ამერიკაში საქართველოსთვის - ინტერვიუ ნიკა ჩეჩელაშვილთან

AutoSharing Option
თბილისის ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს კადეტთა ნაკრების გამოსვლა გახსოვთ? ეს ის გუნდია, ლატვიასთან მატჩში მის სანახავად სპორტის სასახლეში 8 ათასამდე გულშემატკივარი რომ მივიდა. 16 წლის ბიჭებისთვის ეს დიდი ემოცია იყო, თუმცა საქმეს ცივი გონებითაც შევხედოთ: ბუნებაში შემთხვევით არაფერი ხდება, ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა კადეტთა ნაკრებმა ასეთი ყურადღება წინა შეხვედრებში ნაჩვენები თამაშით დაიმსახურა. თურქეთის ნაკრებს დიდი სხვაობით აჯობა, ბოსნიასთანაც კარგად იბრძოლა.

ამ გუნდის კალათბურთელთა ნაწილი უკვე უცხოეთშია. გოგა ბითაძეზე ხშირად ვწერთ ხოლმე. ის სერბეთში ხვეწს თავის ოსტატობას. უკანახაზელი ნიკა ჩეჩელაშვილი კი ამერიკაშია და
იქ ემზადება საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებისთვის.

უკეთ გაცნობის მიზნით ნიკას ამერიკაში ვესაუბრეთ.

- საქართველოდან ოქტომბერში გამოვემგზავრე და მას მერე ინდივიდუალურად ვემზადები. ძალიან მიწყობს ხელს ბიძაჩემი, შალვა თევდორაძე, რომელიც საქართველოში კალათბურთს თამაშობდა, შემდეგ ამერიკის კოლეჯში გადმოვიდა, ახლა კი ამერიკაში ცხოვრობს. სწორედ მან მიმიყვანა ცნობილ მწვრთნელ დიჯეი სეკმენთან, რომელიც NBA-ს რამდენიმე ვარსკვლავის პირადი მწვრთნელიცაა.

- ვარსკვლავების ხსენება ყოველთვის საინტერესოა. კერძოდ ვისი მწვრთნელია?
- დუეინ უეიდის, კარლ-ენტონი თაუნსის, ივან თერნერის, დემეირ ქეროლის...

- ყველაზე მეტად რას აქცევენ ამერიკელები ყურადღებას?
- პროფესიონალიზმს. ასაკს მნიშვნელობა არა აქვს, თუ კალათბურთელობა გაქვს გადაწყვეტილი, ბოლომდე უნდა მისდიო მწვრთნელს, მკაცრად დაიცვა რეჟიმი. აქ ყველანაირი ხელშეწყობა რომ იქნება, ამაზე ლაპარაკი არც ღირს, ინვენტარიდან დაწყებული, ყველა დეტალს დიდ ყურადღებას უთმობენ. მაქსიმალურად ხარჯავენ ენერგიას.

- ამერიკაში ჩასულს რა კომპონენტზე მიგითითეს - ყველაზე მეტად ეს გაქვს დასახვეწიო?
- კონკრეტულად ერთ ნიუანსზე არ უთქვამთ, ჩამოვედი სასწავლად და ყველაფერს ვსწავლობ. ყველა კომპონენტზე ბევრს ვმუშაობ.

- მაშ, ასე შევატრიალოთ შეკითხვა - კონკრეტულად რა მოეწონა მწვრთნელს?
- სისწრაფე, ფარქვეშ შესვლა... თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კომპონენტებზე აღარ ვმუშაობ.

- ქართველ მწვრთნელებზეც ვთქვათ, სად დაიწყე კალათბურთის თამაში და ვისი ხელმძღვანელობით?
- ბიძაჩემს ძალიან უნდოდა კალათბურთელი გამოვსულიყავი. 8 წლის ასაკში მეც მოვინდომე და ქუთაისში, ირინა მელქაძესთან, მერაბ ნაცვლიშვილთან და ია გოგლიჩიძესთან დავიწყე კალათბურთის შესწავლა.

2013 წელს ზურაბ ტომარაძემ და ნიკო ჩერქეზიშვილმა ასაკობრივ ნაკრებში ამიყვანეს, რომელსაც ორი წლის შემდეგ თბილისის ოლიმპიურ ფესტივალზე უნდა ეთამაშა. შემდეგ ნიკო ჩერქეზიშვილთან და ლაშა თოიძესთან "ჰიუნდაიში" გადავედი. ახლა "ჰიუნდაიში" დიმა ჟაკობოვი მუშაობს, რომელიც 16-წლამდელთა ნაკრებშიც მუშაობდა. მინდა ჩემს ყველა მწვრთნელს დიდი მადლობა გადავუხადო.

- საინტერესო სანახავი იყო საქართველოს ნაკრების გამოსვლა თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე...
- შეჯიბრება კარგად დავიწყეთ, თურქეთს დიდი სხვაობით ვაჯობეთ, მომავალ ჩემპიონ ბოსნიასთან კი ბოლომდე ვიბრძოლეთ და გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა. ორი კარგი თამაშის შემდეგ გადამწყვეტი ლატვიასთან დაპირისპირება იყო. დარბაზი გაივსო. ძალიან გვინდოდა გულშემატკივრებთან ერთად ჩვენც გაგვეხარა, მაგრამ ლატვიელებთან დავმარცხდით. ამდენი ხალხის წინაშე წაგებამ ჩვენზე ძალიან იმოქმედა და შეჯიბრება სასურველი შედეგით ვეღარ დავასრულეთ.

- შემდეგ იყო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი.
- 6 მატჩი მოვიგეთ, 3 წავაგეთ და B დივიზიონი მე-5 ადგილზე დავასრულეთ. 24 გუნდიდან ხუთეულში რომ მოხვდები, ურიგო მაჩვენებელი არ არის, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ცოტა დაგვაკლდა. საგზური ხომ საუკეთესო სამმა გუნდმა მიიღო.

- წლეულს უკვე 18-წლამდელებში გიწევს გამოსვლა.
- ამერიკაში სწორედ საამისოდ ვემზადები. ჭაბუკთა ნაკრებთან ერთად, რომელსაც გია კაზანჯიანი წვრთნის, აპრილში ამხანაგური ტურნირი გველის.

- ამერიკაში, ცხადია კოლეჯების ლიგაში თამაშზე ფიქრობ.
- რა თქმა უნდა. კალათბურთის პარალელურად ვემზადები "ჰაი სქულში" ჩასაბარებლადაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული