არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XIX ტური: ტიტული, რომელმაც პაპი გააბედნიერა

AutoSharing Option
"სან ლორენსო" არგენტინის ჩემპიონია! ხუან ანტონიო პიცის გუნდი 2007 წლის შემდეგ პირველად გაჩემპიონდა, თავად ყოფილმა ფეხბურთელმა კი სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

ბოლო ტურის წინ მართლაც უნიკალური სიტუაცია იყო: პირველობის შანსი ოთხ გუნდს ჰქონდა და ოთხეული სწორედ ერთმანეთს ხვდებოდა. "ნიუელს ოლდ ბოისის" და "ლანუსის" შეხვედრის გამარჯვებულს ოქროს მატჩში მონაწილეობის უფლების მიღება შეეძლო, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ პარალელურ მატჩში ან "ველეს სარსფილდი" მოიგებდა, ან შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა. პირდაპირ ტიტულის მოგების შანსი კი "ველესს" და "სან ლორენსოს" ჰქონდათ.

ორივე შეხვედრა
ერთდროულად დაიწყო და არც არის გასაკვირი, რომ პირველ ტაიმში გუნდები არ რისკავდნენ. შედეგად, საკმაოდ მოსაწყენი 45 წუთი და ორი 0:0 მივიღეთ. აი, შეხვედრების მეორე ნახევარში კი სულ სხვა სურათი იყო. მარსელო ბიელსას სახელობის სტადიონზე მოთამაშე გუნდებს ფრე არაფერში აწყობდათ და ამიტომაც იყო, რომ გუნდებმა შემტევი ფეხბურთი ითამაშეს და მაყურებელმა ოთხი გოლის გარდა, კიდევ არაერთი საგოლე მომენტი იხილა.

საბოლოოდ, ეს შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჩემპიონი "ხოსე ამალფიტანიზე" უნდა გარკვეულიყო.

"სან ლორენსო" ფრთხილობდა. პირველ ტაიმში პიცის გუნდმა რამდენიმე მომენტი კი შექმნა, მაგრამ მეორე ნახევარში "წმინდანები" დაცვაში ჩასხდნენ, რის გამოც კინაღამ დაისაჯნენ... მატჩის გადამწყვეტი მომენტი 89-ე წუთზე დადგა, როდესაც სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობის შედეგად, ბურთი აგუსტინ ალიონეს 11-მეტრიანის ნიშნულთან მიუვიდა.

19 წლის ფეხბურთელმა ძლიერად დაარტყა კიდეც - გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ სებასტიან ტორიკომ საოცარი რეაქცია გამოავლინა და საკუთარი გუნდი კატასტროფისგან იხსნა.

ამ ეპიზოდის სიტყვებით ზუსტად გადმოცემა საკმაოდ რთულია, რადგან ტორიკომ მართლაც არანორმალურად რთული ბურთი მოიგერია. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტამდე რამდენიმე წუთით ადრე ალიონემ ძელსაც გაარტყა. ასე რომ, "სან ლორენსო" გადარჩა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

საფინალო სასტვენის შემდეგ ცრემლებს ვერ იკავებდა გუნდის ლეგენდა ლეანდრო რომანიოლი: "მას შემდეგ, რაც აქ დავბრუნდი, ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ, მაგრამ სწორედ ამ უარყოფითი ფაქტების ხარჯზე მივაღწიეთ ამ წარმატებას. თასის ფინალში განცდილი მარცხი ძალიან მწარე იყო, თუმცა ახლა ამაზე აღარ ვფიქრობთ, რადგან უფრო მნიშვნელოვანი ტიტული მოვიპოვეთ," - განაცხადა 2001 წლის 21-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულმა.

32 წლის რომანიოლი "სან ლორენსოში" 1998-2004 წლებში თამაშობდა, მეორედ კი გუნდში 2009 წელს ჩაირიცხა. "ენგანჩე" გუნდთან ერთად მეორედ გაჩემპიონდა, პირველი ტიტული კი 2001 წელს (კლაუსურა) მოიგო.

ბედნიერი იყო "სან ლორენსოს" ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი ფრანსისკ პირველი, რომელსაც 17 დეკემბერს დაბადების დღე აქვს - რომის პაპი 77 წლის გახდა და მან აღნიშნა, რომ დაბადების დღეზე ამაზე უკეთეს საჩუქარზე ვერც კი იოცნებებდა. მისი საყვარელი გუნდის წევრები მასთან შესახვედრად არგენტინიდან 16 დეკემბერს გაემგზავრნენ და დღეს, იუბილესთან ერთად, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარს საკუთარ ჩემპიონობასაც მიულოცავენ.

სამოყვარულო ჩემპიონატების ჩათვლით, "სან ლორენსომ" ისტორიაში მე-15 ტიტული მოიპოვა და ის მხოლოდ ერთით ჩამორჩება "რასინგსა" და "ინდეპენდიენტეს" (16-16). მეორე ადგილზე "ბოკა ხუნიორსია" (30), პირველზე კი "რივერ პლეიტი" (35).

აქვე აღვნიშნოთ, რომ ტორნეო ინისიალში გამარჯვებით "სან ლორენსომ" მომავალი წლის ლიბერტადორესის თასის ჯგუფური ეტაპის საგზური მიიღო. მის გარდა, არგენტინას ამ ტურნირზე წარადგენენ: "ველეს სარსფილდი" (2012/13 სეზონის ჩემპიონი), "ნიუელს ოლდ ბოისი" (2013 წლის ტორნეო ფინალის გამარჯვებული), "არსენალი" (2012/13 სეზონის არგენტინის თასის მფლობელი) და "ლანუსი" (2013 წლის კოპა სუდამერიკანას გამარჯვებული).

ეს უკანასკნელი საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენესუელური "კარაკასის" ბარიერის გადალახვას ეცდება, დანარჩენი ოთხი გუნდი კი ასპარეზობას პირდაპირ ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებს.

ნიუელსი-ლანუსი 2:2
გოლები: 1:0 პ. პერესი (53), 1:1 გოლტცი (55), 2:1 ისკიერდოსი (67-საკ. კარში), 2:2 ხ. პერეირა დიასი (74)

ველესი-სან ლორენსო 0:0

საბოლოო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. სან ლორენსო 19 9 6 4 29-17 33
2. ლანუსი 19 8 7 4 32-18 31
3. ველესი 19 8 7 4 24-16 31
4. ნიუელსი 19 8 7 4 27-21 31
5. არსენალი 19 7 9 3 22-19 30
6. ბელგრანო 19 8 5 6 28-20 29
7. ბოკა 19 8 5 6 25-24 29
8. ატლ. რაფაელა 19 8 5 6 25-25 29
9. ესტუდიანტესი 19 6 9 4 16-14 27
10. როსარიო 19 7 5 7 22-24 26
11. ხიმნასია 19 6 8 5 21-24 26
12. ტიგრე 19 7 4 8 20-21 25
13. არ. ხუნიორსი 19 7 4 8 17-19 25
14. გოდოი კრუსი 19 6 6 7 17-17 24
15. ოლიმპო 19 6 5 8 19-25 23
16. ოლ ბოისი 19 5 7 7 19-19 22
17. რივერი 19 5 6 8 12-14 21
18. კილმესი 19 5 6 8 14-23 21
19. რასინგი 19 4 4 11 12-24 16
20. კოლონი 19 3 3 13 8-25 6*

შენიშვნა: "კოლონს" -6 ქულა

ბომბარდირები:
9 - მაურო მატოსი (ოლ ბოისი), სესარ პერეირა (ბელგრანო); 8 - ემანუელ ჟიგლიოტი (ბოკა ხუნიორსი), იგნასიო პიატი (სან ლორენსო), დიეგო ვერა (ატლეტიკო რაფაელა); 7 - ლუკას პრატო (ველეს სარსფილდი), სანტიაგო სილვა (ლანუსი).

ასისტენტები:
6 - როდრიგო დეპეტრისი (ატლეტიკო რაფაელა), ხუან სანჩეს მინიო (ბოკა ხუნიორსი); 5 - ხავიერ კამპორა (ოლ ბოისი), ხუან მანუელ მარტინესი (ბოკა ხუნიორსი), მატიას პერეს გარსია (ტიგრე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XIX ტური: მთავარი მატჩების მოლოდინში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული