რიად მაჰრეზი პრემიერლიგაში წლის ფეხბურთელად აღიარეს

AutoSharing Option
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ყოველწლიური ჯილდო რიად მაჰრეზს გადაეცა. ის წლის ფეხბურთელი გახდა და სავსებით დამსახურებულადაც, 25 წლის ალჟირელი დიდებულ სეზონს ატარებს. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების ნომინაციაში დელე ალი გახდა.

მაჰრეზი
რიად მაჰრეზს ამ სეზონში 28 გოლში აქვს მიღებული მონაწილეობა. მან 17 გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. ამ მხრივ მას თანაკლუბელი ჯეიმი ვარდი ეტოლება, რომელსაც 22 გატანილი აქვს და 6 საგოლე პასი გაკეთებული.

ვარდის ზღაპარიც თავბრუდამხვევია და არც სხვა კანდიდატებს, ასევე ლესტერელ ნ'გოლო კანტეს, ვესტჰემელ დიმიტრი პაიეს, არსენალელ მესუთ იოზილსა და ამჟამად
ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ, ტოტენჰემელ ჰარი კეინს დაეწუნებათ რამე, მაგრამ ალჟირელი, ალბათ, უფრო მეტად იმსახურებდა ამ აღიარებას.

ის, რასაც იგი მინდორზე აკეთებს, ადვილი შესამჩნევია და შესაძლოა, ყველაფერი ფურცელზე არ ფიქსირდებოდეს, მაგრამ გონებაში რჩება.

"ჩემი თანაგუნდელების გარეშე მე ამ ჯილდოს ვერ მოვიგებდი. ასევე, ჩემი მწვრთნელისა და სამწვრთნელო შტაბის გარეშე. მათ გარეშე ვერც გოლებს გავიტანდი და ვერც ახლა ვიდგებოდი აქ. ამიტომაც ეს ჯილდო მათ ეძღვნება. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რადგან როდესაც სხვა ფეხბურთელები გაღიარებენ და გამოგარჩევენ, ესე იგი, მართლაც არ თამაშობ ცუდად. ეს სასიამოვნოა და მოტივაციის მომცემია" - განაცხადა მაჰრეზმა, რომელიც "ლესტერში" 2014 წელს გადავიდა "ლე ავრიდან", სულ რაღაც 400 ათასად.

ალი
ერთი წლის წინათ "მილტონის" გამოზრდილი დელე ალი პირველ ლიგაში "როჩდეილთან" მატჩისთვის ემზადებოდა. "ტოტენჰემმა" ეს ნიჭიერი ნახევარმცველი სწორედ "მილტონიდან" იყიდა 2015-ის ზამთარში და სეზონის ბოლომდე იქვე დატოვა იჯარის წესით.

ახლა კი მოთამაშე, რომელიც 11 აპრილს გახდა 20 წლის, ასეთ პრესტიჟულ ჯილდოს იგებს და "ტოტენჰემს" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ეხმარება. ალი უკვე ინგლისის ნაკრებშიც დამკვიდრდა და ეჭვი აღარავის ეპარება, რომ როი ჰოჯსონი მას საფრანგეთში თან იახლებს. რატომაც არა - ალი მშვენივრად თამაშობს, 32 მატჩში 10 გოლი დაუგროვდა და 9 საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

ის ამ სეზონში იმდენად შთამბეჭდავია, რომ საუკეთესო ახალგაზრდის ნომინაციაში მარჩიელობა საერთოდ არ გახლდათ საჭირო იმის მისახვედრად, თუ ვინ იქნებოდა გამარჯვებული. ჯილდო კი დელეს ნაცვლად "ტოტენჰემის" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ოსვალდო არდილესმა ჩაიბარა, რადგან ალი კლუბთან ერთად "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩისთვის ემზადებოდა და ცერემონიაზე ყოფნის დრო არ ჰქონდა.

სამაგიეროდ, მან ვიდეომიმართვა გაგზავნა:

"მადლობა ოსის, "ტოტენჰემის" ლეგენდას, რომ ეს ჯილდო ჩემ ნაცვლად ჩაიბარა. ბოდიში, რომ ახლა ცერემონიაზე ვერ ვარ, მაგრამ წინ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს".

წლის გუნდი
წლის სიმბოლურ ნაკრებში "ლესტერსა" და "ტოტენჰემს" ჯამში 8 წარმომადგენელი ჰყავს, თითო "არსენალს", "ვესტ ჰემსა" და "მანჩესტერს". ნომინანტი იოზილი, ბევრის გასაკვირად, თამაშგარეში დარჩა. "მეთოფეების" ეული ემისარი კი ბელერინია, რომელსაც მართლაც საგრძნობი პროგრესი აქვს.

"სიტის", "ჩელსის", "ლივერპულის" მოთამაშე სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა.

წლის სიმბოლური ნაკრები:

დე ხეა - ბელერინი, მორგანი, ალდერვეირელდი, როუზი - კანტე, ალი, პაიე, მაჰრეზი - ვარდი, კეინი.

ჯილდო დამსახურებისთვის
42 წლის რაიან გიგსს სავსებით სამართლიანად გადასცეს "ოსკარი დამსახურებისთვის". ფეხბურთელობის ჟამს მას წლის მოთამაშის წოდება 200 წელს აქვს მოპოვებული.

ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა 1992 და 1993 წლებში გახდა.

"როდესაც მსგავს ჯილდოს იგებ, ხედავ, ვინ არის გარშემო; იაზრებ, როგორ მოთამაშეებს აქვთ ის მოგებული და ორმაგად გსიამოვნებს, რომ მათ გარემოცვაში და სიაში მოხვდი. გამიმართლა, რომ მსგავსი აღიარება მხვდა წილად და მადლობელი ვარ" - აღნიშნა გიგსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული