"ბათუმი" ორი ლეგიონერით გაძლიერდა

AutoSharing Option
ბათუმელებმა საქართველოს ჩემპიონატი 2004 წელს ნუგზარ კანდელაკის ხელმძღვანელობით მოიგეს.

მას მერე ზღვისპირულ გუნდს გარდამავალი პერიოდი დაუდგა. იყო დრო, სუპერლიგის გამოკვეთილი აუტსაიდერი იყო, პლეი ოფშიც ითამაშა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2004 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი შემადგენლობა წლეულს შეიკრიბა. თავად განსაჯეთ: აჭარლებმა სუპერლიგის პირველ წრეში სამი ლეგიონერით ითამაშეს, მეორე ეტაპიდან კი ხუთი უცხოელით გავლენ მოედანზე.

ფაქტობრივი შეცდომა რომ არ გეგონოთ, აქვე დავაზუსტებთ: წესდების მიხედვით, ერთდროულად მოედანზე ყოფნის უფლება მხოლოდ ოთხ ლეგიონერს აქვს.

ბათუმელთა მწვრთნელის, მიხეილ კობეშავიძის განკარგულებაში ხუთი არაქართველი იქნება. ჯუნიორ
ქედუგანს (გამთამაშებელი), ჯეიმი ჯექსონსა და ჯერემი სეფოლდს (ფორვარდები) კიდევ ორი უცხოელი დაემატა - ნემანია მიშკოვიჩი და ქემერონ მაკქეფრი.

პირველი სერბია, 21 წლისა, ნათამაშები აქვს სერბეთის 18-წლამდელთა ნაკრებში. მიშკოვიჩის სიმაღლე 208 სმ-ია და "ბათუმში" ცენტრის პოზიციას გააძლიერებს. მიმდინარე სეზონში იგი სერბეთის უმაღლესი ლიგის გუნდ "სმედერევოში" გამოდიოდა, თუმცა სათამაშო დრო არასაკმარისი ჰქონდა: 8.5 წუთში 3 ქულასა და 3.3 მოხსნას აგროვებდა. მისი გუნდიდან წამოსვლის მიზეზი გასაგებია; ახლა საკითხავია, რამდენად გაიხსნება "ბათუმში".

რაც შეეხება ქემერონ მაკქეფრის, იგი 185 სმ სიმაღლის გამთამაშებელია, 23 წლისაა და სნაიპერული თვისებებით გამოირჩევა. თავად განსაჯეთ: გასულ სეზონში იგი "აუგუსტინას" კოლეჯის მაისურით საშუალოდ 34.5 წუთში 21.3 ქულასა და 4.8 პასს აგროვებდა.

ამ ახალწვეულებზე დანარჩენს საქართველოს ჩემპიონატის განახლების შემდეგ ვილაპარაკებთ. დღეს კი შეგახსენებთ, რომ პირველი წრის შემდეგ "ბათუმს" 5 მოგება, 3 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული