კვირა ციფრებში: ფინალი, სარეკორდო თანხა და ფრანგული კოლექცია

AutoSharing Option
დღევანდელ კვირის მიმოხილვაში "ატლეტიკო მინეიროს", საფრანგეთის 20-წლამდელთა და შვედეთის ქალთა ნაკრების წარმატებებზე, ედინსონ კავანიში გადახდილ სარეკორდი თანხასა და კრის ვონდოლოვსკის მიღწევაზე ვისაუბრებთ...

105 - წელი არის გასული "ატლეტიკო მინეიროს" დაარსებიდან და ბრაზილიურმა კლუბმა ლიბერტადორესის თასის ფინალში პირველად 18 ივლისს, გამთენიისას ითამაშა. ფინალში "ატლეტიკოს" მეტოქე თასის 3-გზის მფლობელი ასუნსიონის "ოლიმპიაა".

გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება რონალდინიოს კლუბმა "ნიუელს ოლდ ბოისთან", 11-მეტრიანებით მოგებულ შეხვედრაში მოიპოვა. გადამწყვეტი პენალტი რონალდინიომ გაიტანა, რომელსაც კლუბის ფინალში გასვლაში უდიდესი წვლილი მიუძღვის - რონიმ 12 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა
და 8 საგოლე პასი გააკეთა.

"ბარსელონას" და "მილანის" ყოფილ ფეხბურთელს აქვს შანსი, გახდეს მხოლოდ მე-6 ფეხბურთელი, რომელსაც კარიერის განმავლობაში მოგებული ექნება როგორც ლიბერტადორესის თასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა. ორივე ტიტული კაფუს, დიდას, როკე ჟუნიორს, ვალტერ სამუელს და კარლოს ტევესს აქვთ მოგებული.

64 - მილიონი ევრო გადაუხადა ედინსონ კავანის სანაცვლოდ "პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლის" და ლიგა 1-ის სატრანსფერო რეკორდი დაამყარა. არადა, მხოლოდ რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც "მონაკომ" რადამელ ფალკაოს ნაცვლად 60 მილიონი ევრო გადაიხადა.

კავანი, რომელმაც შარშან იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა, ისტორიაში მეხუთე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა. მასზე წინ მხოლოდ კრიშტიანო რონალდო (94 მილიონი ევრო), ზინედინ ზიდანი (73,5 მილიონი ევრო), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (69,5 მილიონი ევრო) და კაკა (65 მილიონი ევრო) არიან.

9 - მსოფლიო და ევროპული ტიტული აქვს მოგებული საფრანგეთის კაცთა ნაკრებს მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის 20-წლამდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე იმარჯვეს. "სამფეროვნებს" ახლა მოგებული აქვთ: მსოფლიოს ჩემპიონატი, კონფედერაციათა თასი, ოლიმპიური ტურნირი, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი, 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და იგივე ტურნირი სამივე - 21 წლამდე, 19 წლამდე და 17 წლამდე კატეგორიაში. მსგავსი მიღწევა სხვა არც ერთი ნაკრებს არ აქვს.

საფრანგეთის 20-წლამდელთა გამარჯვებით, ასევე, დასრულდა 14-წლიანი პერიოდი, რომლის დროსაც ევროპული გუნდები მუნდიალს ვერ იგებდნენ. წინა 6 გათამაშებიდან 5 სამხრეთამერიკულმა გუნდებმა მოიგეს და მათი ჰეგემონია მხოლოდ განამ დაამხო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი 2009 წელს გახდა.

5 - გოლი კონკაკაფის "ოქროს თასის" ორ შეხვედრაში - კრის ვონდოლოვსკიმ აშშ-ის რეკორდი დაამყარა. ამ ტურნირის ერთ გათამაშებაში 5 ან მეტი გოლი აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელს აქამდე არ გაეტანა. "სან ხოსე ერთქვეიქსის" ფორვარდმა ბელიზთან შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა, კუბასთან მატჩში კი 2 გოლი გაიტანა.

თავი გამოიჩინა ლენდონ დონოვანმაც, ვისაც ნაკრებში უკვე 53 გოლი აქვს გატანილი (147 შეხვედრაში). ამის წყალობით, დონოვანი ყველა დროის სანაკრებო ბომბარდირთა სიაში 32-ე ადგილზე გადავიდა. რაც შეეხება გამარჯვებებს, აშშ-ის კაპიტანმა ეროვნულ გუნდში 83-ე მატჩი მოიგო და მე-12 ადგილამდე აღზევდა - ანალოგიური შედეგი რობერტო კარლოსს და ხავიერ ძანეტის აქვთ.

5 - უპასუხო გოლი ფინეთის ნაკრების კარში - შვედეთის ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატების რეკორდი გაიმეორა. ამ შეხვედრაში ტურნირის მასპინძელთა მხრიდან ორი გოლი ნილა ფიშერმა გაიტანა. ტანმაღალმა მცველმა თავის გამოჩენა პირველ შეხვედრაშიც შეძლო და 28 წლის ფეხბურთელი, თანაგუნდელ ლოტა შელინთან ერთად, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირთა დავის ლიდერია.

ზეიმის საბაბი ესპანელებსაც ჰქონდათ. პირინეელებმა ევროპის ჩემპიონატზე 16-წლიანი მოუგებელი სვლა შეწყვიტეს და ინგლისს 3:2 მოუგეს. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და გადამწყვეტი გოლი ესპანელებმა 93-ე წუთზე გაიტანეს - ისტორიული ბურთი ალექსია პუტელასის ანგარიშზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: წითლები, სერიები და რეგიონალური სიამაყე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული