ზაზა ფაჩულია: ევრობასკეტის 1/4-ფინალში მოხვედრის ძალა შეგვწევს

AutoSharing Option
NBA-ში საკალათბურთო სეზონის დასრულების შემდეგ ზაზა ფაჩულია ევროპაში დაბრუნდა, დაესწრო ბერლინში გამართულ საფეხბურთო ჩემპიონთა თასის ფინალს, თბილისში ჩამოსული კი სხვადასხვა ტელეგადაცემაში გამოჩნდა, ზოგგან ჟიურის, ზოგგან მთავარი მონაწილის სტატუსით, ვიხილეთ პოპულარულ სერიალ "შუა ქალაქშიც"...

როგორც თავად კალათბურთელი ამბობს, დატვირთული საკალათბურთო სეზონის შემდეგ ენერგიით სამშობლოში იმუხტება. შემდეგ კი საქართველოს ნაკრებთან ერთად შეუდგება მზადებას და ახალ სეზონს ევრობასკეტით გახსნის.

ტელეპროექტების გმირი ზაზა ფაჩულია მაყურებელმა არასაკალათბურთო კუთხით გაიცნო, "ლელოს" მკითხველს კი სხვა საკითხებთან ერთად პროფესიული ამბებიც აინტერესებს. გასული სეზონის შემდეგ ხომ არაერთი კითხვა დაგროვდა,
შეკითხვებია სექტემბერში გასამართავ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებითაც.

2014-15 წლების სეზონი ქართველი ცენტრისთვის სასურველად ნამდვილად არ დაწყებულა:

"მილუოკის" ახალი მწვრთნელი ჯეისონ კიდი სეზონისწინა საგამოფენო შეხვედრებში საკმარისად მათამაშებდა, თუმცა პირველ ოფიციალურ მატჩში, "ფილადელფიასთან" სათადარიგოთა სკამზე დამტოვა, არ მათამაშა.

არ გავბრაზებულვარ, რადგან ვიცოდი, რომ წინ გრძელი სეზონი გველოდა და საჭირო იყო მოთმინება. სხვათა შორის, კიდმა მეტად საინტერესოდ დაიწყო: ჯონ ჰენსონი ცენტრად გადაიყვანა და სამ ცენტრს გვათამაშებდა - მე, ჰენსონს და ლარი სენდერსს. სასტარტო ლარი იყო.

სამ ცენტრზე დაყრდნობა ჩემს პრაქტიკაში პირველი შემთხვევა იყო, როგორც წესი, მწვრთნელებს ჰყავთ ორი ცენტრალური თავდამსხმელი - სასტარტო და მისი შემცვლელი".

მწვრთნელის ნდობის მოსაპოვებლად ფაჩულიას დიდი დრო არ დასჭირვებია:

"მომდევნო მატჩებში თამაშმაც მომიწია და ჩემი შანსი გამოვიყენე. ამასობაში ჯეისონ კიდმა კარგად გამიცნო, ხედავდა, როგორ ვვარჯიშობდი, ვცდილობდი, კარგი მაგალითი მიმეცა შედარებით ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის. "მილუოკი" ხომ NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი იყო.

მწვრთნელმა ჩემში დაინახა, რომ გუნდზე თამაში შემიძლია. კარგად ვიცი, პირადი რეკორდები არაფერს ნიშნავს გუნდურ წარმატებასთან შედარებით. შეტევაში ვცდილობდი თანაგუნდელებს მაქსიმალურად დავხმარებოდი, ეს მოხსნებში გამოიხატებოდა, პასებში, თუ ზონების გამოთავისუფლებაში, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი იყო გუნდს მოეგო.

მოხარული ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე "მილუოკის" წარმატებაში. სეზონის დასაწყისში ხომ ვერავინ იფიქრებდა, რომ პლეი ოფში ვითამაშებდით".

პლეი ოფისკენ მიმავალ გზაზე "მილუოკი ბაქსმა" ერთ-ერთი ყველაზე წონადი გამარჯვება "მაიამისთან" მოიპოვა. მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე ფაჩულიამ ბურთი ფლორიდელთა ფარზე მოხსნა, უხერხული პოზიციიდან პერიმეტრზე კრის მიდლტონს გადააწოდა, რომელმაც სამქულიანი ზუსტად სტყორცნა და "ბაქსმა" 89:88 მოიგო. სხვათა შორის, ეს ეპიზოდი NBA-ს ტოპ-ათეულში მეორე ადგილზე გავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზოგის აზრით, ეს ყველაფერი შემთხვევითობა იყო - ფაჩულია ვერ ხედავდა, სად იდგა მიდლტონი და ბურთიც ალალბედზე გადააგდოო. ამ მოსაზრებას ზაზას სიტყვები აქარწყლებს:

"მაიამისთან" მოგებას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, წაგების შემთხვევაში მეექვსე ადგილს ვკარგავდით და შეიძლებოდა პლეი ოფში გასვლასაც დიდი კითხვის ნიშანი დასმოდა. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იყო.

რაც შეეხება ბურთის მოხსნასა და პასს, ამ ეპიზოდში შემთხვევითი არაფერი ყოფილა. მიდლტონი ჭკვიანი კალათბურთელია და მასთან ხშირად ვსაუბრობ სხვადასხვა საკალათბურთო ნიუანსზე. ერთი თვით ადრე მასთან ერთად გარჩეული მქონდა სიტუაცია, ბურთის მეტოქის ფარზე მოხსნის შემდეგ, სად უკეთესი იქნებოდა ბურთის გატანა.

პერიმეტრზე არის ადგილები, სადაც პასის შესრულება შედარებით რთულია. მე და მიდლტონი შევთანხმდით, რომ ბურთის მოხსნის შემდეგ იგი სწორედ იქ უნდა მდგარიყო, სადაც "მაიამისთან" მატჩის ბოლო წუთზე დამხვდა. ამან საქმე გამიიოლა - რომ ავხტი და ბურთის გადაწოდება გადავწყვიტე, კრისი სწორედ იქ აღმოჩნდა, სადაც მეგულებოდა. მანაც სამქულიანი აუღელვებლად ჩააგდო და მნიშვნელოვანი მატჩი მოგვაგებინა".

"მილუოკის" პლეი ოფის პირველ ეტაპზე "ჩიკაგო" შეხვდა. ჩიკაგოელებმა დაძაბული სერია 4:2 მოიგეს.

"რეგულარულ ეტაპზეც გამოჩნდა, რომ "ჩიკაგო ბულსი" ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე იყო. ნამდვილად არ გვინდოდა მასთან პლეი ოფში შეხვედრა.

იყო შანსი, რომ მის ნაცვლად მესამე ადგილი "ტორონტოს" დაეკავებინა, მაგრამ რეგულარულის გადამწყვეტ მატჩში ბოლო წუთებზე წააგო და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ჩვენ მესამეს, "ჩიკაგოს" შევხვდით.

მართალია, თავიდან 0:3 ჩამოვრჩით, მაგრამ დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ, სხვაობა 2:3 შევამცირეთ, მაგრამ სერია მაინც ვერ შემოვატრიალეთ.

არადა, თავიდან ერთი, ფაქტობრივად მოგებული მატჩი ოვერტაიმში წავაგეთ. ის შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ რომ დასრულებულიყო, შეიძლებოდა სერიაში ბევრი რამ სხვაგვარად წარმართულიყო".

... და ევრობასკეტი. ივლისის ბოლოს საქართველოს ნაკრები სლოვენიაში შეიკრიბება და ხორვატიაში გასამართავი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგება. გუნდს ზაზაც სწორედ სლოვენიაში შეუერთდება.

"საქართველოს ნაკრებში ხშირად გვიხდება ტაქტიკის შეცვლა. ამის მიზეზი ამა თუ იმ მოთამაშის ტრავმაა. შარშან მანუჩარ მარკოიშვილი ვერ გვეხმარებოდა, რაც ჩვენთვის დიდი დანაკლისი იყო. არ გვაქვს ფუფუნება, თუნდაც ერთი წამყვანი კალათბურთელის არყოფნა გუნდმა არ შეიმჩნიოს.

იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატს ყველა ჯანმრთელად შევხვდებით, ფორმაში ვიქნებით და ვუჩვენებთ ისეთ შედეგს, როგორსაც ქომაგი ჩვენგან ელის.

ხორვატია, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია, ჰოლანდია... რთული ქვეჯგუფია, მაგრამ შეგვწევს ძალა მეოთხედფინალში მოხვედრისა. პლეი ოფში რა მოხდება, არავინ იცის".

ზაზა ფაჩულიას ვრცელ ინტერვიუს ჟურნალ "კვირის ლელოს" შაბათის ნომერში იხილავთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული