საქართველო-სლოვენია 68:72 - მსაჯობამ გვაჯობა! [VIDEO]

AutoSharing Option
მსაჯებისთვის თამაშის წაგების დაბრალება მართებულად არასოდეს მიმაჩნდა, ყოველთვის ვერიდებოდი ამ თემაზე წერას, მაგრამ სლოვენიასთან მატჩის არბიტრებმა თითქოს ღია მწვანე სლოვენიური მაისური გადაიცვეს და საქართველოს წითელი აუნთეს.

ამას მხოლოდ საკუთარი შეხედულებით არ ვწერ. თამაშის შემდეგ ვესაუბრე სპეციალისტებს (ცხადია, ქართველებს), რომლებიც ამბობენ, მსაჯობამ დიდი გავლენა იქონია მატჩის შედეგზეო.

უამრავი ეპიზოდიდან ერთს გავიხსენებ: საფინალო სირენამდე 8 წუთით ადრე საქართველოს ნაკრებმა 13-ქულიანი ჩამორჩენა 4-მდე რომ დაიყვანა, სლოვენიელებს არაფერი გამოსდიოდათ. გორან დრაგიჩი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეიჭრა ჩვენს ფარქვეშ, სადაც გიორგი ცინცაძე დახვდა. დაეჯახა, თავი ასწია,
მოძრაობა განაგრძო და ბურთი ისროლა. ჩააგდო.

მსაჯებმა იმ ეპიზოდში საქართველოსთვის ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს: გიორგი ცინცაძე დააჯარიმეს (მეოთხე ფოლი), ბურთი ჩათვალეს და დრაგიჩს ჯარიმა ასროლინეს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, სლოვენიელს შეტევაში თუ არ დააჯარიმებდნენ, ბურთი არ უნდა ჩათვლილიყო მაინც...

ისიც თქვეს, ევრობასკეტი სხვა ქვეყანაში რომ იმართებოდეს, ლიდერი გორან დრაგიჩი მოედნიდან პირველივე ტაიმში გავარდებოდაო (ფოლების სიჭარბით).

Sportall.Ge

ტყორცნა
ასეა თუ ისე, 15-კაციან (მსაჯები+კალათბურთელები) სლოვენიას, რომელსაც ხავერდოვანი, ამწვანებული დარბაზი ქომაგობდა, საქართველომ კინაღამ მოუგო. სირენამდე 1:01 წუთით ადრე ვიქტორ სანიკიძემ მისთვის ჩვეულად მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა (66:69).

დომენ ლორბეკის ერთი საჯარიმოს შემდეგ ბესიკ ლეჟავამ ორქულიანით სხვაობა ორამდე დაიყვანა (68:70, 31 წამით ადრე) და... გადამწყვეტი აღმოჩნდა ზორან დრაგიჩის უხერხული სიტუაციიდან ნატყორცნი ბურთის ჩვენს კალათში ჩაშვება - 72:68.

დარჩენილ ექვს წამში თამაშის გადარჩენა ვერ შევძელით.

ეს ბოლო წამებზე მოხდა. მანამდე იყო მონაკვეთი, როცა საქართველოს ნაკრები 11 ქულით იგებდა (26:15) და პირიქით, დიდი სხვაობითაც ჩამორჩა - 33:46.

თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მაინც ბოლო წამებზე გადაწყდა.

ტაქტიკა
ალბათ, ისიც გაინტერესებთ, რამ განაპირობა სხვაობათა ასეთი ცვალებადობა. დავიწყოთ იქიდან, რომ პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრების საფირმო ზონური დაცვის წინააღმდეგ მასპინძლებმა ვერაფერი გააწყვეს:

"ძალიან გაგვიჭირდა შეტევებისას ბურთის დატრიალება, კომბინაციური თამაში ვერ ავაწყვეთ და თავიდან ამიტომაც ჩამოვრჩით",
- თქვა ნამატჩევს სლოვენიელმა იაკა ლაკოვიჩმა და დასძინა: "მეორე პერიოდში ტაქტიკა შევცვალეთ, აქცენტი სამქულიანებზე გადავიტანეთ და შედეგიც მივიღეთ".

აი შედეგიც: მეორე პერიოდში სლოვენიამ 6 სამქულიანი ჩააგდო (სულ 11) და 10-წუთიანი მონაკვეთი 31:13 მოიგო.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა დაცვა გამოასწორა, ზონაც კარგად გამოსდიოდა და არც პერიმეტრიდან ტყორცნას ანებებდნენ. შეტევაში კი ისედაც არ გამოიყურებოდა ურიგოდ - ჩამორჩენის აღმოფხვრა დროის საქმე იყო, რადგან სლოვენიელებს ვერც ფარქვეშ ჰქონდათ კარგად საქმე (მეტოქის ფარიდან 20 ბურთი მოვხსენით) და ვერც პერიმეტრზე დაალაგეს თამაში.

...ბოლოს რაც მოხდა, უკვე გითხარით.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge


საქართველოს ნაკრების მატჩები ევრობასკეტზე
საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]
საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული