"რივერ პლეიტი" ლიბერტადორესის თასის მფლობელია

AutoSharing Option
"რივერ პლეიტმა" დიდი ხნის ოცნება აიხდინა და ლიბერტადორესის თასი ისევ, მესამედ მოიგო.

არგენტინულ გრანდს ჩემპიონთა ლიგის სამხრეთამერიკულ ვარიაციაში ტრიუმფის გემო 1996 წლის მერე ჰქონდა დავიწყებული (პირველად 1986 წელს მოიგო).

მაშინ მარსელო გალიარდო "რივერის" ფეხბურთელი გახლდათ, ახლა კი მწვრთნელის რანგში მიიყვანა სანუკვარ გამარჯვებამდე. შესაბამისად, "რივერ პლეიტმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშიც გაინაღდა.

"მონუმენტალზე" ისეთი ატმოსფერო გახლდათ, ძნელი წარმოსადგენი იყო, მატჩი სხვა სცენარით განვითარებულიყო. "რივერი", უბრალოდ, ვერ გააწბილებდა თავის ფანებს, ამის უფლება არ ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი უგოლოდ იყო დასრულებული, აი, საპასუხო
შეხვედრაში კი ინტრიგამ 75-ე წუთამდე გასტანა. "რივერი" გუნდის "ოქროს შენაძენმა", 22 წლის ლუკას ალარიომ დააწინაურა.

იგი კლუბმა ივლისში "კოლონიდან" იყიდა და აშკარაა, რომ სანანებლად საქმე არ ექნება. ბრაზილიელი რიკარდო ფერეტის ხელმძღვანელობით მოთამაშე "ტიგრესი" იბრძოდა, ომობდა... ამას ვერ წაართმევ, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდიოდა. მატჩი დაძაბული და ჩაკეტილი გახლდათ. 75-ეზე კი რივერელებმა პენალტით მეორე გაიტანეს, რასაც მალევე მესამე მიაყოლეს და...

"საოცრად ბედნიერი ვარ, პირველ რიგში, ფანების გამო, რომლებიც იმსახურებენ ამ ზეიმს. ახლა მეტი გვინდა და სხვა ტურნირებში წარმატებებზე ვიფიქრებთ და ვიბრძოლებთ ამისთვის" - განაცხადა გალიარდომ.

"რივერის" ნახევარმცველი ლეონარდო პონსიო: "ამ კლუბის ისტორია სწორედ ასეთი ტიტულებისთვის ბრძოლაა და მოხარული ვარ, რომ ჩვენი მისია შევასრულეთ. დიდ წარმატებას მივაღწიეთ".

"მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა და შეუძლია, ტიტულით დატკბეს. ცხოვრება გრძელდება" - თქვა "ტირესის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რაფაელ სობისმა, რომელსაც წარსულში ლიბერტადორესის თასი "ინტერნასიონალთან" ერთად ორჯერ აქვს მოგებული.

რივერ პლეიტი (არგენტინა)-ტიგრესი (მექსიკა) 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 ალარიო (22), 2:0 კ. სანჩესი (75-პენ.), 3:0 რამირო ფუნეს მორი (79)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული