის პოზიციაზე თამაშობს. ამ ამპლუის კარგი კალათბურთელები გვყავს - ვიქტორ სანიკიძე და თორნიკე შენგელია.

- ამასწინათ სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს შეხვდი. რაზე ისაუბრეთ?
- შეხვედრა გაცნობითი ხასიათისა იყო. მინისტრმა სამომავლო გეგმები გამაცნო. მეც საკუთარ მიზნებზე ველაპარაკე. რადგან ფინიშს ვუახლოვდები, მინდა ნაკრებს რაც შეიძლება მეტად გამოვადგე. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი.

- ფინიშში რა იგულისხმება?
- მალე 30 წლისა გავხდები. სპორტში ასეა: როცა 30 წელს გადასცდები, კარიერის დასრულებას ნებისმიერ მომენტში უნდა ელოდე. თუმცა ნამდვილად არ ვაპირებ თამაშის ნაადრევად დასრულებას, მინდა კიდევ არაერთი წელი ვითამაშო მაღალ დონეზე.

- მწვრთნელობაზე ხომ არ გიფიქრია?
- მიფიქრია მენეჯერობაზე, გუნდის მფლობელობაზე, ბავშვთა აკადემიის გახსნაზე, მაგრამ არა მწვრთნელობაზე. რამდენიმე წლის წინათ აკადემიის გახსნა ვცადე, მაგრამ არვიდას საბონისისა და შარუნას მარჩულიონისის რჩევით დროებით გადავიფიქრე.

ეს საქმე კარიერის დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს, რადგან მინდა თავიდან ბოლომდე კარგად შესრულდეს, რასაც ხელმძღვანელის ყურადღება სჭირდება.

მოქმედი კალათბურთელი კი სათანადო ყურადღებას ვერ დაუთმობს. თავიდან თბილისში გავხსნი, თუმცა საქართველოს ყველა კუთხეში უნდა ჰქონდეთ პატარებს სრულყოფილად ვარჯიშის საშუალება.

ნეტავ საშუალება მომეცეს და ზაზა ფაჩულიას სახელობის აკადემიას აფხაზეთში გავხსნიდი.

- რა სხვაობაას ხედავ დღევანდელ და შენი პატარაობის დროინდელ ბავშვთა კალათბურთში?
- აღმზრდელ ზურაბ სამხარაძესთან ახლაც მჭიდრო კავშირი მაქვს. არც ჩემს დროს იყო სათანადო პირობები და არც ახლაა ისეთი ხელშეწყობა, სატრაბახო რომ იყოს.

ამიტომაც წავედი თურქეთში. NBA-ში თამაში მქონდა გადაწყვეტილი და საამისოდ თურქეთში კარგი პირობები დამხვდა. მინდა, ბავშვებს საქართველოშიც ჰქონდეთ პირობები, რომ გზა არ შეეზღუდოთ და ოცნება აიხდინონ.

- ჩინელები სპორტში ჩართულ ბავშვებს კარგად იკვლევენ და თავიდანვე ეუბნებიან, ვინ რომელ სპორტში უფრო მეტს მიაღწევს.
- ჩემთვის გენეტიკური კვლევა არ ჩაუტარებიათ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბავშვს ხელი უნდა შეუწყო იმ საქმეში რაც უყვარს.

იყო შემთხვევა, კადეტთა ნაკრებში არ ამიყვანეს, 12 კალათბურთელს შორის ვერ მოვხვდი.

პატარაობაში ზოგჯერ ხუთეულში თამაშიც არ მიწევდა, მაგრამ კალათბურთი მიყვარდა და თავიდანვე მქონდა მიზანი, რომლის მისაღწევადაც ბევრი ვიშრომე.

მყავდა თანაგუნდელები, რომლებზეც დიდ მედებს ამყარებდნენ, ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ დღეს ისინი კალათბურთში აღარ ჩანან. მთავარია მონდომება და შრომა.

- სხვათა შორის კადეტ კალათბურთელთა ნაკრებში ვერ მოხვდა მამუკა გორგოძე და კარიერა მორაგბის რანგში გააგრძელა.
- ქართველ მორაგბეებს დიდ პატივს ვცემ. ისინი ვაჟკაცობას განასახიერებენ, ნებისმიერი ქართველისთვის სამაგალითონი არიან.

- გორგოძის დარად მოედანზე შენც ხშირად ჩხუბობ.
- ეს ქართული ხასიათის ბრალია. როგორც წესი, სამართლიანად ვჩხუბობ. ორ ასეთ შემთხვევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ჯერ გარნეტთან, შემდეგ რიჩარდსონთან დაპირისპირებას.

შესაძლოა, ფინანსურად რაღაც დამაკლდა, მაგრამ საბოლოოდ მოგებული დავრჩი, რადგან იმ ჩხუბების შემდეგ გუნდი გამარჯვებული გამოვიდა. ამას გულშემატკივარიც დადებითი კუთხით აფასებს.

- რა არის საჭირო NBA-ში მოსახვედრად?
- რამდენიმე თვის წინ "ფეისბუქით" კითხვებს ვუპასუხე. ყველაზე მეტჯერ სწორედ ეს კითხვა დაისვა. ალბათ იმიტომ, რომ ქართველები მაქსიმალისტები ვართ, ყველა მშობელი, ბავშვი კალათბურთზე რომ მიჰყავს, NBA-ზე ფიქრობს.

ეს ნორმალურია. პირველ რიგში, ბავშვს უნდა ჰქონდეს მიზანი, რომლისთვისაც სწორად უნდა იშრომოს და არასოდეს დაიზაროს.

ეკლესიურად ვცხოვრობ და ღვთის წყალობა უმთავრესია. ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს, თავდაუზოგავად თუ იმუშავებ, ყურადღების გარეშე არ დარჩები, რადგან NBA-ის ყველა გუნდს ჰყავს სკაუტი ევროპაში.

არ არის აუცილებელი ამერიკა იყოს, ევროპაშიც ბევრი კარგი გუნდია. ამას ემატება ინტერნეტიც.

მაგალითს სხვა სფეროდან მოვიყვან: ჯასტინ ტიმბერლეიკი თავის სიმღერებს Youtube-ზე ათავსებდა, საიდანაც მენეჯერების ყურადღება მიიპყრო და ახლა ცნობილი მომღერალია.

ჩემსა და წინა თაობის სპორტსმენებს საზღვარგარეთ გასვლა გვიჭირდა. მაგალითად 90-იან წლებში დიდი ხნის განმავლობაში ერთი ლეგიონერი გვყავდა - ვლადიმერ სტეფანია, შემდეგ ვლადიმერ ბოისა წავიდა სლოვენიაში... თურქეთში რომ ვთამაშობდი, იქ შოთა და აჩი არველაძეები დიდი პოპულარულობით სარგებლობდნენ. 14 წლისა ვიყავი და ძალიან მინდოდა მათი გაცნობა.

- მოახერხე?
- მათთან ახლოს ვარ, თუმცა მაშინ, თურქეთში ვერ გავიცანი. მახსოვს, მათზე სიმღერებს წერდნენ.

რაც მეტი ასეთი სპორტსმენი გვეყოლება, მით უფრო ძლიერი იქნება საქართველო. გავრცელებულია აზრი, თითქოს სპორტსმენებს მხოლოდ თამაში შეგვიძლია.

ასეთებიც მინახავს, მაგრამ ბევრია განათლებული სპორტსმენი. ძალიან ვაფასებ ხალხს, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ სპორტში აქტიურად რჩებიან, მაგალითად შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია... აგერ, კახი კალაძე პოლიტიკაში ჩაერთო.

- კალათბურთის პარალელურად სწავლისთვისაც იცლი...
- თურქეთში რომ წავედი, პროფესიული სპორტსმენის კარიერა მქონდა არჩეული და სწავლა უმაღლესში ვეღარ გავაგრძელე. დანაკლისს ახლა ვინაზღაურებ - საკალათბურთო სეზონის მსვლელობისას ვერ ვიცლი, მაგრამ ზაფხულობით სხვადასხვა სკოლაში ვსწავლობ: ჯერ ნიუ იორკში, კელოგში ვიყავი; შემდეგ ატლანტაში, ემორიში; შარშან ბოსტონში, ჰარვარდში... სპორტსმენისთვის განათლება აუცილებელია. მას ხომ ურთიერთობა უწევს უამრავ გულშემატკივართან, ჟურნალისტთან...

- მასმედიის წარმომადგენლებთან რა დამოკიდებულება გაქვს?
- NBA-ს წარმომადგენლები ყოველწლიურად გვიგზავნიან რეკომენდაციებს, გვიჩვენებენ ეკრანზე, როგორ უნდა მოვიქცეთ ჟურნალისტებთან.

ამერიკის ნაციონალური ასოციაციის შეხვედრებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გადასცემენ, კალათბურთელებს ყველა იცნობს და აუცილებელია ინტერვიუებისას სწორად ლაპარაკი, სწორად მოქცევა.

ამერიკაში ორი ტიპის ჟურნალისტები არიან, ერთნი ცდილობენ ხმაურიანი მასალის მომზადებას და ინტერვიუც აქეთ მიჰყავთ, მეორენი, რომლებიც გუნდში მუშაობენ, კალათბურთელების ინტერესებს ბოლომდე იცავენ.

საერთოდ, მიყვარს პროფესიონალ ჟურნალისტებთან საუბარი, რადგან მათთან ბევრ საკითხზე, საკალათბურთო ნიუანსებზე დეტალურად ვსაუბრობ.

- გაიხსენე კარიერის ყველაზე კარგი და ცუდი მომენტები.
- დადებითი ადამიანი ვარ. თუნდაც იმ შემთხვევას, როცა კადეტთა ნაკრებში არ მიმიწვიეს, ახლა ღიმილით ვიხსენებ.

საერთოდ, წაგება, ან ჯგუფიდან ვერგასვლა ყოველთვის გულდასაწყვეტია და უარყოფითად მოქმედებს. ცხოვრებაში ყველაზე მეტად გული მწყდება, რომ მამაჩემი ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას.

პატარა რომ ვიყავი, ყველანაირად ხელს მიწყობდა კალათბურთელი რომ გამოვსულიყავი. მისი გარდაცვალების შემდეგ მომეცა ძალა, რომ მეთამაშა მამაჩემის სახელისთვის.

რაც შეეხება კარიერის დადებით მომენტს, ძნელია, NBA-ში თამაშს მიღწევა არ დაარქვა. თუმცა როგორც ვთქვი, ერთ მიზანს რომ მიაღწევ, მერე უნდა დაისახო.

- საკუთარ ოჯახზეც გვითხარი...
- ოჯახი ჩემი "ენერჯაიზერია". რომ არა ოჯახი, ამდენს ვერ მივაღწევდი. ჩემი გუნდის მაისურებში გამოწყობილ შვილებს რომ ვხედავ ენერგია მემატება.

ორი ვაჟი და ერთი მცირეწლოვანი გოგონა მყავს. ვცდილობ, ჩემს შვილებს დაამახსოვრდეთ როგორი კალათბურთელი იყო მამა და რა ბედნიერი იყო, როცა საყვარელ საქმეს აკეთებდა და იგებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია: ატლანტაში სიამოვნებით დავრჩებოდი, მაგრამ...

ზაზა ფაჩულიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან მეამაყება ასეთი დიდი ქართველები, როგორიც არის ზაზა. ის ნაკრების გულია და მოწინააღმდეგის მთავარი თავსატეხი. მახსოვს მისი სანაკრებო გამოჩენა სულ რაღაც 17 წლის რომ იყო და საოცარი თამაში ბელარუსიის წინააღმდეგ თბილისში. ის დიდი ქარტველი კალათბურთელია და აუცილებელია მისი სახელობის სკოლა.
გიორგი
02:39 30-05-2013
0
ბრავი ზაზა!
maqsime
19:09 26-05-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული