დრიბლინგი: ბაბუ, ბაბუ, გახსოვს ის თამაში?

AutoSharing Option
იტალია
გეომეტრია იტალიურად
"იუვენტუსისა" და "მილანის" ჯახის შემდეგ ატეხილმა დისკუსიებმა ერთ დასკვნამდე მიგვიყვანა: ყველაფერთან ერთად, ფეხბურთი გეომეტრიაც ყოფილა.

"იუვემ" ის თამაში აბსოლუტურად დამსახურებულად - 3:1 მოიგო და თითქოს, სალაპარაკო აღარც არაფერი იყო, მაგრამ მილანელებმა მაინც "გაჭედეს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
უფრო სწორად, გაჭედა "როსონერის" შეფმა ადრიანო გალიანიმ. საქმე ეხებოდა მატჩის მე-14 წუთზე გატანილ ბურთს, რომელიც კარლოს ტევესმა შეასრულა. არგენტინელმა 40-მეტრიანი გარბენი დიეგო ლოპესის კარში მარტივად გატანილით დააგვირგვინა და სწორედ ამ გოლის გამო ატყდა სჯა-ბაასი: იყო თუ არა ტევესი თამაშგარე მდგომარეობაში?

გამეორებებზე და წარმოსახვითი
ხაზების მიხედვით ჩანდა, რომ გოლი უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ "მილანის" გენ-მენეჯერ გალიანის არაფრის გაგონება არ სურდა. "იუვენტუსი" ერთადერთი კლუბია იტალიის ჩემპიონატში, რომელიც ვიდეოკადრებს თვითონ ქმნის. ჩვენი ლიგის მომდევნო სხდომაზე ამ თემაზე ძალიან ბევრს ვილაპარაკებ! ხაზები არასდროს არაა პარალელური!" - გაჰკიოდა გალიანი.

ტურინელებმა "მილანის" ბოსის რეპლიკა უპასუხოდ, რა თქმა უნდა, არ დატოვეს: "სინიორ გალიანი პროფესიით აზომვითი ტექნიკის სპეციალისტია და ძალიან დიდხანს იყო სატელევიზიო ბიზნესშიც. ამიტომ ადრიანო ამ საკითხებში უკეთ უნდა ერკვეოდეს!" - კბილებში გამოსცრეს "იუვენტუსის" შეფებმა.

ცხადი იყო, რომ გალიანი ასე მარტივად არ დანებდებოდა და აი, მისი პასუხიც: "ტურინელთა თავხედობას საზღვარი არ აქვს და ამით ისინი თავიანთ იმიჯს უდიდეს ზიანს აყენებენ!"

არადა, გალიანი მართლაც აზომვითი ტექნიკის სპეციალისტია და ამასაც რომ თავი დავანებოთ, "იუვენტუსის" სტადიონზე რეჟისორები მთელი ლიგის მიერაა არჩეული და სხვათა შორის, "სქაი სპორტსის" გარდა, მათ შორის ბერლუსკონის ტელეკომპანია "მედიასეტის" რეჟისორებიც იყვნენ და ამ არხმაც ასეთი დასკვნა დადო: ტევესი თამაშგარე მდგომარეობაში არ ყოფილა.

სხვა საქმეა ის, რომ გალიანის დაავიწყდა (ან განგებ დაივიწყა) ალექსის ისეთი შეცდომა, მარტო კლოუნს რომ მოუვიდოდა და დავიწყებული აქვს ის ფაქტიც, რომ ესიენი და მუნტარი უკვე თავიანთი თავის აჩრდილები არიან.

"პარმას" თავანი 15 მილიონია
იტალიაში კლუბების გაუბედურების შესახებ ბევრი რამ გსმენიათ, მაგრამ ეს შემთხვევაც განსაკუთრებულია: მიმდინარე სეზონში "პარმა" ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა დაეცეს ერთ დროს ძალიან ამბიციური და წარმატებული კლუბი ქვესკნელამდე.

ორი თვის წინ "პარმა" ახალმა მფლობელმა, ნავთობ-მაგნატმა რეზარტ ტაჩიმ შეიძინა და ზუსტად ორი თვის შემდეგ ალბანელმა ეს იტალიური კლუბი ისევ გაყიდა. თანაც, მიჰყიდა ისეთი ფირმის შეფს, რომელსაც მთავარი ოფისი სლოვენიაში აქვს.

ამბობენ, რომ ეს ტიპი "გაზპრომთან" დაახლოებული პირია. თუმცა ახლა უკვე ეს უკანასკნელიც წუწუნებს: არ მეგონა, თუ კლუბის ფინანსური მდგომარეობა ასეთი გასაზიზღრებული იყოო.

არ ეგონა... როგორც ჩანს, არ ასწავლეს, რომ სანამ რამეს შეიძენს, მით უმეტეს, ასეთ ძვირფას რამეს, კარგადაც უნდა შეამოწმოს.

ასეა თუ ისე, ფაქტი ის გახლავთ, რომ 15 თებერვლამდე "პარმას" ზუსტად 15 მილიონი ევრო სჭირდება იმისათვის, რომ 6 თვის (!) სახელფასო დავალიანება გაისტუმროს და გადასახადებიც გადაიხადოს.

100 000 ევრო
თუ როგორ უნდა ხარჯო ფული ფეხბურთში, ამის შესახებ რჩევისთვის ამიერიდან ყველამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას უნდა მიმართოს. არადა, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია არც ისე მდიდარია - ყოველ შემთხვევაში, როცა "სკუადრა აძურას" მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს ნიშნავდნენ, მისი ჯამაგირის ნახევრის გადახდას "პუმას" ეხვეწებოდნენ.

როგორც გაირკვა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ფული სულ სხვა, გაცილებით სერიოზული და გონივრული რამისთვის დაზოგა: ფედერაციამ 100 000 ევრო დახარჯა იმისათვის, რომ წიგნის "მე თქვენ მოგიყვებით ფეხბურთზე" 20 000 ეგზემპლარი შეეძინა. წიგნის ავტორს არ იკითხავთ? იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო!

ვერაფერს იტყვი, სამაგალითო გადაწყვეტილებაა! ეს ხომ ის წიგნია, რომელიც ყველა თაროს უნდა ამშვენებდეს.

ინგლისი
60-იანელი ბაბუ
წარმოიდგინეთ, რომ ხართ ჟურნალისტი და მერსისაიდული დერბის წინ რედაქტორმა დაგავალათ, ლივერპულის ქუჩები მოიაროთ და "ლივერპულისა" და "ევერტონის" გულშემატკივრები ჩაწეროთ. ერთი შეხედვით, მარტივი საქმეა და წინასწარ იცი, რასაც იტყვიან ფანები: "ლივერპულის დედაც!" "ევერტონის დედაც!" "სტივი ჯის ბოლო დერბის ჩავუმწარებთ!" "ჯერარდი ბოლო დერბიდან თავაწეული გამოვა!" და ა.შ.

თუ სადმე რომელიმე კლუბის ატრიბუტიკაში გამოწყობილ მოხუც კაცს გადააწყდი, ხომ მთლად უკეთესი. მოიმარჯვებ მიკროფონს და ასეთი კითხვით მიმართავ: “ბაბუ, ბაბუ, გახსოვს 1967 წლის დერბი "გუდისონ პარკზე"? ასოციაციის თასის მეხუთე ეტაპზე რომ შეხვდნენ ერთმანეთს - მაგარი თამაში იყო, არა?"

BBC-ის რეპორტიორმა სწორედ ასეთი კითხვით მიმართა მოხუცს, რომელსაც სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. ჟურნალისტიც და მაყურებლებიც მალევე მიხვდნენ, რომ ამ მოხუცს ის თამაში, დიახაც, ძალიან კარგად ახსოვდა.

ჩვენი ბრიტანელი კოლეგა ელოდა, რომ ბაბუ თავის სიტყვას ასე გააგრძელებდა: "18 და-ძმა მყავდა და 181 ბიძაშვილი. ერთად ვისხედით სარდაფში და მატჩის რეპორტაჟს რადიოში ვუსმენდით..."

ნამდვილად რომანტიკული კომენტარი იქნებოდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, რადგან ბაბუმ თქვა: "რა თქმა უნდა, ეს თამაში კარგად მახსოვს. მე თვითონ ვთამაშობდი!" - მერე უფრო ეშმაკურად ჩაიცინა და დაამატა: "მე "ლივერპულის" მეკარე ვიყავი".

როგორც გაირკვა, BBC-ის რეპორტიორი "ლივერპულის" ქომაგებისთვის ერთ-ერთ უსაყვარლეს პიროვნებას, თვით ტომი ლოურენსს ესაუბრებოდა...

ასუ-ეკოტო და ლენონი
ყველამ იცის, რომ ბენუა ასუ-ეკოტო პრემიერლიგის ფეხბურთელის წოდებას არ იმსახურებს. ამას წინათ კამერუნელმა თავისი კომენტარით საფეხბურთო ინგლისს, ფაქტობრივად, შეურაცხყოფა მიაყენა - როცა თქვა, ფეხბურთს მხოლოდ და მხოლოდ ფულისთვის ვთამაშობო.

აქედან გამომდინარე, არც ის გვიკვირს, რომ ბოლო დროს ამ ტიპს მოედანზე იშვიათად ვხედავთ.

2013/14 წლების სეზონში მეორე ლიგაში იყო განათხოვრებული, ამ სეზონში კი "ტოტენჰემის" ფორმით ერთი თამაშიც კი არ ჩაუტარებია. მის კონტრაქტში კი შავით თეთრზე ეწერა, რომ კვირაში 40 000 ფუნტი ეკუთვნოდა და ამ ფულს იღებდა კიდეც.

ახლა კი, როგორც იქნა, "ტოტენჰემის" შეფებიც მიხვდნენ, რომ ეს წყალში გადაყრილი ფული იყო, ასუ-ეკოტოს კონტრაქტი გაუწყვიტეს და კარისკენ მიუთითეს...

ვინც ახლა იფიქრა, რომ ამ ამბავმა 30 წლის კამერუნელი ძალიან გაანაწყენა, ან სულაც დეპრესიაში ჩააგდო, მწარედ ცდება. გავრცელდა თუ არა ცნობა მისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ასუ-ეკოტომ "თვითერზე" სასწრაფოდ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც აისის ფონზე ბანაობის პროცესში ერთი პერსონა ჩანს და ამ ფოტოს დააწერა FREEDOM ("თავისუფლება").

ასევე მოიქცა "ინსტაგრამზეც", ოღონდ იქ უფრო შორს წავიდა და უილიამ უოლასის "ფოტო" გამოაქვეყნა, სადაც ასევე FREEDOM დააწერა.

აქვე უნდა ვახსენოთ აარონ ლენონიც, რომელიც წინა კვირაში ასევე სამაგალითო ხასიათზე იყო. პრესისა და ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუებში გაიძახოდა, უბედნიერესი ვარ, "ევერტონში" რომ გადმოვედიო, რასაც მისი პრეზენტაციის ფოტოები "ასი პროცენტით" ამტკიცებს...

ესპანეთი
მადრიდული დერბის შესახებ
ვისაც ეს თამაში ან მისი მიმოხილვა მაინც არ უნახავს, დაჯერება მართლაც გაუჭირდება. 4:0, ოთხით ნული! - ასე შეურაცხყო "ატლეტიკომ" "რეალი" და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "სამეფო გუნდის" ნამდვილ რისხვად ყალიბდება.

ეს იყო მარცხი, რომელმაც მთელი "რეალი" და მისი ფანობა შეძრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ფაქტია, რომ კარლო ანჩელოტის თავის უდიდეს სამწვრთნელო კარიერაში ამაზე მძიმე მარცხი არ უწვნევია, თავად "რეალისთვის" კი ეს ყველაზე მტკივნეული წაგებაა "ბარსასთან" 2010 წელს 0:5-ზე განადგურების შემდეგ.

"რეალის" ფეხბურთელებმა ისიც "მოახერხეს", რომ პირველ ტაიმში "ატლეტიკოს" კარში ერთხელაც არ დაურტყამთ.

რა გასაკვირია, რომ საფეხბურთო ესპანეთი "რეალის" კრიზისზე ალაპარაკდა. საქმე იმაშიცაა, რომ "ბარსელონასთან" და "ატლეტიკოსთან" ბოლო 7 დუელიდან "რეალმა" მხოლოდ ერთი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, 5-ში დამარცხდა და 16 გოლი გაუშვა.

"ატლეტიკოს" ფანებს კი ამ დროს მეტოქის გვემა არ ესწავლებათ და ხმაშეწყობილად, ძალიან დიდხანს სკანდირებდნენ: "იკერ, იკერ"...

კრიშტიანო
თუმცა, მოდი, "რეალის" ამბებს მთლად ასეთ შავ ფერებშიც ნუ დავხატავთ. როგორც ჩანს, ეს წაგება თავად "რეალის" ფეხბურთელებისთვის სულაც არ იყო გულისამაჩუყებელი: ფაქტია, რომ იმ საღამოს კრიშტიანო რონალდომ თანაგუნდელებთან ერთად, მადრიდის საუკეთესო დისკოთეკაზე მოულხინა - პორტუგალიელმა 30-ე დაბადების დღე აღნიშნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გერმანია
როისის ფული შეაგროვეს?
ჩვენც არ გვიყვარს და ვერ ვუსმენთ ხოლმე ისეთი ტიპებს, ყველასა და ყველაფერში ეჭვი რომ ეპარებათ, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ მოსაზრებას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს.

დორტმუნდის "ბორუსია" რა დღეშიცაა, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებთ, ისედაც გეცოდინებათ. საქმე ისაა, რომ ამდენი მოულოდნელზე მოულოდნელი წარუმატებლობების შემდეგ იურგენ კლოპის გუნდმა, როგორც იქნა, მოიგო. შესაბამისად, ბევრმა "ეჭვიანმა" თქვა, ალბათ, უკვე იშოვეს იმდენი, რამდენიც სჭირდებოდათ და ახლა ათამაშდნენო.

რა იშოვეს და როგორ, ამაზე მსჯელობა იქით იყოს, ფაქტი კი ის არის, რომ როგორც კი "დორტმუნდის" ქრონიკული და უცნაურზე უცნაური წარუმატებლობები შეწყდა, კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მარკო როისი გუნდში რჩება - ლიდერმა კონტრაქტი 2019 წლამდე გააგრძელა.

"იმ" ლოგიკით, დორტმუნდელები ფულს როისის კონტრაქტისთვის აგროვებდნენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული