ჟოზე მოურინიო მიწიერია

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" ჩემპიონშიპის ერთ-ერთ ლიდერ "დერბი ქაუნთის" 3:1 მოუგო და ლიგის თასის ნახევარფინალში გავიდა. ჟოზე მოურინიოს გუნდი ამ ტიტულის მოგებას მეხუთედ აპირებს. "ლურჯების" აქამდელი ტრიუმფები 1965, 1998, 2005 და 2007 წლებში შედგა.

"ჩელსის" რიგებში თავისი პირველი გოლი გაიტანა ფილიპე ლუიშმა. ამ წვიმიან შეხვედრაში თავი გამოიჩინეს ედენ აზარმა და ანდრე შურლემაც. "ცხვრები" თამაშში თითქოს მაშინ დაბრუნდნენ, როდესაც ანგარიში 71-ე წუთზე 1:2 გახადეს, მაგრამ აქედან 7 წუთში ჯონათან მოსმა ჯეიკ ბაქსტონი ლოიკ რემისთან ინციდენტისას ძალიან საკამათო სიტუაციაში გააძევა და დერბელთა იმედებს წერტილი
აქ დაესვა.

"ჩელსისთვის" ცუდი ამბავი იყო ის, რომ ტრავმები მიიღეს დიდიე დროგბამ და კურტ ზუმამ. რამდენად სერიოზულია მათი დაზიანებები, ექიმები მალე გაარკვევენ. თუმცა, წესით, განსაკუთრებული არაფერი უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, "განსაკუთრებულის" სიტყვებს თუ დავუჯერებთ.

"დერბის" მთავარი მწვრთნელი სტივ მაკლარენი: "როდესაც სხვაობა შევამცირეთ, დაახლოებით 20 წუთი რჩებოდა და ძალიან საინტერესო ფინიშს მივიღებდით, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ გაგვძარცვეს. ბაქსტონის გაძევებას სასაცილოც არ ეთქმის. ამ გადაწყვეტილების გავასაჩივრებაზე ვიფიქრებთ".

ბრიტანული პრესა კი უკვე იმაზე ალაპარაკდა, რომ "ჩელსიმ" ამ სეზონში შეიძლება ერთგვარი პოკერი შეასრულოს, მოიგოს პრემიერლიგა, ასოციაციის თასი, ლიგის თასი და ჩემპიონთა ლიგა... თუმცა მოურინიო ამაზე საუბარს თავს არიდებს.

"ამაზე საუბარს და ფიქრს ამჟამად არ ვაპირებთ. ერთი კვირის წინ თქვენ, ჟურნალისტები იმაზე საუბრობდით, რომ შეიძლებოდა სეზონი წაუგებლად დაგვემთავრებინა, მაგრამ როგორც ხედავთ, ერთი მატჩი უკვე წავაგეთ.

ახლა ყველა ტიტულის მოგებაზე დაიწყეთ საუბარი. სინამდვილეში მიწაზე მყარად უნდა დავრჩეთ და მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ. რაც შეეხებათ ტრავმირებულებს, ზუმას ტრავმა სერიოზული ჩანდა და პირიდან სისხლიც წამოუვიდა, მაგრამ ის ნორმალურადაა. დროგბა კი თავისი შემართებითა და ხასიათით, ეჭვი მაქვს, უპრობლემოდ მოასწრებს "სტოკისთვის" მომჯობინებას" - განაცხადა მოუმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული