ფანტასტიკური ვარდი - ჯეიმი ვარდის მორიგი გაბრწყინება

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლესტერი" პრემიერლიგის ლიდერად რჩება. ცბიერი იტალიელი მწვრთნელის, კლაუდიო რანიერის თამამმა "მელიებმა" "ლივერპულთან" შესანიშნავად ითამაშეს (2:0). გუნდი ახლა სამი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ "მანჩესტერ სიტის" და 10-ით მეხუთეზე მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედს". ჯეიმი ვარდიმ მინი-პაუზა დუბლით დაარღვია და 18 გოლით ბომბარდირთა დავაშიც ლიდერობს. მას ერთი ბურთით ნაკლები აქვს კრიშტიანო რონალდოსა და ლუის სუარესზე.

არაამქვეყნიური სილამაზისა იყო მისი პირველი გოლი, როდესაც რიად მაჰრეზმა გრძელი პასი გააკეთა და ვარდიმაც ბურთს ისეთი ამოსცხო და ისე შეასრულა, რომ "ლივერპული" ამ ერთი დატყმით ნოკაუტში ჩააგდო. ერთხელ კი
ლესტერშირელებმა ისეთი ლამაზი კომბინაცია გაათამაშეს, "ბარსელონას" რომ შეშურდებოდა.

დასანანია, რომ გოლამდე ამ მომენტში ცოტა დააკლდათ. კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოხდა და ითქვა. ამიტომაც დროა, კომენტარებს გადავავლოთ თვალი. აჯობებს, თავად ვარდით დავიწყოთ, რომელიც უკვე 29 წლის კი არის, მაგრამ მაინც ბევრი მსურველი ჰყავს, 2012 წელს "ფლიტვუდიდან" 1 მილიონ გირვანქად ნაყიდი თავდამსხმელი კი თავად ამბობს, რომ არსად წასვლა არ სურს და "ლესტერში" დიდი ხნით აპირებს დარჩენას...

"ამ მითქმა-მოთქმაზე ვერაფერს გეტყვით. აქ დიდი ხნით მინდა დარჩენა და მოქმედი კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს გუნდთან" - განმარტა ვარდიმ.

"ვარდის პირველი გოლი დაუჯერებლად ლამაზი და კარგი იყო. ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ იგი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა და თან შეასრულებდა. ჩვეულებრივი ბურთი და პასი საუცხოოდ აქცია. ჯეიმის დიდებული სეზონი აქვს" - აღნიშნა "ლესტერის" ნახევარმცველმა დენი დრინკვოტერმა.

კლაუდიო რანიერი: "საოცარია. პირველი გოლი უნიკალური გახლდათ. ჯეიმი ძალიან სწრაფია და აღარ გვაკვირვებს, მაგრამ მაინც დაუჯერებელია, როგორ იპოვა ერთი გადაცემით იგი ასე მაჰრეზმა და მერე, როგორ მოასწრო სიტუაციის შეფასება და ასე შესრულება ვარდიმ. ეს ფანტასტიკური გოლი იყო".

"რა თქმა უნდა, ჩვენი თამაში არ მომეწონა. ბევრად უკეთ უნდა გვეთამაშა. პასების გაკეთება და მომენტების შექმნა გვიჭირდა. მხოლოდ ნახევრად მომენტებს ვქმნიდით. არადა, კარგი შანსი გვქონდა გვეჩვენებინა, რომ მზად ვიყავით. ცოტა ხანი მჭირდება, რომ დავმშვიდდე და მატჩი კიდევ ერთხელ ვნახო ჩანაწერში" - განაცხადა დამარცხებულმა იურგენ კლოპმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რონალდო და სუარესი რა შუაშია პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში თუ ლიდერობს? რაიმე ვერ გავიგე სწორად? გარეთიანდა ინგლისი ესპანეთი?
mindia
04:37 05-02-2016
0

სიახლეები პოპულარული