ნაპოლი-იუვენტუსის გამოხმაურება: ომი და მშვიდობა ნეაპოლში

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნაპოლი"-"იუვენტუსის" მატჩზე უსაფრთხოების მკაცრი ნორმები მოქმედებდა - ტურინული გრანდი ნეაპოლში გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფებოდა, თამაშზე კი გულშემატკივრებს ყველანაირი ნივთის შეტანა ეკრძალებოდათ.

თითოეული ქომაგი ორმაგ კონტროლს გადიოდა და მხოლოდ შემდეგ ხვდებოდა ტრიბუნაზე. მიზეზი გასაგებია - ნეაპოლში "იუვენტუსი" არ უყვართ, კონკრეტულად ამ მატჩს კი დამატებითი ინტრიგა ჰქონდა - გონსალო იგუაინი, რომელიც სწორედ "ნაპოლიდან" გადაბარგდა ტურინულ გრანდში.

უსაფრთხოების მკაცრმა ნორმებმა კარგად იმუშავა - იგუაინს ბევრი უსტვინეს და აგინეს, მაგრამ მთლიანობაში, "სტადიო სან პაოლოზე" მაინც მშვიდობა იყო და არავინ დაზარალებულა. მატჩი ფრედ დასრულდა -
1:1, რამაც ემოციები კიდევ უფრო ჩააცხრო - ფრე იყო შედეგი, რომელმაც ორივე მხარე მეტ-ნაკლებად კმაყოფილი დატოვა.

მაურიციო სარი ("ნაპოლის" მწვრთნელი): "შეუძლებელია ,იყო უკმაყოფილო, როდესაც შენი გუნდი ასე იბრძვის და ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ტოლს არაფერში უდებს. ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს უნდა მოეგო მატჩი, ეს "ნაპოლი" იყო, რადგან ვფლობდით აშკარა უპირატესობას. როდესაც "იუვენტუსს" ბურთის ფლობით და საგოლე მომენტებით ასე ჯობნი, ეს ბევრს ნიშნავს. სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფერო იყო და გუნდს უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა.

დასანანია, რომ ქომაგები მოგებით ვერ გავაბედნიერეთ. თამაშის შემდეგ ვნახე იგუაინი და კარგად შევხვდით ერთმანეთს. მოსალოდნელი იყო, რომ გულშემატკივრების მხრიდან გონსალო დიდ აგრესიას იგრძნობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ვნებათაღელვა ჩაცხრება".

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, მაგრამ მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი ქულა და ვაგრძელებთ ბრძოლას სკუდეტოსთვის. წინ კიდევ 8 მატჩია, რომლებიც მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ და საქმე წარმატებით დავასრულოთ. შეუძლებელია, რომ ყველა შეხვედრაში ვდომინირებდეთ და მით უმეტეს, ასეთ "ნაპოლისთან" და ასეთ ატმოსფეროში.

ტრიბუნებიდან დიდი წნეხი მოდიოდა, რაც თავის გავლენას ახდენს მატჩის მიმდინარეობაზე. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მეტოქეს ჰქონდა უპირატესობა და შეეძლო, მოეგო თამაში. იგუაინს ერთხელაც არ მიუღია ბურთი მეტოქის საჯარიმოში? - გონსალომ ბევრი იშრომა და მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. იგუაინი მადლობელია ნეაპოლის და ანალოგიურად, ნეაპოლი უნდა იყოს მადლობელი მისი გაწეული შრომით. გონსალომ "იუვენტუსში" ამჯობინა კარიერის გაგრძელება და ამ გადაწყვეტილებას ყველა პატივისცემით უნდა მოეკიდოს".

ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი): "მადლობა პოლიციას, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ასევე, მადლობა ნეაპოლელ გულშემატკივრებს, რომ ზღვარს არ გადავიდნენ და თამაში მშვიდობიანად ჩამთავრდა.

ეს იყო "იუვენტუსის" ყველაზე მშვიდი მოგზაურობა ნეაპოლში ბოლო 12 წლის განმავლობაში. კარგად მესმის, რომ ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, მაგრამ ამის გამო თვითგვემას არ უნდა მივეცეთ. "ნაპოლი" ძალიან ძლიერია საკუთარ მოედანზე და ვიცოდი, რომ რთული მატჩი გველოდა. მთავარია, რომ არ დავმარცხდით და ვინარჩუნებთ მდევრებთან სოლიდურ ფორას".

მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი): "მოგებას ვიმსახურებდით და შესაბამისად, მოპოვებული ერთი ქულით ვერ ვიქნები ბედნიერი. თუმცა, თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან აშკარად დავჯაბნეთ მეტოქე. სასიამოვნო იყო იმის ყურება, თუ როგორ მიეჯაჭვა საკუთარ საჯარიმოს "იუვენტუსი".

ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. "რომასთან" სხვაობა გაიზარდა, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 8 ტურია და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. წინ 8, ფინალის ტოლფასი მატჩი გველოდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული