დრიბლინგი: მშვენიერი ლაია, მასიმო და მისთანები

AutoSharing Option
იტალია
მილიონები, მილიონები...
ორშაბათს იტალიის სუპერთასი ცხრა მთას იქით, ყატარში გათამაშდა. "იუვენტუსმა" და "ნაპოლიმ" ყატარულ პუბლიკას შესანიშნავი შოუ უჩვენეს და ჯიბეებიც ოდნავ, მაგრამ მაინც გაისქელეს.

ის კანონზომიერება, რომ იტალიის სუპერთასი იტალიაში უნდა თამაშდებოდეს, დიდი ხანია, აღარავის ახსოვს - ლიბიის, აშშ-ის და ჩინეთის შემდეგ სუპერთასისთვის დუელი უკვე მეშვიდედ ჩატარდა იტალიის საზღვრებს გარეთ.

ის ფაქტი, რომ ტურინელი და ნეაპოლელი ტიფოზები დოჰაში გამგზავრებას ვერ მოახერხებდნენ, კლუბების ხელმძღვანელებს ფეხებზე ჰკიდიათ - მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულმა გუნდმა ამ გასტროლებისთვის 1.5 მილიონი ევრო ჩაიჯიბა. პლუს
ფრენისა და, რაღა თქმა უნდა, ყატარში ყოფნის ხარჯებიც ანაზღაურებულ იქნა.

"რამდენიმე მილიონად გაყიდული ტრადიცია", - ეწერა ნეაპოლში გადმოფენილ პლაკატზე უკანასკნელ საშინაო მატჩში. ზოგადად, ნეაპოლელი ტიფოზები ძალიან განაწყენებულები არიან. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამბობს, "ნაპოლის" წელიწადში დამატებით 150 მილიონი ევრო მაინც სჭირდება იმისათვის, რომ იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძოლოს და ევროპაშიც დაიქუხოსო.

"ჩვენს კლუბს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 7 მილიონი ქომაგი ჰყავს. ნუთუ ამ 7 მილიონიდან ვერ გამოიძებნება თუნდაც 150 000 ისეთი ფანი, რომლებიც კლუბს 1000-1000 ევროს მაინც გადმოურიცხავენ? ეს ხომ არაა უდიდესი თანხა?” - დიახ, ეს სიტყვები სწორედ "ნაპოლის" ბოსს ეკუთვნის.

ვიღაც-ვიღაცებმა შეიძლება მართლაც შესწირონ საკუთარი ფული "ნაპოლის", მაგრამ არამც და არამც არ გადაურიცხავენ დე ლაურენტისს, რომელიც თავად მილიონერია და ბევერლი ჰილსს ზედმეტად ხშირად სტუმრობს ხოლმე.

ჩვენ სხვა კითხვას დავსვამთ: ნუთუ არ შეეძლო დე ლაურენტისს, რომ რამდენიმე ფანი ყატარში წაეყვანა - ეს ხომ დიდი თანხა არ დაუჯდებოდა?

გამორიცხული არაა, რომ "ნაპოლის" შეფს ყატარში ეპოვა ვინმე ისეთი, ვინც კლუბში 150-მილიონიან ინვესტიციაზე სერიოზულად დაფიქრდება.

ფერერო ტოჰირის წინააღმდეგ
გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა: ხანდახან იტალიაშიც ხდება ხოლმე ისე, რომ სასამართლოს წინაშე ყველა თანასწორია. აი, მაგალითად, გენუის "სამპდორიას" პრეზიდენტი მასიმო ფერერო სამთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს იმის გამო, რომ მილანის "ინტერის" ინდონეზიელ პრეზიდენტ ერიკ ტოჰირს "ლილიპუტი ფილიპინელი" უწოდა.

დრიბლინგის მკითხველებმა ამ ისტორიის გაგრძელებაც იცით და გეხსომებათ, რომ მასიმომ ბოდიშივით მოიხადა, საიდან და რატომ უნდა ვიცოდე, რომ სინამდვილეში ინდონეზიელიაო, მაგრამ არ აპატიეს.

მოგვიანებით ფერერომ ინტერნეტში გამოაქვეყნა მაისურის ფოტო და დაწერა: "ტოჰირ, ახლა ამ მაისურს ვინ გამიუთოებს?"

ცნობისათვის: იტალიაში ძალიან ბევრი ფილიპინელი მუშაობს მოსამსახურედ.

ქვეტექსტები იტალიურად
ფლორენციის "ფიორენტინას" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ჟურნალისტებს შესჩივლა:

"ჩვენმა მფლობელმა მითხრა, ზამთარში ყველაფერს გავაუმჯობესებო. შესაძლოა, მან მართლაც შემადგენლობის გაძლიერება იგულისხმა, მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ ჩემი გათავისუფლება და ახალი მწვრთნელის მოყვანა უნდა."

ვნახოთ.

ინგლისი
მეგობრობა მანჩესტერში
"მანჩესტერ იუნაიტედს" ერთ მუშტად შეკრულობა აკლიაო, ამბობენ ხოლმე ამ ბოლო დროს. მანკუნიანელებს უნდოდათ, დაემტკიცებინათ, რომ ეს თითიდან გამოწოვილი და ყურით მოთრეული მოსაზრებაა და გადაწყვიტეს, ინტერნეტში ქომაგების კითხვები შეეგროვებინათ, რომლებსაც შემდეგ "იუნაიტედის" ფეხბურთელები ლაივში უპასუხებდნენ.

კითხვაზე, ვის აქვს გუნდში საუკეთესო ვარცხნილობა, ფეხბურთელების უმრავლესობამ, რა თქმა უნდა, ასეთი პასუხი გასცა: "Big Felli-ს!"

ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ფელაინის ვარცხნილობა არ აღიარა, ახალგაზრდა ჯეიმს უილსონი გახლდათ, რომელმაც თქვა, ყველაზე მეტად რადამელ ფალკაოს ლამაზი და რბილი თმები მომწონსო.

ბოლოს ეშლი იანგმა დარენ ფლეტჩერს ჰკითხა, ჩემი რომელი მოძრაობა მოგწონს ყველაზე მეტადო, რაზეც ფლეტჩერმა მოწიწებით მიუგო: "ის, როცა ერთი მოძრაობით მეტოქეს აგრძნობინებ, რომ ფლანგზე უნდა გაიქცე და სინამდვილეში ცენტრისკენ იწევ ხოლმე".

ბედნიერი იანგი თავის ქნევას მოჰყვა, მაგრამ ფლეტჩერმა იქვე დასძინა: "სიმართლე გითხრა, შენი სიმულანტობები უნდა მეთქვა, მაგრამ მილიონობით ადამიანი გვისმენს და დაგინდე!"

რას იზამ, ეშლი, ეგრეა.
Anything else?
ყვითელ პრესაში რომ ათასი სისულელე იწერება, არახალია, მაგრამ ეს მაინც ნამეტანი იყო.

დარწმუნებული ვარ, დრიბლინგის ერთგული მკითხველები ამას ისედაც ხვდებოდნენ, მაგრამ ახლა უკვე რეალობაა ის, რომ მოდელი ლაია გრასი "არსენალის" თავდამსხმელ ალექსის სანჩესს მართლა დაშორდა!

მიზეზი გაინტერესებთ? რა იდიოტური კითხვაა - რა თქმა უნდა, გაინტერესებთ! ნუთუ შეიძლება, რომ ვინმეს არ აინტერესებდეს, რატომ დაშორდა მშვენიერი ლაია ალექსისს?!

სანჩესი ლაიას ლოგინში ვერ აკმაყოფილებდაო, წერენ ინგლისური ტაბლოიდები.

Merry Christmas everyone!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული