არც ზაზა, არც ცქიტა, არც მანუ - ნაკრები ევრობასკეტისთვის ცვლილებებით ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს.

საკვალიფიკაციო 31 აგვისტოს, ალბანეთთან მატჩით დაიწყება. ალბანელებთან ერთად შესარჩევ ჯგუფში საქართველოსთან სლოვაკეთი და მონტენეგრო არიან და ფინალური ეტაპის საგზურს პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს, მთლიანობაში კი არსებული 7 შესარჩევი ჯგუფიდან ევრობასკეტ-2017-ის საგზურები 4 საუკეთესო მეორეადგილოსანს ერგება.

31 აგვისტომდე ეროვნულ გუნდს თვენახევრიანი მოსამზადებელი ეტაპი და 10 სპარინგ-მატჩი ელის.

უკვე მე-4 წელია, საქართველოს ნაკრები შეკრებას სლოვენიით იწყებს, სადაც დაბა პოტრჩეტრტეკის მყუდრო და კეთილმოწყობილ სპორტულ კომპლექსში დაბინავდება. ეროვნული ნაკრების სლოვენიური შეკრება 3
აგვისტომდე გაგრძელდება. საქართველო პირველ ამხანაგურ მატჩს პოდჩეტრტეკში, პორტუგალიასთან 2 აგვისტოს ჩაატარებს, რის შემდეგაც მოსკოვში გადაინაცვლებს და 5-ში ბელორუსს, ხოლო 6 აგვისტოს რუსეთს დაუპირისპირდება.

მოსკოვიდან საქართველოს ნაკრები საქართველოში დაბრუნდება და 12-14 აგვისტოს თბილისის მერიის ტრადიციული თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოსთან ერთად ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ჰოლანდიის, უკრაინისა და რუსეთის ნაკრებები.

ილიას ზუროსის გუნდს საკმაოდ კარგი სპარინგი ელის 18-19 აგვისტოს რუმინეთთან, რომელიც 2017 წლის ევრობასკეტის ოთხიდან ერთ-ერთი მასპინძელია. რუმინეთის დედაქალაქიდან ჩვენი ნაკრები პოლონეთში გადაინაცვლებს, სადაც 24-25 აგვისტოს ქალაქ ვლოცლავეკში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. ტურნირის ფორმატის თანახმად, ნახევარფინალების შემდეგ ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის გაიმართება.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში, ანუ ნახევარფინალში მასპინძელ პოლონეთს შეხვდება, შემდეგ კი, შედეგიდან გამომდინარე, ან ფინალს, ანაც მესამე ადგილისთვის მატჩს ითამაშებს. მეორე ნახევარფინალურ წყვილში შვედეთი ბელგიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა ლაშა გამყრელიძე, რომელიც "ბ" ნაკრების წევრმა - ბექა წივწივაძემ ჩაანაცვლა. ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობს მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც მკურნალობის გასაგრძელებლად თბილისში დარჩება. სლოვენიაში მის მაგივრად "ბ" ნაკრების წევრი კახა ჯინჭარაძე გაემგზავრება.

სლოვენიაში არ მიემგზავრება 4-წლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში კვლავ გამოძახებული ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელიც ასევე "ბ" ნაკრების წევრმა ბექა ბექაურმა ჩაანაცვლა.

სლოვენიურ შეკრებას გამოტოვებს ზაზა ფაჩულია, რომელმაც ნბა-ში გადატვირთული სეზონი ჩაატარა, რამდენიმე დღის წინ კი კონტრაქტი "გოლდენ სტეიტთან" გააფორმა და ახლაც ამერიკაში იმყოფება. ეროვნული გუნდის კაპიტანი ნაკრებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეუერთდება და მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერიის თასზე.

გაირკვა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშის ვინაობა. აქამდე დასახელებული კანდიდატებიდან შეირჩა ამერიკელი მაიკლ დიქსონი, რომელიც საქართველოში 14 ივლისს ჩამოვიდა და დღეს სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

- საქართველოს ნაკრებში ევრობასკეტ 2017-ზე ამერიკელი კალათბურთელი ითამაშებს

Sportall.Ge

Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
დიქსონი ევროპის დონეზე საკმაოდ კარგ შედეგს აჩვენებს და საქართველოს ნაკრებში ადრე მოთამაშე ნატურალიზებულ უცხოელებს ნამდვილად ჯობია. ნბა-ს კალათბურთელი საქართველოში არ წამოვა. ისე, შენგელია ცუდ ფორმაშია ტრავმის შემდეგ და სხვა რომ აეყვანა ნაკრებში, ჯობდა.
გიო
20:38 15-07-2016
0
მარკოიAვილი არ იქნება ეს ცუდია
შოთა გუგეშაშვილი
18:40 15-07-2016
0

სიახლეები პოპულარული