ეს ტრანსფერები რომ შემდგარიყო - დაწუნებული ცნობილები

AutoSharing Option
აქ იმ ფეხბურთელებზე მოგითხრობთ, კონკრეტულ კლუბებში რომ გაითქვეს სახელი და არაერთი გუნდური თუ პერსონალური ჯილდო მოიხვეჭეს. არადა, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მათი კარიერა, ის ტრანსფერები რომ განხორციელებულიყო, რაზეც ამ წერილში გაიგებთ...

რონალდო
1994 წელს რონალდო მხოლოდ 17 წლის იყო, მაგრამ "კრუზეიროში" უკვე ისე თამაშობდა, რომ ბევრი სკაუტის ყურადღება მიიქცია. თუმცა, სანამ "ეინდჰოვენის" ბოსები შეამჩნევდნენ, პირველი, ვინც ევროპიდან ბრაზილიაში სპეციალურად მისი თამაშის სანახავად ჩავიდა, რალფ რანგნიკი გახლდათ - იმხანად "შტუტგარტის" 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი. გერმანიაში
დაბრუნების შემდეგ რანგნიკმა კლუბის პრეზიდენტის კაბინეტის კარი შეაღო და უთხრა: "ეს ბიჭი აუცილებლად უნდა ვიყიდოთ!"

"კრუზეირომ" რონალდოში 8 მილიონი მარკა მოითხოვა. "შტუტგარტის" პრეზიდენტს ეძვირა.
რონალდო: "შტუტგარტი" იყო პირველი კლუბი მთელ მსოფლიოში, რომელმაც ჩემი გადაბირების სურვილი ოფიციალურად გამოთქვა, მაგრამ გერმანელებმა 8 მილიონი არ გადაიხადეს".

რონალდინიო
იან კოლერი! ტომაშ როსიცკი! მარსიო ამოროზო! 2001 წელს დორტმუნდის "ბორუსიამ" სახელოვან ფეხბურთელებში ძალიან ბევრი, როგორც მერე გაირკვა, არაგონივრულად ბევრი ფული დახარჯა.

გადამხდელი დორტმუნდელები მაშინ "გრემიოსაც" მიადგნენ - "ვინმე" რონალდინიოთი იყვნენ დაინტერესებულები. თუმცა მაშინ პსჟ-მ უფრო მოინდომა და უნიჭიერესი ბრაზილიელი ხელში ჩაიგდო.

"ბორუსიაში" გადასვლა ნამეტანი იქნებოდა, შეიძლებოდა, ძირითად შემადგენლობაში ვერ მოვხვედრილიყავი," - ასე ახსნა რონალდინიომ ეს ნაბიჯი.

დავორ შუკერი
სანამ ლეგენდარულ ხორვატ თავდამსხმელ დავორ შუკერს მთელი საფეხბურთო სამყარო გაიცნობდა და დააფასებდა, მის შესაძლებლობებში ბრემენის "ვერდერის" იმჟამინდელი თავკაცი აად დე მოსი გახლდათ დარწმუნებული და სასტიკად სურდა შუკერის ბრემენში ჩაყვანა.

"ვერდერის" ვიცე-პრეზიდენტმა კლაუს-დიტერ ფიშერმა მას პირობა მისცა, რომ შუკერის გადასაბირებლად არც ძალ-ღონეს დაიშურებდა და არც ფულს, მაგრამ ხორვატმა ბრემენელები გაღიმებული დატოვა და "სევილიაში" კიდევ ერთი წლით დარჩა.

მოგვიანებით კი გაირკვა, რომ დავორი იმ დროს უკვე "რეალთან" შეთანხმებულიყო და როცა 1996 წელს შუკერმა მადრიდულ გრანდს მიაშურა, მოსი უკვე აღარ იყო "ვერდერის" თავკაცი.

მიკაელ ესიენი
2002 წლის ზაფხულში გერმანული კლუბის, "ვოლფსბურგის" ხელმძღვანელების უმთავრესი პრიორიტეტი ნახევარდაცვის გაძლიერება იყო. "მგლებს" პირველ რიგში ხეირიანი და ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველის შეძენა სურდათ.

"ვოლფსბურგის" სკაუტებმა ბოსებს იმხანად "ბასტიას" 19 წლის ჩამშლელის, მიკაელ ესიენის გასინჯვა ურჩიეს. ეს უკანასკნელი ვოლფსბურგში ჩავიდა და სინჯებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, მაგრამ ვოლფსბურგელებს ესიენი ეძვირათ და ტრანსფერზე უარი თქვეს.

ცნობისათვის, ესიენზე უარის თქმის შემდეგ, სულ რაღაც 1 მილიონით იაფად, "ვოლფსბურგმა" პაბლო ტიამი იყიდა...

ანდრეი შევჩენკო
გერმანიაში მომავალ სუპერვარსკვლავებზე დაკვირვების, მაგრამ საბოლოოდ მათზე უარის თქმის ყველაზე დიდი ნიჭი ბრემენის "ვერდერს" აქვს. "მუსიკოსების" შეფები ახლო წარსულში ისეთი ფეხბურთელების გადაბირებასთან იყვნენ ახლოს, როგორებიც გახლდნენ რივალდო, მიხაელ ბალაკი ან პეტრ ჩეხი. მაგრამ "ვერდერის" ბოსებმა ყველაზე მაგრად მაინც 1997 წელს მიჰქარეს.

მაშინ ბრემენელთა მენეჯერი ლემკე და მწვრთნელი ზიდკა კიევში ჩავიდნენ და "დინამოს" შეფები მოინახულეს. მათ იური მაქსიმოვი აინტერესებდათ. კიეველებმა კი მაქსიმოვთან ერთად გუნდის კიდევ ერთი ტალანტი, ანდრეი შევჩენკოც შესთავაზეს, მაგრამ ლემკე "არ დაიბნა", ზედმეტი არ დახარჯა და ბრემენში მხოლოდ მაქსიმოვთან ერთად დაბრუნდა.

მიშელ პლატინი
სანამ ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი მიშელ პლატინი ტურინის "იუვენტუსში" გადავიდოდა და სახელს საქვეყნოდ გაითქვამდა, ის გერმანიაში დაპატიჟეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: 19 წლის პლატინი, რომელიც იმხანად "ნანსიში" თამაშობდა, ძალიან ახლოს იყო გერმანულ "ზაარბრიუკენში" გადასვლასთან.

ეს გუნდი მაშინ (1976) ბუნდესლიგაში ახალი გადასული იყო და პლატინი იქ სინჯებზე იმყოფებოდა. მაგრამ მწვრთნელმა სლობოდან ჩენდიჩმა თქვა, ეს ბიჭი ძალიან სუსტია და არ გამოგვადგებაო, რის შემდეგაც პლატინი სახლში დაბრუნდა.

ალეშანდრე პატო
ბერლინის "ჰერტას" ყოფილი გენერალური მენეჯერი დიტერ ჰიონესი 2007 წელს 16 წლის ალეშანდრე პატოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან ჰიონესმა თქვა, ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მასში სამ მილიონს ნაღდად არ გადავიხდითო. ეს თანხა "მილანმა" გადაიხადა და 2011 წელს პატო უკვე 33 მილიონი ღირდა.

უდო ლატეკი
ისევ "ვერდერი": 1969/70 წლების სეზონში ბრემენელები ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებდნენ და გერმანიის საფეხბურთო კავშირში მათ ნიჭიერი სპეციალისტი უდო ლატეკი ურჩიეს. მაგრამ ბრემენული კლუბის ბოსებმა მასზე უარი თქვეს - ზედმეტად მაღალი ხელფასი მოითხოვაო.

სამწუხაროდ, "ვერდერის" ხელმძღვანელებმა ერთ ყურში შეუშვეს და მეორედან გამოუშვეს უდოს ნათქვამი იმის შესახებ, რომ დანიშვნის შემთხვევაში ის "ვერდერში" ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს, პაულ ბრაიტნერსა და ული ჰიონესს გადაიყვანდა. ლატეკის ნაცვლად "ვერდერში" მაშინ ფრიც რებელი დანიშნეს და 27 ტურის შემდეგ ისევ გაუშვეს - შედეგი არ ჰქონდა.

პელე
1964 წელს "ჰანოვერი" ბუნდესლიგაში გადავიდა და ჯეროვნად გაძლიერებაც გადაწყვიტა. ამ კლუბის ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებები გააჩაღეს პელესთან, რომელიც "სანტოსში" ბრწყინავდა.

"სანტოსის" ბოსები თანახმა იყვნენ, არც თავად პელე იყო წინააღმდეგი, მაგრამ ბრაზილიის ხელისუფლებამ მას საზღვარგარეთ გადასვლა აუკრძალა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული