ახალი "მილანის" კონტურები: ზლატანი, ჯექსონი, კონდოგბია და ბრაჰიმი

AutoSharing Option
"მილანი" იტალიური სპორტული პრესის ყურადღების ცენტრში რჩება, რადგან კლუბის მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ და ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირებას ლამობენ. თან რა ფეხბურთელების - დიდი შანსია, მომდევნო სეზონიდან "როსონერის" ღირსება ჯექსონ მარტინესმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, იასინ ბრაჰიმიმ და ჟოფრეი კონდოგბიამ დაიცვან.

იბრაჰიმოვიჩსა და მარტინესზე ახალი რა უნდა ვთქვათ - უმაღლესი კლასის ფორვარდები არიან და სეზონში ორ ათეულ გოლზე მეტის გატანა შეუძლიათ.

ზლატანს ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ 34 წლისაა, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფორვარდია. აი, ჯექსონ მარტინესს კი
"პორტოს" შემადგენლობაში 90 მატჩი აქვს ჩატარებული და 67 გოლი გატანილი, რაც ფანტასტიკური შედეგია. თუ მილანელებმა საწადელს მიაღწიეს და ორივე გადაიბირეს, "როსონერის" უმძლავრესი თავდასხმა ეყოლება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ფრანგულ პრესას არ დაუმალა, რომ პსჟ-ის დატოვებას აპირებს: "პარიზში თავს კარგად ვგრძნობ, აქ ყოველთვის ბედნიერი ვიყავი, მაგრამ დადგა დრო, რომ გარემო და კლუბი შევიცვალო. "მილანი"? - მშვენიერი ვარიანტია და უარს ნამდვილად არ ვიტყოდი".

მოკლედ, იბრაჰიმოვიჩმა "მილანისკენ" პირველი ნაბიჯი გადადგა და ჯერი უკვე ლომბარდიულ გრანდზეა. ადრიანო გალიანი პორტუგალიაშია, სადაც ჯექსონ მარტინესის ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებს და პარალელურად, იასინ ბრაჰიმის გადაბირებას ცდილობს, რის შემდეგაც "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი სწორედ საფრანგეთის დედაქალაქში ჩავა და პსჟ-ის მესვეურებთან ზლატანის ტრანსფერზე შეთანხმებას შეეცდება.

ფრანგები შვედის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვენ, რაც 34 წლის ფეხბურთელისთვის არცთუ მცირე თანხაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ თვით იბრაჰიმოვიჩზე ვსაუბრობთ. "მილანის" დღევანდელ მადას თუ გავითვალისწინებთ, დიდი შანსია, გალიანიმ ამ თანხის გადახდაზე თანხმობა თქვას და შემდეგ ტრანსფერს წინ აღარაფერი დაუდგება.

პრაქტიკულად, მოგვარებულია ჯექსონ მარტინესის საკითხი, რომლის სანაცვლოდაც მილანელები პორტუგალიელებს 35 მილიონ ევროს გადაუხდიან. ამხელა თანხა "როსონერის" მესვეურებს საუკუნეა, არ გადაუხდიათ, მაგრამ დღეს სხვა ვითარებაა - ადრიანო გალიანი თავისუფალ აგენტებზე აღარ ნადირობს, რადგან მას ტაილანდური ინვესტიცია უმაგრებს ზურგს. 28 წლის კოლუმბიელი ფორვარდი "როსონერიში" გადასვლას დათანხმდა და ბოლო დეტალები უკვე კლუბებს შორის გვარდება. ერთი სიტყვით, ჯექსონი "მილანთან" ერთი ფეხის ნაბიჯზეა და იქვე ახლოა ზლატან იბრაჰიმოვიჩიც.

რაც შეეხება 25 წლის იასინ ბრაჰიმის და 22 წლის ჟოფრეი კონდოგბიას, პირველი უფრო შემტევი ნახევარმცველია და გოლებიც გააქვს, მეორე კი კლასიკური საყრდენია და მასზე საფრანგეთში უდიდეს იმედებს ამყარებენ. ბრაჰიმის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროთი განისაზღვრება და როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტები წერენ, ადრიანო გალიანი "პორტუს" მესვეურებისგან თანხის 5 მილიონით შემცირებას ითხოვს. რაც შეეხება მონაკოელ კონდოგბიას, მილანელები მზად არიან, რომ მასში 27 მილიონი ევრო გადაიხადონ და ამ გარიგების ალბათობა ერთობ მაღალია.

ყველაფერ ამის ფონზე, მეტად უცნაურია, რომ "მილანს" ჯერ კიდევ არ ჰყავს მწვრთნელი - იტალიელ სპორტულ ჟურნალისტთა ინფორმაციით, სინიშა მიხაილოვიჩთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, უბრალოდ, არ ხმაურდება და სწორედ სერბ სპეციალისტთან შეთანხმებით მიმდინარეობს სატრანსფერო მოლაპარაკებები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესენი ტუ იყიდეს მომვალ წელს არა მარა ორ წელში საჩემპიონო გუნდი ეყოლებათ
bavaria
12:54 12-06-2015
0

სიახლეები პოპულარული