ფრაზები: ჟოზეს ხელს გავუწვდი, ჩამომართმევს თუ არა, მისი საქმეა

AutoSharing Option
გაინტერესებთ, როგორი გამრჯეა ფილ ნევილი "სახლის საქმეებში"? ვინ მიაჩნია ზლატან იბრაჰიმოვიჩს ღმერთად და ვისი უნდა სწამდეს კარლო ანჩელოტის? რაზე და ვისზე გაბრაზდა ლუკას პოდოლსკი და როგორ დასცინა პოლდის ლოთარ მათეუსმა? ისიც საინტერესოა, როგორ აფასებს ალესანდრო დელ პიერო კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის ან რას ამბობს იკერ კასილიასი ჟოზე მოურინიოზე. ამ ყველაფერს გამონათქვამების მორიგი კრებულიდან შეიტყობთ...

"სანამ 2012/13 წლების სეზონში ჩემპიონები გავხდებოდით, "ლიონთან" შეხვედრისთვის ვემზადებოდით. კარლო ანჩელოტი ცოტა დაძაბული იყო. იბრა მასთან მივიდა და ჰკითხა, ღმერთის თუ გჯერაო. ანჩელოტიმ უპასუხა, კიო.
"ძალიან კარგი, ესე იგი, ჩემი გჯერა, ამიტომ მოეშვი!". ზლატანი ასეთია, იგი ძალიან თავდაჯერებულია" - გაიხსენა იბრაჰიმოვიჩის მორიგი ოხუნჯობა მარკო ვერატიმ.

"დაუთოება? ო, არა. ისიც კი არ იცის, საუთოო მაგიდა სად გვაქვს ან უთო როგორ ირთვება. ყავის მოდუღების მისი პირველი მცდელობა რომ გენახათ... ამას ყავას არასოდეს დაარქმევდით. არ გამისინჯავს, მაგრამ კარგად ნამდვილად არ გამოიყურებოდა. მთელი მისი ნიჭი ფეხებშია" - ხუმრობით აღნიშნა ჯული ვენილმა მის მეუღლეზე, ფილზე საუბრისას.

"მას ჩემთვის არაფერი უთქვამს, არც დაურეკავს, არც დამმშვიდობებია. მისგან ყვავილები ან კოცნა არ მჭირდება. უბრალოდ, დამშვიდობების ამბავია, პატივისცემის. პატივისცემა ჩემთვის მნიშვნელოვანია" - განაცხადა ლუკას პოდოლსკიმ "ინტერში" გადასვლის მერე არსენ ვენგერზე. "ის "თვითერზე" უფრო მეტს წერს, ვიდრე თამაშობს" - ასე მწარედ წაკბინა ლოთარ მათეუსმა პოდოლსკის.

"ზოგიერთი ახალგაზრდა გადაფასებულია, მაგრამ არა ადნანი. გადავწყვიტე, ის პირველ გუნდთან ერთად ტურნეზე წამეყვანა. ის წარმატებას მოწყურებული და შემართულია. საკუთარ თავსაც აკონტროლებს და ზომიერად პატივმოყვარეა, არა ზედმეტად. ძალიან პოზიტიური ბიჭია, რომელიც თავისი ასაკისთვის საკმარისად დაღვინებულია. ძალიან ნიჭიერია და დაბალანსებული, დრიბლინგის უნარი აქვს. როდესაც ვუყურებ, როგორ აკონტროლებს ბურთს, მასში იოჰან კრუიფის თვისებებს ვხედავ" - ასეთი მაღალი წარმოდგენისაა დევიდ მოიესი ადნან იანუზაიზე.

ალესანდრო დელ პიერო: "კრიშტიანო რონალდოს პირადი სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია. ბევრი ითქვა მის "თანამედროვე ფეხბურთელობაზე", სტილზე. ეს ბიჭი არა მხოლოდ თანამედროვე ფეხბურთელია, არამედ მომავალიც არის. რაც შეეხება მესის, იგი კლასიკური 10 ნომერია. მახსოვს, ბრაზილიაში ბევრი ბავშვი ვნახე მისი მაისურით - ბრაზილიელ ახალგაზრდებსაც კი აცვიათ არგენტინელის ფორმა. მესი ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც საზღვრებს სცდება".

"მე ძალიან მომწონს როს ბარკლი. ვფიქრობ, მუხლის ოპერაციის შემდეგ ის კიდევ უფრო ძლიერი გახდა, თავდაჯერებული და მძლავრი. ასევე, შეუძლებელია, ვერ შენიშნო მისი ტექნიკური მონაცემები. იგი ძალიან ახალგაზრდა ბრაზილიელ რონალდოს მაგონებს, როდესაც ის "ბარსელონაში" იყო" - განაცხადა "მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფერნანდინიომ "ევერტონის" ტალანტზე, რომელზეც ბევრი ამბობს, ჩავარდნა აქვსო, მაგრამ ფერნანდინიო სხვა აზრზეა და ვინ იცის, ასე ბარკლის "სიტისკენაც" კი იტყუებს.

"კარლო ანჩელოტი ჟოზე მოურინიოზე უკეთესია. მოურინიოსთან სიყვარულ-სიძულვილის ტიპის ურთიერთობა მქონდა. როდესაც ის გუნდში იყო, ერთ ოთახში ყოფნისასაც არ ველაპარაკებოდი და არც ახლა ვთვლი ამას აუცილებლად. თუმცა, თუ ჩვენი გზები სადმე გადაიკვეთება, ხელს გავუწვდი. მასზე იქნება დამოკიდებული, გამომიწვდის თუ არა თავის ხელს, ვფიქრობ, ხელს ჩამომართმევს" - თქვა იკერ კასილიასმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული