რომან აბრამოვიჩის 10 წელი: რა გაკეთდა ლონდონის "ჩელსიში" ამ დროში

AutoSharing Option
ივნისის ბოლოს 10 წელი შესრულდა რომან აბრამოვიჩის მიერ "ჩელსის" შეძენიდან. ამ ამბავს ბრიტანულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ექსპერტებმა ათწლეული შეაჯამეს.

"ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა რეი უილკინსმა ინგლისურ ფეხბურთში ოლიგარქის უარყოფით როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწორედ აბრამოვიჩის სახელს უკავშირდება პრემიერლიგაში ლეგიონერთა მოზღვავება, რაც ასაკობრივ თუ ეროვნულ ნაკრებებს პროგრესში ხელს უშლის.

ამჯერად, თქვენი ნებართვით, "ჩელსის" აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელის ბრიუს ბაკის შეფასებას გაგაცნობთ. ეს არის ადამიანი, ვინც კლუბს 30 წელია გულშემატკივრობს და 22 სეზონია "სტემფორდ ბრიჯის" აბონემენტს ფლობს.

- მახსოვს დრო, როცა
თამაშებს აღმოსავლეთი ტრიბუნიდან ვუყურებდი და ვცდილობდი, გამომეცნო, მე-12 ადგილზე გავიდოდით ჩემპიონატში თუ მე-13-ზე. ახლა ცუდ ხასიათზე ვდგებით, როცა პრემიერლიგას ვერ ვიგებთ.

ამბიციები კარგია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ტიტულების მოპოვება არც ისე მარტივი საქმეა. დღევანდელი მდგომარეობისთვის რომ მიგვეღწია, ძალიან დიდი ჯაფა დაგვჭირდა. რომ არა მისტერ აბრამოვიჩი, ვერ ვიქნებოდით იქ, სადაც ვართ და უკანასკნელ ათწლეულში ამხელა წარმატებებს ვერ მივაღწევდით.

აბრამოვიჩი მოვიდა თუ არა, მაშინვე მიხვდა, რომ იმ საწვრთნელი პირობებით, რომელიც ჰითროუსთან ახლოს გვქონდა, მსოფლიო დონის კლუბის აშენება შეუძლებელი იქნებოდა. ასე რომ, მან გამალებით დაიწყო ახალი ბაზისთვის გამოსადეგი უძრავი ქონების ძებნა.

პროცესმა დიდი დრო წაიღო. კლუბის მესაკუთრე და სხვა ხელმძღვანელები მოგზაურობდნენ ინგლისში, ევროპაში, ამერიკაშიც კი, რათა საუკეთესო მაგალითები შეესწავლათ. მიმხვდარიყვნენ, რა იქნებოდა "ჩელსისთვის" უკეთესი.

"კობემის" ნებისმიერი დამთვალიერებელი დამეთანხმება, რომ ჩვენი ბაზა უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. გუნდი უკვე სრულად აღჭურვილ ბაზაზე გადმოვიდა, რომელშიც მოგვიანებით საკლუბო აკადემიაც გაიხსნა.

მართალია, ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, მაგრამ გუნდზე ის მომენტალურად ვერ აისახებოდა. სამაგიეროდ, განვითარების მიმართულებები გამოიკვეთა. ჩვენი მიზანი თავიდანვე ის იყო, რომ ჩვენს სისტემაშივე გაგვეზარდა ტალანტები. მისტერ აბრამოვიჩს დეტალებში აინტერესებდა ყველაფერი, რაც კი ბაზაზე ხდებოდა.

2003 წელს ის ფეხბურთის ერთი რიგითი გულშემატკივარი იყო, წლების განმავლობაში კი ნამდვილ საფეხბურთო ექსპერტად იქცა. ის დიდ დროს ატარებს ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად და ხშირად ურთიერთობს მწვრთნელებთან. ფეხბურთში ის უკვე კარგად ერკვევა.

აბრამოვიჩს ნამდვილად აინტერესებს ახალგაზრდა მოთამაშეების აღზრდა. ყოველთვის, როცა "კობემს" სტუმრობს, ასაკობრივი გუნდების თამაშებს უყურებს და მერე ბიჭებთან სასაუბროდ მიდის ხოლმე.

რომანი გაოცდა, როცა კლუბში მოსვლის პირველ დღესვე შეიტყო, რომ ჩვენს ყოფილ ფეხბურთელებთან ყველასთან ერთნაირი დამოკიდებულება არ გვქონდა. მან 2003 წლის ზაფხულზევე მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გვეზრუნა მემკვიდრეობაზე, პატივი გვეცა გულშემატკივრებისა და "ჩელსის" ვეტერანებისთვის.

მას მერე ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ასე გაჩნდა ფონდი, რომელიც "ლურჯების" ყოფილ წევრებს ეხმარება როგორც ფინანსურად, ისე სამედიცინო მომსახურებისა და დასაქმების თვალსაზრისით. ანალოგიური დამოკიდებულებაა კლუბის აქციონერთა მიმართაც.

აბრამოვიჩი საქველმოქმედო საქმიანობას ყოველთვის კლუბის სახელით ეწეოდა. მას მიაჩნია, რომ ვალდებულია საზოგადოების სასარგებლოდ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. მაგალითად, დაეხმაროს ბავშვებს, უნარშეზღუდულ პირებს. "ჩელსის" ფონდი ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას აქცევს.

2010 წლიდან, ანუ ფონდის დაარსების პერიოდიდან ჩვენ უამრავი პროექტი დავაფინანსეთ, სადაც ათასობით ადამიანი იყო ჩართული. მსგავსი რამ ხდებოდა არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც.

კლუბის საქმიანობის მიმართულებები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მაგალითად, "ჩელსიმ" შეცვალა საკლუბო ლოგო. ახალი ვერსია 1905 წელს შემუშავებულის ადაპტირებული ვარიანტი გახლავთ. გულშემატკივრები ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ მომავალი ყოველთვის წარსულის ფესვებზე უნდა ყოფილიყო დაყრდნობილი და საკუთარი ისტორიისთვის პატივი უნდა გვეცა.

ეს იდეა აბრამოვიჩის ეპოქის სულში იდეალურად ჯდება.

კლუბის მესაკუთრეც, მმართველი საბჭოც და გუნდის მთავარი მწვრთნელიც ერთ აზრზე ვართ: "ჩელსის" ყოველთვის უფრო მეტი ენდომება, ვიდრე მიაღწია და მუდამ ახალი გამოწვევების მოლოდინში ვიქნებით. ამიტომ ის მხოლოდ წინ ივლის. ეს ნიშნავს, რომ მეტ ტიტულს მოვიგებთ და აკადემიიდან სულ უფრო ხშირად გადავიყვანთ ფეხბურთელებს ძირითად გუნდში.

კლუბის მესაკუთრემ გულშემატკივრებს 10 წლის განმავლობაში ბევრი ბედნიერი წუთი აჩუქა, მაგრამ ამ თემაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობს. რასაც აკეთებს, მხოლოდ "ჩელსისა" და იმ ხალხის საკეთილდღეოდ, რომლებიც მას გარს არტყია და საპასუხოდ არასოდეს ითხოვს აპლოდისმენტებს.

აღვნიშნავდი ორ განსაკუთრებულ მომენტს ბოლო წლების ისტორიიდან: პირველი, როცა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩემპიონატში ვიმარჯვეთ, მეორე - მიუნხენში ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფი. ეს განსაკუთრებულად ემოციური, პარალელურად კი სტრესული დღეები იყო
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რომან აბრამოვიჩის "ჩელსის" საუკეთესო და უცუდესი ტრანსფერები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული