რუსთავი-დინამო 79:101 - სტუმრების იოლი გამარჯვება

AutoSharing Option
სუპერლიგის მეორე წრის მე-4ტური 21 თებერვალს რეგიონებში - რუსთავსა და ქუთაისში დაიწყო. თუკი იმერეთში საინტერესო ბრძოლა იყო, ქვემო ქართლის მატჩზე ამას ვერ ვიტყვით. ჩემპიონატის ლიდერმა "დინამომ" რუსთავში იოლი გამარჯვება მოიპოვა - ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ქვემოქართლელები 101:79 დაამარცხა.

მატჩი ისე დაიწყო და ისე ჩამთავრდა, "რუსთავს" წარმატების შანსი არ ჰქონია. დინამოელთა ჩერნოგორიელმა ცენტრმა სტევან მილოშევიჩმა სამწამიან ზონაში ყველა ოპონენტი დაჯაბნა, მისი შემჩერებელი რუსთაველებში არ მოიძებნა.

მილოშევიჩმა პირველ მეოთხედსა და მეორე პერიოდის საწყის 3 წუთში 18 ქულა მოიპოვა და მოედანი ვალმოხდილმა დატოვა.

პირველი
ათწუთეული დინამოელთა 13 ქულიანი ლიდერობით დასრულდა, დიდი შესვენებისთვის კი სტუმართა ლიდერობა 20 ქულამდე გაიზარდა. რუსთაველებს არა უშავდათ უკანა ხაზში - ქაქუცა აბაიშვილი და რევაზ ჩაჩანიძე სამქულიანებს ზუსტად ესროდნენ. ამ უკანასკნელმა 5-დან 5 სამიანი ჩააგდო. რუსთაველებმა მთლიანობაში მეტოქეზე 6-ით მეტი სამქულიანი მიითვალეს, მაგრამ მეტოქის სწრაფ შეტევებს და ფარზე ბატონობას ვერაფერი დაუპირისპირეს და საბოლოოდ 32 ქულით წააგეს.

დინამოელთაგან სტევან მილოშევიჩი გამოირჩა, რომელმაც 30 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. შესანიშნავად ითამაშა ზვიად ანთაძემ, რომელმაც თბილისელებს 15 ქულა და 7 მოხსნა მიაშველა. მილოშ პესიჩმა კი შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

"რუსთავში" 19 ქულით ბომბარდირი რევაზ ჩაჩანიძე გახდა, ქაქუცა აბაიშვილმა 11 მიითვალა, ლევან ხმელის ანგარიშზე კი 10 ქულა იყო.

ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 22 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები
ოთარ ხმელიძე ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი): "თავიდანვე გამოჩნდა, რომ "დინამოს" დიდი უპირატესობა ჰქონდა ფარქვეშ. სტევან მილოშევიჩმა ძალიან კარგად ითამაშა და თავიდან ძლიან ბევრი ბურთი ჩაგვიგდო. ჩვენ მისი შეჩრება ვერ მოვახერხეთ და სამწამიან ზონაში მეტოქეს სრული უპირატესობა ჰქონდა. მხოლოდ უკანა ხაზიდან თამაშს ვერ მოვიგებდით და მეორე ტაიმში შანსი ახალგაზრდებს მივეცი, რომლებმაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს".

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "თამაშის დაწყებიდან მალევე გახდა ცნობილი, რომ მეტოქე წინააღმდეგობას ვერ გაგვიწევდა. ეს მოსალოდნელიც იყო და მინდა ვთქვა, რომ გამარჯვების მოპოვება არ გაგვჭირვებია. ჩვენ უფრო ძლიერ მეტოქეებთან საბრძოლველად ვემზდებით, რომლებთანაც მომავალ ტურებში მოგვიწევს თამაში".

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული