სილვიო ბერლუსკონი: ეს ტიტული ყველაზე ძვირფასია ჩემთვის

AutoSharing Option
ბევრისთვის მოულოდნელად, იტალიის სუპერთასი არა "იუვენტუსმა", არამედ "მილანმა" მოიგო. "როსონერიმ" დიდი ბრძოლა გაუმართა მრისხანე მეტოქეს და თერთმეტმეტრიანების სერიაში გაიმარჯვა.

მთელმა გუნდმა გამარჯვება პრეზიდენტ ბერლუსკონის მიუძღვნა, რომელიც სულ მალე კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტს ჩინელებს გადააბარებს. მოკლედ, დიდი ალბათობით, ეს იყო სილვიო ბერლუსკონის ბოლო ტიტული "მილანის" მფლობელისა და პრეზიდენტის რანგში.

საგულისხმოა, რომ ბერლუსკონიმ 30 წელში 29 ტიტულს მოუყარა თავი, რაც მართლაც ფენომენალური შედეგია.

ბერლუსკონის ტიტულები
სილვიო ბერლუსკონის მმართველობის 30-წლიან პერიოდში, "მილანმა" 8-ჯერ მოიგო სკუდეტო, რომელთა დიდი ნაწილი გასული საუკუნის 90-იან წლებზე მოდის. მხოლოდ
ერთხელ, 2003 წელს მოიგო იტალიის თასი, შვიდჯერ კი - იტალიის სუპერთასი.

ბერლუსკონის "მილანს" ბრწყინვალე შედეგები აქვს საერთაშორისო ასპარეზზე - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "როსონერიმ" 5-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა: 1989, 1990, 1994, 2003 და 2007 წლებში. ამდენჯერვე მოიგო ევროპის სუპერთასი და ზუსტად იმავე წლებში. ასევე, ორჯერ გახდა საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი 1989 და 1990 წლებში, ხოლო ერთხელ, 2007 წელს მსოფლიოს საკლუბო მუნდიალი მოიგო.

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ 23 დეკემბერს, "მილანმა" იტალიის სუპერთასი მოიგო და დიდი ალბათობით, ეს იქნება სილვიო ბერლუსკონის ბოლო ტიტული "მილანის" მფლობელისა და პრეზიდენტის რანგში. იტალიურ სპორტულ მედიაში ბერლუსკონის კომენტარები იშვიათად ვრცელდება, სუპერთასის მოგების შემდეგ კი გახარებული სილვიო მედიას შეხვდა და საინტერესოდ ისაუბრა...

იტალიის სუპერთასი
ბედნიერი ვარ, რომ მორიგი ტიტული მოვიგეთ და კლუბის მუზეუმი კიდევ უფრო გავამდიდრეთ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს იქნება ყველაზე ძვირფასი თასი ჩემთვის და თუ რატომ, მგონი, ამას ბევრი ახსნა სჭირდება. ალბათ, ეს ჩემი ბოლო ტროფეია "მილანის" პრეზიდენტის რანგში და ბუნებრივია, რომ ეს განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული.

"იუვენტუსი" იტალიის უძლიერესი გუნდია, ევროპაში კი - ერთ-ერთი საუკეთესო. საბედნიეროდ, ჩვენ თამაშით ვაჯობეთ მეტოქეს და დამსახურებულად მოვიგეთ.

იტალიური "მილანი"
"იუვენტუსთან" შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში 8 იტალიელი ვიხილეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამავდროულად, სასიამოვნო. "მილანს" ყველაზე დიდი გამარჯვებები მაშინ ჰქონდა, როდესაც გუნდის ძირითად ბირთვს საკუთარი აღზრდილები წარმოადგენდნენ.

რაც მთავარია, ეს იტალიელი ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან და მათ წინ დიდი მომავალი აქვთ. ჩვენ ისეთ გუნდს ჩავუყარეთ საფუძველი, რომელიც უდიდეს წარმატებებს მიაღწევს. იმ დროს, მე კლუბის მფლობელი აღარ ვიქნები და შესაძლოა, აღარც ცოცხალი ვიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ახალ გუნდს ჩვენ დროს ჩაეყარა საფუძველი.

ვინჩენცო მონტელა
როდესაც ვინჩენცო მონტელას ვარიანტი გამოჩნდა, ერთი წუთითაც არ მიფიქრია და უმალ მასზე შევაჩერე არჩევანი. საბედნიეროდ, კლუბის სხვა მესვეურთა აზრები ჩემსას დაემთხვა, ჩვენი არჩევანი კი აშკარად ამართლებს.

მართალია, სერია A-ს ბოლო მატჩებში ქულები დავკარგეთ, მაგრამ სატურნირო ცხრილის საუკეთესო ხუთეულში ვართ და ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვუმიზნებთ, ამას კი ბევრი ვერ წარმოიდგენდა. ეს იმ ფონზე, როდესაც ზაფხულში ტრანსფერებში ფული არ დაგვიხარჯავს. ბუნებრივია, ამ წარმატების მთავარი შემოქმედი მონტელაა, რომელიც იდეალურად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

ჩინური ინვესტიცია
ჩინელებთან მოლაპარაკებები დასრულებულია და 2017 წელს კლუბს ახალი მფლობელი ეყოლება. ეს ჩემთვის მტკივნეული, მაგრამ აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი იყო. ვიცი, რომ "მილანი" საიმედო ხელში გადადის და ამ თემაზე არ ვნერვიულობ. აქამდე სწორედ იმიტომ არ ვასხვისებდი აქციებს, რომ საიმედო მყიდველი არ ჩანდა. მჯერა, რომ მომავალში "მილანი" მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული