პარიზში ცვლილებების დროა - ვინ შეიძლება მოვიდეს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენი" მზადაა, მადრიდის "რეალს" ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაუხადოს. 24 წლის კოლუმბიელი, სავარაუდოდ, "სამეფო გუნდს" დატოვებს და ბოლო დღეებში მას აქტიურად უკავშირებდნენ ტურინის "იუვენტუსს", მაგრამ პარიზელები დანებებას არ აპირებენ.

"მონაკოს" ყოფილი ფეხბურთელი დედაქალაქელებს ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად ესახებათ. იბრაკადაბრა კარიერას, ალბათ, ინგლისში გააგრძელებს. მისი პრემიერლიგაში გადასვლა უფრო რეალური მას მერე გახდა, რაც ზლატანმა განაცხადა, რომ "ლოს ანჯელეს გელექსიში" გადასვლას არ აპირებს, მიუხედავად ამერიკელების სარფიანი შემოთავაზებისა.

პსჟ-ს გრეგორი ვან დერ ვილიც ტოვებს. 28 წლის გარემარბს კონტრაქტი ეწურება, ახალ
შეთანხმებას კი მხარეები, როგორც ჩანს, არ გააფორმებენ. მისი მსურველები "სპარტაკი", "იუვენტუსი" და "მონაკო" არიან.

"ინტერის" მეკარე სამირ ჰანდანოვიჩმა კი შესაძლოა, სწორედ "პარკ დე პრენსზე" დაიდოს ბინა. 31 წლის გოლკიპერს ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში, ხოლო მილანელები ამ სეზონში ოდენ ევროპალიგის საგზურით შემოიფარგლნენ. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს ორი კარგი მეკარე ჰყავს - კევინ ტრაპი და სალვატორე სირიგუ, ჰანდანოვიჩით დედაქალაქური კლუბი მაინც დაინტერესებულია.

გამორიცხული არ არის სირიგუსა და ჰანდანოვიჩის გაცვლის ვარიანტიც. "ნერაძური" სამირის შემცვლელებად "ჯენოას" მატია პერინისა და "ბარსელონას" მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ვარიანტებსაც განიხილავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული