ზაზა ფაჩულია: არ გაგიკვირდეთ ოკლენდში ქართული დროშები!

AutoSharing Option
The Mercury News-თან საუბარში "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ განაცხადა, რომ NBA-ს სუპერფინალში ლამის მთელი საქართველო მის გუნდს უგულშემატკივრებს. მეტიც, ბევრი ფანი საქართველოდან Oracle Arena-ზე თამაშებზე დასწრებას აპირებს.

"ისინი უკვე გზაში არიან. ეს ნამდვილი სიგიჟეა, რადგან გზას 17-საათიანი ფრენა სჭირდება, მაგრამ ისინი ამაზე არ დარდობენ. დარწმუნებული ვარ, თქვენ ნახავთ დარბაზში ქართულ დროშებს.

ზუსტად არც ვიცი, რამდენნი არიან, მათთან კონტაქტი მეუღლეს დავუთმე. მე არ მინდა, სხვა რამეზე ვიფიქრო და კონცენტრაცია დავკარგო, თავიდან ბოლომდე პირველ მატჩზე ვარ კონცენტრირებული. თინამ იცის, რამდენნი
მოდიან, სად იცხოვრებენ, სად უნდა იშოვონ ბილეთები. მართლა არ ვიცი დეტალები.

მე მათ შევპირდი, რომ ფინალის მოგების შემდეგ ერთად ვიზეიმებთ, მაგრამ საფინალო სერიის განმავლობაში, მხოლოდ თამაშებზე უნდა ვიფიქრო.

არც მეგონა, ამდენი ფანი თუ ჰყავდა "გოლდენ სტეიტს" საქართველოში, მაგრამ სტეფ კარის, კლეი ტომპსონისა და დრეიმონდ გრინის წყალობით ასეა.

ახლა კი დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტიდან დაწყებული, ქვეყანაში ყველა ელის ფინალური სერიის დაწყებას. ეს სპეციალური მომენტია საქართველოსთვის და თუ ტიტულს მოვიგებ, გავხდები პირველი ქართველი ისტორიაში, ვინც ჩემპიონის ბეჭედს მოირგებს.

მე უკვე პირველი ქართველი ვარ, ვინც ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ მეტი მსურს. მინდა, პირველი ქართველი ჩემპიონიც გავხდე.

ყოველთვის ვამბობ, რომ ქვეყანაში ჩემს ოჯახს წარმოვადგენ, ხოლო მის გარეთ - ქვეყანას. ამიტომ ყოველ ნაბიჯს მოედანზე და მის გარეთ ამ კუთხით ვუყურებ. მინდა, ყოველთვის სწორად მოვიქცე და ქვეყანა არ შევარცხვინო.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ იქ დიდი გულის ხალხი ცხოვრობს. ჩვენ ყოველთვის ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს", - განაცხადა ზაზამ.

ჩვენებური ამბობს, რომ ერთი წუთით არ ნანობს, რომ საჩემპიონო შანსისთვის ორწლიანი, 20-მილიონიანი კონტრაქტი დაკარგა და "გოლდენ სტეიტში" 2,9 მილიონზე თამაშს დაყაბულდა:

"ის გამოცდილება, რაც უკვე მივიღე კონფერენციის ფინალში, უკვე ღირს ამად. წინ ფინალია და, როგორც უნდა დასრულდეს ის - ყველაფერი ღირს იმად, რომ არ ვიფიქრო მაშინდელ გადაწყვეტილებაზე. არც ვფიქრობ.

ეს იყო საოცარი გამოცდილება და საოცარი ისტორია. ასე მგონია, რომ უკვე მესამე წელია, რაც "გოლდენ სტეიტში" ვთამაშობ".

შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტისა" და "კლივლენდ კავალიერსის" პირველი ფინალური მატჩი ოკლენდში საქართველოს დროით 2 ივნისს, დილის 5 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ძალიან მიკვირს იმ ადამიანების ვინც კლივლენდს გულშემატკივრობს, მაშინ როდესა გოლდენში ზაზა თმაშობს და სულ ახლოს არის ქართული სპორტის ისტორიაში ახალი ფურცლის დაწერასთან.
ირაკლი
01:52 03-06-2017
0
ვულოცავ ზაზას პირველ გამარჯვებას
ჯემალი
13:01 02-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული