არც მესი და არც ნეიმარი - კოპა ამერიკის მოულოდნელი გმირები

AutoSharing Option
ფოტოზე: ედუარდო ვარგასი
ცოტა ხნის წინათ კოპა ამერიკა დასრულდა. ცხელი ზაფხული სამხრეთ ამერიკამ ტრადიციული ტემპერამენტით, ემოციებითა და მშვენიერი ფეხბურთით გაგვილამაზა და ახალი სეზონის დაწყებამდე, უფეხბურთობა არ გვაგრძნობინა.

სანამ ჩვენ იმაზე ვფიქრობდით და ვბჭობდით, როგორ მოაგებინებდა ლიონელ მესი არგენტინას, რამდენ გოლს გაიტანდა სერხიო აგუერო, რას იზამდა ნეიმარისა და კარლოს დუნგას ბრაზილია, რას შემოგვთავაზებდნენ ხამეს როდრიგესი და კომპანია, მოახერხებდა თუ არა მასპინძელი ჩილე, არტურო ვიდალისა და ალექსის სანჩესის თამადობით, ტრიუმფს და ასე შემდეგ, კოპა ამერიკაზე სულ სხვა ვარსკვლავებიც გამოჩნდნენ, რომლებისგანაც ნაკლებად ელოდა
ფეხბურთის გურმანი რაიმე განსაკუთრებულს.

"ქუინზ პარკის" დაწუნებული
მართლაც უცნაურია, ზოგჯერ როგორ უჭირს ამა თუ იმ ნიჭიერ ფეხბურთელს საკლუბო კარიერის აწყობა და საკლუბო დონეზე პოტენციალის გამოვლენა. სამაგიეროდ, რამდენად შეუდარებელნი არიან ისინი ნაკრებებში!

ამის ერთ-ერთი ნათელი და ცხელ-ცხელი მაგალითი 25 წლის ედუარდო ვარგასია.

მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა 2011-ში, როდესაც "უნივერსიდად დე ჩილეს" პირველი საერთაშორისო ტიტული მოაგებინა - კოპა სუდამერიკანა. თავად 11 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და წლის ჩელელ ფეხბურთელადაც დაასახელეს. ამას მოჰყვა ტრანსფერი "ნაპოლიში", სადაც ვერ დამკვიდრდა და გაანათხოვრეს "გრემიოსა" და "ვალენსიაში", რის მერეც ვარგასი "ქუინზ პარკ რეინჯერსმა" იყიდა.

ედუ ვარგასმა პრემიერლიგაში ერთი-ორი კარგი მატჩი კი ჩაატარა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მაინც ვერ დამკვიდრდა და ისეთი ნდობა და სტატუსი ვერ მოიპოვა, როგორიც სურდა. არადა, ნდობა ედუსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც ენდობიან, ნებისმიერი მეტოქის გამწარება ძალუძს.

აგერ კოპა ამერიკაზეც სათადარიგოს სტატუსით დაიწყო, ეკვადორთან მატჩში შეცვლაზე შევიდა და გოლიც გაიტანა. ამის მერე, ხორხე სამპაოლი მას ენდო და არც შემცდარა.

ვარგასი მინდორზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ჩილეს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ის კოპა ამერიკას თანაბომბარდირი გახდა.

"ქუინზ პარკის" დაწუნებული II
მაურისიო ისლა შესანიშნავი იყო "უდინეზეში", მაგრამ ტურინის "იუვენტუსში" რაღაც არ აეწყო. მან "ბებერი ქალბატონიდან" ქპრ-ში ამოჰყო თავი და მისი თანამემმულის ვარგასის არ იყოს, ინგლისის ჩემპიონატის აუტსაიდერს თავი ვერ მოაწონა.

Sportall.Ge
ფოტოზე: მაურისიო ისლა
ჩილეს ნაკრების უნივერსალურობისა და მობილურობის ერთ-ერთი სახე სწორედ ისლა გახლდათ, რომელიც წამით არ ისვენებდა. 

მან ლომის წილი დაიდო თავისი ქვეყნის გაჩემპიონებაში: მეოთხედფინალში ურუგვაის სკანდალურ მატჩში გაუტანა, როდესაც პენალტების სერიამდე დაახლოებით 10 წუთი რჩებოდა და ვინ იცის, იქ, რა მოხდებოდა. 27 წლის ისლამ დაამტკიცა, რომ ისევ ბევრი შეუძლია და მისი ჩამოწერა ჯერ ძალიან ადრეა.

მარგალიტი კოლუმბიიდან
მილანის "ინტერმა" კოპა ამერიკის დაწყების წინ ჯეისონ მურილიო შეიძინა. "ნერაძურის" ალბათ, ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინა, როგორი "საგანძური" შეხვდა და იტალიურ გუნდს გაუმართლა იმაში, რომ 23 წლის მოთამაშე ამ ტურნირის დაწყებამდე გაიფორმა, თორემ შემდეგ ბევრი კონკურენტი ეყოლებოდა.

მურილიო ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და კოლუმბიელთა უკვე ვარსკვლავურ ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა გახლდათ. ცენტრალურმა მცველმა ტაქტიკური განსწავლულობა გამოიჩინა, დაგვანახა, რომ მოედნის ბრწყინვალე ხედვა აქვს, ორთაბრძოლებში საიმედო და ძალიან შემართულია. მან შეტევაშიც იაქტიურა და ბრაზილიას გამარჯვების გოლი გაუტანა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ჯეისონ მურილიო
ერთ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, მურილიო სრულყოფილი იყო, და როგორც ჩანს, ძველი ლიდერის, მარიო იეპესის წასვლის მერე, კოლუმბიელებს დიდი ლოდინი არ მოუწევთ ახალი დაცვის ბურჯის აღმოსაჩენად.

მურილიო ევროპაში პირველად 2010 წელს გამოჩნდა, როდესაც "უდინეზემ" დაიმატა და იქიდან უდინელთა "მეგობარ გუნდში", "გრანადაში გადაბარგდა.

"ინტერის" მესვეურებმა მისი პროგრესი და ტალანტი სხვებზე ადრე შეამჩნიეს და ახლა ისღა დაგვრჩენია ვნახოთ, რას იზამს ჯეისონი მილანელთა რიგებში.

ფრთხილად, ფლანგზე ავი ადვინკულაა
ფლანგის ნახევარმცველებისა თუ მცველების შეტავაში აქტიური, აგრესიული ჩართვების ბუმმა თითქოს, გადაიარა და ახალს ვეღარაფერს ვნახავთ, მაგრამ ლუის ადვინკულამ დაამტკიცა, რომ მთლად ასეც არაა საქმე.

"ჰოფენჰაიმის" დაუღალავ, ფრთის პერუელ მეომარს წუთი არ დაუსვენია. მისი ნასროლი ისრები ხშირად მიზანში ხვდებოდა. 25 წლის ენერგიულ ფეხბურთელს მუდამ დაძაბულობაში ჰყავდა მეტოქეები და თავის ფრთას აწიოკება.

ასე იყო ვენესუელასთან შეხვედრაში და ჩილესთან ნახევარფინალში, როდესაც გარი მედელმა სწორედ ადვინკულას ჩაწოდებული ჩაჭრა საკუთარ კარში და ამან სიტუაცია დაძაბა.

"ბლანკიროხას" რომ ფინალში გასვლის რეალური შანსი ჰქონდა და საბოლოოდ, ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა, დიდწილად სწორედ დაუღალავი ადვინკულას დამსახურება გახლავთ.

Sportall.Ge
ფოტოზე: პაულო გერერო და ლუის ადვინკულა
ბებერი გერეროს რქები...
სიმართლეს თუ ვიტყვით, პერუსგან კოპა ამერიკაზე ბევრს არავინ ელოდა, ისევე, როგორც წინა გათამაშებაში იყო მოულოდნელი "ბლანკიროხას" მესამე ადგილზე გასვლა. თუმცა რიკარდო გარეკამ თავისი ბიჭები ისე კარგად დამოძღვრა, რომ კინაღამ ფინალშიც გაიყვანა. საბოლოოდ, პერუელები კვლავ მესამეზე გავიდნენ, რაც ამ ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა.

არგენტინელი სპეციალისტის გუნდი ძალიან სუფთად, მწყობრად და ამავდროულად, შემართულად თამაშობდა, რის გამოც საყოველთაო სიმპათია დაიმსახურა და ფეარ პლეის ჯილდოც დაიმსახურა.

პერუს კიდევ ერთი საამაყო ის აქვს, რომ ზედიზედ ორი კოპა ამერიკაა, ხოსე პაოლო გერერო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ხდება. თუ წინა ტურნირზე იგი 5 ბურთით ერთპიროვნულად გახდა სნაიპერი, ამჯერად, 4 გოლი შემოგვთავაზა და ბომბარდირის ტიტული ედუ ვარგასთან გაინაწილა. მსგავსება არის იმაშიც, რომ გერერომ როგორც წინა, ასევე ამ კოპაზე ჰეთ თრიკი შეასრულა.

ბევრის აზრით, 31 წლის ფორვარდი ნაადრევად წავიდა ევროპიდან და ამ ყველაფრის შემხედვარე, ძნელია, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო, მაგრამ თავად ბრაზილიურ "ფლამენგოში" თავს მშვენივრად გრძნობს.

გერერო საუცხოო გოლეადორია, კარგად თამაშობს თავით, ფეხით, დასწრებაზეც, შორიდანაც შეუძლია გატანა, მშვენივრად იხსნება, მცველებს მასთან გამკლავება უჭირთ, ეხერხება მნიშვნელოვან მომენტებში თავის გამოOჩენა და მატჩის ბოლო წუთებზე გატანა. საჭიროებისას, პასიც იცის და არ ეს კომპონენტი დაეწუნება.

ამ წუთისთვის გერეროს უკვე 25 გოლი აქვს გატანილი (63 მატჩში) ნაკრების მაისურით და პერუელთა ყველა დროის ლეგენდას თეოფილო კუბილასს ერთადერთი ბურთით ჩამორჩება. ახლა "ბაიერნის" ექსთავდამსხმელი თავისიანებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოემზადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე ეჭვი რაში მეპარება და რაში არაარავის საქმე არარის და თუ რამე ვერ გაიგე ეს შენი პრობლემაა.ან რაში გაინტერესებს რა რას ნიშნავს.ან რაზე მეხები.
qutaiseli
13:13 19-07-2015
0
Echvis ar shegeparos rom magaria.ras cer ver gavige.ra argentineli ra kartvei???
kaxa
12:33 19-07-2015
0

სიახლეები პოპულარული