ბრაზილია. სერია A. XXXIII ტური: ჩემპიონი ვარდება

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონატის დასრულებამდე სულ ხუთი ტურია დარჩენილი და თუ საჩემპიონო რბოლა თითქმის დასრულებულია, ლიბერტადორესის თასის საგზურებისთვის და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის წინ სერიოზული ბრძოლა გველის.

"კრუზეირომ" ბოლოსწნა ნაბიჯი გადადგა
"კრუზეირომ" მესამე ადგილზე მყოფ "გრემიოს" უმასპინძლა, დიდი ანგარიშით სძლია და ჩემპიონობისკენ ბოლოსწინა ნაბიჯი გადადგა. იყო შანსი, ეს ნაბიჯი ბოლოც ყოფილიყო, მაგრამ "ატლეტიკო პარანაენსემ" თავისი მატჩი მოიგო და "მელიებს" ჩემპიონობა გადაუვადა.

მარსელო ოლივეირას გუნდი საქმეს თავიდანვე შემართებით შეუდგა და "გრემიოს" კართან ბევრი მომენტიც შექმნა. ანგარიში პირველი ტი
ამის ბოლოსკენ ბორჟესმა გახსნა, ვისთვისაც ეს ბურთი ამ სეზონში უკვე მე-10 იყო.

სტუმრებს ზე რობერტოს და ედუარდო ვარგასის სახით ორი ლიდერი აკლდათ, რაც "გრემიოს" თამაშზე აისახა კიდეც. მეორე ტაიმში თავი ჯერ ცვლილებაზე გამოსულმა ვილიანმა გამოიჩინა, საბოლოო წერტილი კი რიკარდო გულარტმა დასვა - 3:0.

"გრემიომ" ბოლო დროს ძალიან მოუკლო. ჩემპიონატის უკანასკნელ 7 ტურში რენატო გაუჩოს შეგირდებმა მხოლოდ 6 ქულა (1 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება) მოაგროვეს.

"ატლეტიკო პარანაენსე", რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბრაზილიის თასის 1/2-ფინალში სწორედ "გრემიო" დაამარცხა, მეორე ადგილზე გადავიდა და ლიბერტადორესის თასის საგზურს მიუახლოვდა. ჩემპიონატში თავისი მე-17 გოლი გაიტანა ედერსონმა, რომელიც ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია.

თასზე და ჩემპიონატში გამართულ ბოლო 6 შეხვედრაში "ატლეტიკომ" 3 გამარჯვება მოიპოვა, 3 მატჩი ფრედ დაასრულა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

"ფლუმინენსე" გასაჭირშია
ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი სან პაულოს შტატის ქალაქ არარაკუარაში გაიმართა, სადაც "კორინთიანსმა" მოქმედ ჩემპიონ "ფლუმინენსეს" უმასპინძლა. ყველაფერი მოსალოდნელი სცენარით განვითარდა და თითქოს შეხვედრა ფრედ, 0:0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბოლოსწინა წუთზე სტუმართა მცველმა ანდერსონმა წითელი ბარათი მიიღო, "ფლუს" კარში კი პენალტი დაინიშნა, რომელიც ალეშანდრე პატომ გოლად აქცია და "ტიმაოს" 3 ქულა მოუტანა.

ამ მარცხის გამო "ფლუ" გასავარდნ ზონაში ჩაეშვა და მე-18 ადგილზე აღმოჩნდა. ვანდერლეი ლუშემბურგოს გუნდი საშინელ ფორმაშია - "ფლუმინენსეს" უკვე 9 მატჩია არ მოუგია და ამ პერიოდში ჩემპიონმა მხოლოდ 3 ქულა (3 ფრე და 6 წაგება) მოაგროვა.

"ფლუ" ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან რამდენიმე წლის წინ კი გავარდა და შემდეგ სერია C-მდეც დაეშვა, მაგრამ მაშინ გუნდი ძალიან სუსტი იყო, დღევანდელი კოლექტივი კი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, რომელმაც გარდა ამისა, ტიტული 2010 წელსაც მოიპოვა.

თუ "ფლუ" გავარდა, ეს მართლაც უნიკალური შემთხვევა იქნება - ხშირად ხომ არ ხდება, რომ უმაღლესი ლიგიდან ქვეყნის წინა წლის ჩემპიონი ვარდება?! აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ შარშან სერია B-ში ქვეყნის თასის მფლობელი "პალმეირასი" გავარდა, რომელსაც მომდევნო წლის სერია A-ს საგზური უკვე ჯიბეში აქვს.

"ფლუმინენსეს" გარდა, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის კიდევ ერთი გრანდი, "ვასკო და გამა" იბრძვის, რომელიც ამ ტურში "სანტოსთან" ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, "ვასკო" ქულას გამორჩა და მე-16 ადგილამდე აღზევდა.

ადილსონ ბატისტას გუნდი ამჟამად კი სამშვიდობოს არის, მაგრამ დარჩენილი 5 მატჩიდან 4 "ვასკოს" გრანდებთან ("გრემიო", "კორინთიანსი", "კრუზეირო", "ატლეტიკო პარანაენსე") ელის.

დებიუტანტების წარმატებული სერიები
სერია A-ში წელს დაბრუნებული ოთხი გუნდიდან სამი შესანიშნავად თამაშობს. "ატლეტიკო პარანაენსე" მეორე ადგილზეა და ბრაზილიის თასის ფინალშიც არის გასული; "გოაისი" მეხუთე პოზიციაზეა, "ვიტორია" კი მეექვსეა და ორივე ეს გუნდი ლიბერტადორესის თასის საგზურისთვის იბრძვის.

ერთადერთი კლუბი, რომელსაც წელს გაუჭირდა, "კრისიუმა" გახლავთ, მაგრამ ბოლო ტურში მიღწეული გამარჯვების ხარჯზე არჟელ ფუქსის გუნდმა გადარჩენის შანსი შეინარჩუნა.

"ფლამენგოსთან" აღებული ქულით "გოიასმა" დაუმარცხებელი სვლა 8 მატჩამდე კი გაზარდა, სამაგიეროდ, მოგებათა სერია შეწყვიტა. ამ ტურამდე გოიანიას წარმომადგენლებს ზედიზედ 6 მოგება ჰქონდათ.

XXXIII ტური

ფლამენგო-გოიასი 1:1
გოლები: 1:0 ერნანი (51), 1:1 როდრიგო (63)
გაძევება: უგო (33. გოიასი)

ინტერნასიონ.-ბოტაფოგო 2:1
გოლები: 1:0 ჟორჟე ენრიკე (39), 1:1 დორია (48), 2:1 ჯექსონი (51)

პონტე პრეტა-ვიტორია 0:3
გოლები: 0:1 რენატო კაჟა (19), 0:2 აირტონი (30), 0:3 დინეი (45)

კრუზეირო-გრემიო 3:0
გოლები: 1:0 ბორჟესი (34), 2:0 ვილიანი (78), 3:0 რიკარდო გულარტი (86)

ატლ. პარანაენსე-სან პაულო 3:0
გოლები: 1:0 მარსელო (13), 2:0 ლუის ალბერტო (27), 3:0 ედერსონი (58)

ვასკო-სანტოსი 2:2
გოლები: 0:1 ბრუნო პერესი (23), 0:2 გუსტავო ენრიკე (27), 1:2 ედმილსონი (29), 2:2 ანდრე (78)

კორინთიანსი-ფლუმინენსე 1:0
გოლი: 1:0 პატო (90-პენ)
გაძევება: ანდერსონი (89. ფლუმინენსე)

ნაუტიკო-კრისიუმა 0:1
გოლი: 0:1 ველინგტონ პაულისტა (71)

ბაია-ატლ. მინეირო 0:0
პორტუგეზა-კორიტიბა 0:0

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. კრუზეირო 33 22 5 6 69-29 71
2. ატლ. პარანაენსე 33 16 10 7 52-39 58
3. გრემიო 33 15 9 9 37-33 54
4. ბოტაფოგო 33 15 8 10 46-38 53
5. გოიასი 33 14 11 8 42-35 53
6. ვიტორია 33 14 9 10 49-45 51
7. ატლ. მინეირო 33 13 10 10 39-30 49
8. სან პაულო 33 13 7 13 35-35 46
9. სანტოსი 33 11 12 10 42-35 45
10. ინტერნასიონ. 33 11 12 10 49-47 45
11. ფლამენგო 33 11 12 10 38-37 45
12. კორინთიანსი 33 10 15 8 26-20 45
13. კორიტიბა 33 10 11 12 38-41 41
14. პორტუგეზა 33 10 10 13 46-45 40
15. ბაია 33 9 12 12 32-39 39
16. ვასკო 33 9 10 14 45-54 37
17. კრისიუმა 33 10 6 17 43-57 36
18. ფლუმინენსე 33 9 9 15 35-42 36
19. პონტე პრეტა 33 9 7 17 34-48 34
20. ნაუტიკო 33 4 5 24 20-68 17

ბომბარდირები: 17 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 14 - ჟილბერტო (პორტუგეზა), ვილიამი (პონტე პრეტა), ერნანი (ფლამენგო); 13 - ფერნანდაო (ბაია); 12 - ვალტერი (გოიასი), ანდრე (ვასკო და გამა)

ასისტენტები: 9 - ანდრეს დალესანდრო (ინტერნასიონალი); 8 - კლარენს ზეედორფი (ბოტაფოგო), ევერტონ რიბეირო (კრუზეირო); 7 - ვილიანი (კრუზეირო), რაფაელ მარკეში (ბოტაფოგო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XXXII ტური: ჩემპიონი გასაჭირშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული