"მანჩესტერ იუნაიტედი" სატრანსფერო ცენტრად იქცა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" გარშემო სატრანსფერო მითქმა-მოთქმა უწყვეტად გრძელდება. როგორც ამბობენ, "წითელი ეშმაკები" უკვე ორჯერ ცდილობდნენ გარეთ ბეილის შეძენას და "რეალისგან" 100 მილიონ გირვანქაზე მიიღეს უარი, ახლა კი შესაძლოა, 125 მილიონის გადახდაზეც იფიქრონ. გაყიდის თუ არა უელსელს "სამეფო კლუბი", უცნობია, ესპანურმა გრანდმა სერხიო რამოსის თაობაზე უკვე უთხრა საბოლოო უარი "წითელ ეშმაკებს".

საპირისპიროდ, მანჩესტერელები ყველანაირად ცდილობენ, დავიდ დე ხეა დააკავონ და არ გაუშვან მადრიდში, მაგრამ უკანასკნელი ინფორმაციით, "რეალმა" შესაძლოა, კვირის ბოლომდე მაინც თავისი გაიტანოს და დე ხეას ტრანსფერი გაოფიციალურდეს.

ამ კლუბებს შორის შესაძლოა,
კიდევ ერთ ფეხბურთელზე შედგეს მოლაპარაკება, ეს პეპეა. იგი "რეალს" აღარ სჭირდება და ან თებერვლამდე უნდა გაყიდოს, ანაც მომავალ ზაფხულს უფასოდ დაკარგოს. "მანჩესტერი" კი პორტუგალიელით დაინტერესებული ყოფილა.

ერთი თემაც, რომელზეც ასევე უნდა ვთქვათ, პედრო როდრიგესის სავარაუდო ტრანსფერია. ამაზეც ძალიან დიდი ხანია, მიდის ლაპარაკი და ბრიტანულ-ესპანური ჟურნალ-გაზეთები წერენ, რომ 28 წლის შემტევი შესაძლოა, სულ მალე გაემგზავროს კატალონიიდან "ოლდ ტრაფორდისკენ". მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

დიდი გაურკვევლობა და კულუარული საუბრები ანხელ დი მარიას გარშემო დასასრულს უახლოვდება.

იგი, ფაქტობრივად, გადასული გვეგონა "პარი სენ-ჟერმენში", მაგრამ ბოლო მომენტში, რაღაც აირია და ტრანსფერი შეფერხდა. თითქოს, სამედიცინო შემოწმება იმიტომ გადაიდო, რომ მშობლიური არგენტინიდან დოჰაში 20-საათიანმა მგზავრობამ დი მარია გადაღალა და პროცედურაც საჩქარო არ იყო.

გამოძინებულმა არგენტინელმა კი "ასპეტარის ჰოსპიტალში", ბოლოს და ბოლოს, გაიარა სამედიცინო შემოწმება. ასე რომ, მხოლოდ კონტრაქტზე რჩება ხელი მოსაწერი და ვინ იცის, ეს სწორედ ამ წამებში ხდება.

პსჟ-ის მიზანია, ტრანსფერის ოფიციალურად გაფორმება პარასკევამდე მოასწროს. პარასკევს ლიგა 1 იწყება, დედაქალაქელები "ლილს" სტუმრობენ. "პარი სენ-ჟერმენი", რომელმაც წინა სეზონში საფრანგეთის მასშტაბით ყველაფერი მოიგო, ახალ სეზონშიც დიდი და შორსმიმავალი გეგმებითაა.

2 აგვისტოს ლორან ბლანის ბიჭებმა სუპერთასი მოუგეს "ლიონს" და ახლა მოქმედი ჩემპიონისა და ფავორიტის სტატუსი უნდა გაამართლონ და პირველ ტურში იმარჯვონ. შთაბეჭდილების მოხდენაში პსჟ-ს კლუბის მაისურაში გამოწყობილი დი მარია უფრო დაეხმარება.

პარიზული გუნდის ბანაკში კი უკვე ისეთი განწყობაა, რომ ანხელს ფეხბურთელები თანაგუნდელად თვლიან და მასზე აღფრთოვანებით საუბრობენ. მაგალითად, ბრაზილიელი ტიაგო სილვა ამბობს, რომ 27 წლის შემტევს პსჟ-ის რიგებში გადასვლა სასიკეთოდ წაადგება და ეს მისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული