ვინჩენცო მონტელა: დონარუმამ უკვე ბევრჯერ მითხრა, რომ "მილანში" დარჩენა უნდა

AutoSharing Option
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სატრანსფერო საკითხებზე ევროპული მასშტაბით, ჯერჯერობით, ყველაზე აქტიურად "მილანის" მესვეურები მუშაობენ. ლომბარდიელებმა უკვე დაიმატეს მატეო მუსაკიო, ფრანკ კესიეს და რიკარდო როდრიგესსაც მალე გაუფორმებენ ხელშეკრულებას, ალვარო მორატასთან კი სიტყვიერი შეთანხმებაა მიღწეული. ამასობაში, ახალი ტრანსფერი გაიჩარხა - მომდევნო სეზონიდან, "როსონერის" ღირსებას ლუკას ბილია დაიცავს...

31 წლის არგენტინელი ნახევარმცველის სანაცვლოდ, "მილანი" "ლაციოს" 18 მილიონ ევროს გადაუხდის და ბონუსებით, შესაძლოა, რომაელებმა კიდევ 4 მილიონი ევრო მიიღონ. თავად ფეხბურთელი "მილანთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 2,5 მილიონ ევროს აიღებს

"მილანში" გადასვლასთან ერთი
ნაბიჯი აშორებს ფრანკ კესიეს, რომელსაც სამედიცინო შემოწმების დროს შეექმნა პრობლემები და ექიმებმა დამატებითი გამოკვლევა მოითხოვეს - ლომბარდიული გრანდი 20 წლის ნახევარმცველში 28 მილიონ ევროს ითხოვს და ამისთვის ექიმების დასტური სჭირდება.

იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს საინტერესო თემებზე "მილანის" მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა ესაუბრა, რომელმაც კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა გაუმჯობესებული პირობებით - მონტელა სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს.

- კლუბის მესვეურებმა ნდობა გამოგიცხადეს...
- კლუბის ახალი მესვეურების მხრიდან ნდობა თავიდანვე ვიგრძენი, ეს კი მწვრთნელისთვის ძალიან სასიამოვნოა. დადებითად შეაფასეს განვლილი სეზონი და ამაში მათ მეც ვეთანხმები. იყო რთული პერიოდები, მაგრამ მთლიანობაში, დამაკმაყოფილებელი შედეგი ვაჩვენეთ.

- ანუ განვლილი სეზონით კმაყოფილი ხართ...
- არ მაქვს უკმაყოფილების საბაბი, რადგან ევროპალიგის საგზური მოვიპოვეთ და იტალიის თასი მოვიგეთ. "მილანს" დიდი ხანია, ევროარენაზე არ უთამაშია და საბედნიეროდ, ჩვენ ეს დანავსული პერიოდი გადავლახეთ. დარწმუნებული ვარ, ევროპალიგაზე წარმატებით ვიასპარეზებთ, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის დროც დადგება.

- რა დრო დასჭირდება იმას, რომ "მილანმა" ძველი დიდება დაიბრუნოს?
- ამის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში, "მილანი" ევროპული მასშტაბით კონკურენტუნარიანი გუნდი იქნება. "როსონერი" აუცილებლად უნდა თამაშობდეს ჩემპიონთა ლიგაზე და იქ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდეს. სხვაგვარად უბრალოდ დაუშვებელია...

- "მილანი" აქტიურ სატრანსფერო კამპანიას აწარმოებს...
- გულშემატკივრები ნერვიულობდნენ, რომ კლუბის ახალი მესვეურები გუნდის გასაძლიერებლად მზად არ იყვნენ. რეალობა სხვაგვარია და გუნდის გასაძლიერებლად აქტიურად ვმუშაობთ. რამდენიმე ფეხბურთელი უკვე დავიმატეთ და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ფინანსური ფეარ-პლეის პრინციპი, რომელსაც ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღება. რაც მთავარია, ჩვენ ვიმატებთ ფეხბურთელებს, რომლებიც კონკრეტულ პოზიციებს გაამაგრებენ და რომლებიც გუნდს სჭირდება.

- კარლოს ბაკა დატოვებს "მილანს"?
- ბაკა უმაღლესი კლასის ფორვარდია და პირადად ჩემი სურვილია, რომ ის დარჩეს. თუმცა, ჩემთვის უცნობია თავად კარლოსის პოზიცია და შესაბამისად, არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. ბაკას გადაბირება არაერთ კლუბს სურს და თუ ის წასვლას მოინდომებს, ძალით არავინ გააჩერებს. ისე კი, როდესაც ახალი ფორვარდების დამატებაზეა ლაპარაკი, ეს ავტომატურად კარლოს ბაკას წასვლას სულაც არ ნიშნავს...

- ახალ ფორვარდში ალვარო მორატას გულისხმობთ?
- თუნდაც მორატას, რომელიც მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი შავ-წითელი მაისურით.

- ანუ "მილანის" მესვეურები მორატას გადაბირებას ცდილობენ...
- ვფიქრობ, ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალვარო უკვე "მილანის" ფეხბურთელია, როგორც ეს პრესაში დაიწერა. მოლაპარაკება მიმდინარეობს და ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს.

- რა ტაქტიკით ითამაშებს "მილანი" მომდევნო სეზონში?
- ყველაზე ხშირად 4-3-3 ტაქტიკას ვიყენებ, რადგან შემტევი ფეხბურთის მოყვარული ვარ. თუმცა, ამ სეზონში 3-5-2 სქემაც გამოვიყენე და კმაყოფილი დავრჩი. ერთ ტაქტიკაზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებულნი და ჩვენი თამაში რაც შეიძლება მრავალფეროვანი უნდა გახდეს. ასეთ დროს, მეტოქისთვის ამოუცნობი ხარ და ეს უდავოდ პლუსია.

- ჯანლუიჯი დონარუმა "მილანის" მომავალია თუ ის ტოვებს გუნდს?
- დარწმუნებული ვარ, რომ დონარუმა დარჩება და "მილანში" კიდევ ძალიან დიდხანს ითამაშებს. ჯიჯის გადაბირებით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი და კოლოსალურ თანხებსაც იხდიან, მაგრამ ყველაფერი ფულით არ იზომება და მით უმეტეს, როდესაც 18 წლის ხარ. დონარუმა აუცილებლად უნდა დარჩეს "მილანში", რადგან აქ მისი სახლია. ჯიჯის უყვარს "მილანი", ბავშვობიდან ამ გუნდს გულშემატკივრობს და პირადად ჩემთვის არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ სხვაგან გადასვლის სურვილი არასდროს ჰქონია.

- ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვის მიიჩნევთ ფავორიტად?
- შანსები 50/50-ზეა, თუმცა ჩემი სურვილია, რომ "იუვენტუსმა" გაიმარჯვოს. იტალიურ ფეხბურთს დიდი გამარჯვება სჭირდება და თანაც, "ბიანკონერიში" ჩემი მეგობრები თამაშობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული