"სამპდორიას" პრეზიდენტი მასიმო ფერერო აღარ ხუმრობს

AutoSharing Option
ის დრო აღარ არის, როდესაც სერია A-ს ვარსკვლავები აწყდებოდნენ - ამიტომ სამუელ ეტო'ოს "სამპდორიაში" გადაბარგებამ იტალიურ სპორტულ პრესაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მართალია, კამერუნელი ფორვარდი უკვე 33 წლისაა და საუკეთესო დროება უკან აქვს მოტოვებული, მაგრამ მაინც ეტო'ოა და რა გასაკვირია, რომ გენუელთა ბანაკში ეიფორია შეინიშნება.

ეტო'ომ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ხელშეკრულება გააფორმა, რომლის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, რა თანხას მიიღებს ეტო'ო, მთავარი კი ის გახლავთ, რომ აფრიკელი "სამპას" ღირსებას დაიცავს.

მას შემდეგ, რაც "სამპდორიამ" მანოლო გაბიადინი
"ნაპოლიში" გაუშვა, გენუელმა გულშემატკივრებმა ეს ფაქტი აქტიურად გააპროტესტეს, თუმცა ეტო'ოს ტრანსფერმა ყველაფერი გადაწონა.

და ეს კიდევ არ არის ყველაფერი - "სამპდორიას" ღირსებას კიდევ ერთი შემტევი, ლუის მურიელი დაიცავს, რომელიც "სტადიო მარასიზე" "უდინეზედან" გადაბარგდა. 23 წლის კოლუმბიელი ძალიან ნიჭიერია და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ უდინელთა ახალ მწვრთნელ ანდრეა სტრამაჩონისთან საერთო ენა ვერაფრით გამონახა და გუნდის გამოცვლა თავადვე ისურვა.

მოკლედ, "სამპდორიამ" ორი შესანიშნავი შემტევი დაიმატა, რომლებსაც ფლანგებიდანაც შეუძლიათ თამაში და ცენტრფორვარდის პოზიციაზეც. თუმცა, დიდი ალბათობით, სინიშა მიხაილოვიჩი ახალწვეულებს გარემარბებად მოიაზრებს - სერბმა სპეციალისტმა მას შემდეგ თქვა უარი 4-3-3 ტაქტიკაზე, რაც გაბიადინი გაუშვა, თუმცა ამ შემთხვევაში, დიდი რესურსი აქვს, რომ ძველ სქემას დაუბრუნდეს. ვნახოთ, როგორ ითამაშებს "სამპდორია" ახალწვეულებთან ერთად, იქამდე კი კომენტარებს გავეცნოთ.

მასიმო ფერერო ("სამპდორიას" პრეზიდენტი): "გულშემატკივრებს სიურპრიზს დავპირდი და მგონი, გამომივიდა. სამუელ ეტო'ო და ლუის მურიელი ჩვენს გუნდში ითამაშებენ, რაც ძალიან მახარებს. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემი ამოცანა ფეხბურთით ფულის კეთება არაა, გუნდის აღმასვლა და წარმატებები მსურს.

გაბიადინის თავად უნდოდა ნეაპოლში წასვლა და წავიდა, მასში აღებული თანხა კი მთლიანად ახალი ფეხბურთელების მოყვანაში დავხარჯეთ. დარწმუნებული ვარ, ეტო'ო და მურიელი ჩვენთან თავს საუკეთესოდ წარმოაჩენენ".

სამუელ ეტო'ო: "იტალიაში გატარებული წლები ყოველთვის სასიამოვნოდ მახსენდება და მიხარია, რომ ისევ აქ ვარ. "სამპდორია" შესანიშნავი გუნდია, ბრწყინვალე სტადიონით და საოცარი გულშემატკივრებით. გენუაში ყველამ თბილად მიმიღო და იმედი მაქვს, მათ იმედებს სრულად გავამართლებ. სინიშა მიხაილოვიჩს უკვე ვესაუბრე და ვიცი, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს - ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა. "სამპას" მიზანი სამეულში მოხვედრაა, რაც ურთულესი იქნება, მაგრამ ჩვენ თავი არ უნდა დავზოგოთ".

ლუის მურიელი: "ძალიან მინდოდა, რომ გენუაში გადმოვსულიყავი, რადგან "უდინეზეში" თამაშის საშუალება, პრაქტიკულად, არ მეძლეოდა. "სამპდორიაში" დიდი კონკურენციაა, მაგრამ ვეცდები, რომ ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი. ბედნიერი ვარ, რომ ისეთი დიდი ფეხბურთელის გვერდით მომიწევს თამაში, როგორიც სამუელ ეტო'ოა. ვფიქრობ, ერთად ბევრ პრობლემას შევუქმნით მეტოქე გუნდების მცველებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული