ექტორ ბელერინი "არსენალში" კიდევ 6 წლით დარჩა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალმა" საწადელს მიაღწია და ექტორ ბელერინთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ახალი შეთანხმების მიხედვით, 21 წლის ესპანელი მცველი, რომელიც ორი სეზონია დიდებულად გამოიყურება, კიდევ 6 წლით "მეთოფეთა" საკუთრებაში რჩება და კვირაში 100 ათას გირვანქას მიიღებს, რაც მას "არსენალის" ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

გუშინ ბელერინმა ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ყური დაიზიანა და ლონდონში ტრავმირებული ბრუნდება.

ამასობაში, არსენ ვენგერთან სერიოზული საუბრისთვის ემზადება ოლივიე ჟირუ, რომელსაც სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ სიამოვნებს და თანამემამულის პოზიცია აინტერესებს. მწვრთნელმა ჟირუს გარკვეული გარანტიები უნდა მისცეს, თორემ ოლივიე, ალბათ, წასვლაზე
დაიწყებს ფიქრს. იგი უკვე 30 წლისაა და თადარიგში ყოფნისთვის დასაკარგი დრო არ აქვს, რამაც შესაძლოა, ნაკრებში ადგილიც დააკარგვინოს.

ვრეცლდება კიდევ ერთი კულუარული ინფორმაცია - "მეთოფეები" ზაფხულში პიერ-ემერიკ ობამეიანგის სანაცვლოდ 90 მილიონ გირვანქას იხდიდნენ, მაგრამ "დორტმუნდმა" გაბონელთან განშორება არ ისურვაო.

თუ ეს მართალია, წარმოიდგინეთ, რამდენი უნდა შესთავაზონ მადრიდის "რეალმა", "მანჩესტერ იუნაიტედმა", "მანჩესტერ სიტიმ" და ობამეიანგის სხვა მსურველებმა ბორუსიელებს, რომ გერმანული გუნდის უფროსობა 27 წლის პიერ-ემერიკის გაყიდვაზე სერიოზულად დაფიქრდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული