მონტელა სანადიროდ მიდის - იქნება მილანი "მილანისთვის"?

AutoSharing Option
ჩინური კონსორციუმის სახით, "მილანს" ახალი მფლობელი ჰყავს და ბუნებრივია, გულშემატკივრები სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებას ელოდებიან.

"კალჩომერკატოს" ინფორმაციით, ლომბარდიული გრანდის ახალი მფლობელები ამ ზაფხულს ტრანსფერებში 100 მილიონ ევროს დახარჯავენ.

აქვე ვიტყვით მათ შესახებ, ვის მონადირებასაც ვინჩენცო მონტელა აპირებს...

ისკო
24 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერაფრით გაიხსნა და მადრიდის "რეალში" თანაგუნდელების ჩრდილშია მოქცეული. "სამეფო კლუბის" მესვეურებს ისკო ტრანსფერზე ჰყავთ და სასურველ შეთავაზებას ელოდებიან, თუმცა არც ისაა გამორიცხული, "რეალმა" ის იჯარით გაუშვას. მილანელები უკვე შეეხმიანნენ მადრიდელებს, მოლაპარაკება დაწყებულია და ვნახოთ,
როგორ განვითარდება მოვლენები.

სიმონე ძაძა
25 წლის თავდამსხმელი, რომელსაც "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში თამაშის პერსპექტივა, პრაქტიკულად, არ აქვს და ისიც ახალი გუნდის ძიებაშია. სიმონე ძაძას გადაბირება "რომასა" და "ვოლფბურგს" სურთ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა "მილანში" მოისურვა კარიერის გაგრძელება. ტურინელები ფორვარდს 25 მილიონ ევროდ აფასებენ და რადგან თავად სიმონეც თანახმაა, ბოლო სიტყვა ლომბარდიელებზეა.

ხუან კუადრადო
28 წლის გარემარბი, რომელიც "ჩელსის" საკუთრებაა, გასული სეზონი კი იჯარით "იუვენტუსში" გაატარა. მართალია, კოლუმბიელმა ტურინულ გრანდში თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ კლუბის მესვეურებმა მაინც არ მოისურვეს მისი გამოსყიდვა და, შესაბამისად, "ჩელსისთვის" 30 მილიონი ევროს გადახდა.

მედიის ცნობით, მილანელები მზად არიან, ხუან კუადრადოს სანაცვლოდ სწორედ ეს თანხა გაიღონ და ახლა მთავარია, რა პოზიციას დაიკავებს თავად ფეხბურთელი.

მატეო მუსაკიო
25 წლის არგენტინელი მცველი, რომელიც ბოლო 6 წელიწადია ესპანურ "ვილიარეალში" ასპარეზობს და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. მატეო მუსაკიოს სატრანსფერო ფასზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ ის კი გაცხადდა, რომ "როსონერი" მოლაპარაკების პროცესში აქტიურადაა ჩართული.

მუსაკიოს გადაბირება მილანელებს იქამდეც უნდოდათ, სანამ კლუბს ჩინელი ინვესტორები შეიძენდნენ.

მილან ბადელი
27 წლის საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც ბოლო ორი სეზონია "ფიორენტინაში" აგორებს ბურთს და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. მილან ბადელმა ხორვატიის ეროვნულ ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი და ევროპის ჩემპიონატზე, ლუკა მოდრიჩთან ერთად, საყრდენ ხაზს ამაგრებდა.

ბადელს კარგად იცნობს "მილანის" ამჟამინდელი თავკაცი ვინჩენცო მონტელა, რომელიც თავის დროზე მას "ფიორენტინაში" წვრთნიდა და ეს ტრანსფერიც სწორედ მისი ინიციატივაა.

ბოლო-ბოლო, ბადელს სახელი (მილანი) აქვს ისეთი, რომ მისი "მილანში" გადასვლა არ უნდა იყოს ლოგიკას მოკლებული...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული