რთულია, მაგრამ შესაძლებელი - ვინ შეცვლის გონსალო იგუაინს?

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის თქმით, როცა გონსალო იგუაინი "იუვენტუსის" მაისურით დაინახა, გაუჩნდა განცდა, რომ ომის წინ მისი რაზმი საუკეთესო მეომარმა დატოვა.

ეს მართლაც ასეა - ბოლო წლებში, "ნაპოლი" "იუვენტუსის" ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იყო, ამ გუნდის ლიდერი და მთავარი დამრტყმელი ძალა კი სწორედ არგენტინელი ფორვარდი გახლდათ.

"ნაპოლიმ" ორმაგი დარტყმა მიიღო - დაკარგა ლიდერი, რომელიც მტრის ბანაკში გადავიდა...

დიდი ხანია ნეაპოლელები სკუდეტოზე ოცნებობენ, მაგრამ "იუვენტუსის" ჰეგემონიის დამხობა ჯოჯოხეთურად რთულია, მით უმეტეს, იმ რეალობით, როცა თვით იგუაინიც ტურინელი გახდა.

რას აპირებს "ნაპოლი"?
როგორ შეეცდება იმ ვაკუუმის შევსებას, რაც იგუაინმა დატოვა და, შესაბამისად, "ვეკია სენიორასთვის" კონკურენციის გაწევას?

ამ თემაზე პრესას კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ესაუბრა...

იგუაინზე...
- ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ გონსალო იგუაინმა არასწორი ნაბიჯი გადადგა, როცა მაინცდამაინც "იუვენტუსში" გადავიდა. ჩვენ მზად ვიყავით, რომ გაცილებით დაბალ ფასში უცხოეთში გაგვეშვა, მაგრამ მან ფარულად დაიწყო მოლაპარაკება ტურინელებთან, შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა და საქმეც მოგვარდა.

გონსალომ იცოდა, რომ თუ "იუვე" 90 მილიონ ევროს გადაიხდიდა, ჩვენ ამ ტრანსფერს წინ ვერ აღვუდგებოდით. ზოგს მიაჩნია, რომ ფეხბურთის გამო ადამიანი მოღალატედ არ უნდა შევრაცხოთ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. სამწუხაროა, რომ იგუაინმა უდიდესი სიყვარული არად ჩააგდო...

იგუაინის შემცვლელზე...
- ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე მიმართულებით, რათა ახალი ფორვარდი, ან სულაც ფორვარდები დავიმატოთ. მაურო იკარდი ძალიან ნიჭიერია და ცხადია, რომ ჩვენ მისი ტრანსფერით დაინტერესებულები ვართ. თავად ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაში სურს თამაში და ეს ჩვენი შანსია...

ასევე, გვსურს ნიკოლა კალინიჩის გადმობირება, რომელმაც "ფიორენტინაში" კარგად წარმოაჩინა თავი. იგუაინის შეცვლა რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. "ნაპოლი" პირველ რიგში გუნდია და ამაში ყველა ერთად დავრწმუნდებით...

მაურიციო სარიზე...
- გასულ სეზონში მაურიციო სარიმ კარგად იმუშავა და ჩვენ დავრწმუნდით, რომ მისი დანიშვნით სწორი არჩევანი გავაკეთეთ. სხვათა შორის, იგუაინმა რომ სეზონში 36 გოლი გაიტანა, ამაში სარის დამსახურება დიდია და ეს თავად ფეხბურთელსაც ბევრჯერ აღუნიშნავს.

სამწუხაროა, რომ იგუაინმა მაურიციოს არც კი დაურეკა და არც დაემშვიდობა...

სარიმ იცის თავისი საქმე და როგორ შექმნას ისეთი გუნდი, რომელიც წარმატებას მიაღწევს როგორც იტალიაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. გასულ სეზონში იყო ერთი მონაკვეთი, როცა გუნდს ჩავარდნა ჰქონდა და სწორედ იმ დროს დავკარგეთ როგორც სკუდეტოს, ისე ევროპალიგის მოგების შანსი.

მწვრთნელმა მთელი ეს პროცესი დეტალურად გააანალიზა და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანა...

სკუდეტოზე...
- იტალიის ჩემპიონატში "იუვენტუსის" სახით უძლიერესი გუნდი თამაშობს, მაგრამ ოდესღაც ეს ისტორიაც უნდა დასრულდეს. ბოლო წლებში "ნაპოლიმ" დიდი პროგრესი განიცადა და ვფიქრობ, ამის ლოგიკური დასასრული სწორედ სკუდეტოს მოგება იქნება.

იგუაინის წასვლამ თითქოს ეს მოლოდინი შეასუსტა, მაგრამ პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ მიზანთან ახლოს ვართ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული