"ლილი ბრიჯი" - რომან აბრამოვიჩის ახალი იმედი

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ გამოცემა "დეილი მეილმა" "ჩელსის" უძველესი ოცნების აღორძინებაზე შემოგვთავაზა მასალა. მოგეხსენებათ, რომან აბრამოვიჩს შვილობილი კლუბისთვის სუპერთანამედროვე სტადიონის აშენება ჰქონდა განზრახული, მაგრამ ლონდონის ცენტრში საკმარისი ფართის მიწის ნაკვეთი არა და არ გამოჩნდა.

და აი, "ჩელსის" ამის შანსი, შესაძლოა, კიდევ ერთხელ მიეცეს, როცა ლონდონის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი 17 აკრის (69 ათასი კვ/მ) ფართი, სახელად "ლილი ბრიჯი", გასაყიდად გამოვა. თუმცა საუკეთესო შემთხვევაში, ეს 2014 წლის გაზაფხულზე თუ მოხდება. ამჟამად მასზე რკინიგზის ხაზებით დაქსელილი სატრანსპორტო დეპოა მოწყობილი.

ლონდონის ცენტრში დიდი ხანია, რაიონ
ერლ კორტის რეკონსტრუქციას აპირებენ. გენერალურ გეგმაში სამუშაოები სულ 77 აკრზეა დაგეგმილი, საიდანაც 17-ზე სწორედ "ლილი ბრიჯია" გადაჭიმული. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია მას ღია ვაჭრობის წესით უპირებს გაყიდვას.

"ჩელსის" გარდა, მიწის შეძენით დაინტერესებულია ასევე ძალიან ძლიერი კონსალტინგური კომპანია "კეპკო". ასე რომ, ჟურნალისტები მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ ფირმასა და რუს ოლიგარქს შორის სააუქციონო ომს ელიან. დაიწყო თუ არა რომელიმე დაინტერესებულმა მხარემ კონსულტაციები ლონდონის სატრანსპორტო კომპანიასთან, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მიწის ნაკვეთის სასტარტო ღირებულება 200 მილიონ ფუნტს აღწევს, თუმცა მესაკუთრე არც იმას გამორიცხავს, რომ ის ხანგრძლივი საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, ე.წ. ლიზინგით გასხვისდეს. "ლილი ბრიჯისთვის" ბრძოლის მოგების შემთხვევაში "ჩელსი" შეძლებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს" საშინაო შეხვედრებზე დასწრებაში სათანადო კონკურენცია გაუწიოს, რაც, ცხადია, მის შემოსავლებზეც სათანადოდ აისახება.

აღსანიშნავია, რომ "ემირეიტსიც" ზუსტად 17 აკრზეა განლაგებული და ის 60 ათას მაყურებელს იტევს, მაშინ, როცა "სტემფორდ ბრიჯზე" მხოლოდ 41 837 ადამიანს შეუძლია ფეხბურთზე დასწრება. ძველი სტადიონის სრულფასოვანი რეკონსტრუქცია "ჩელსის" 600 მილიონ ფუნტამდე უჯდება, რის გამოც რომან არკადიჩს ახალი არენის აშენება ურჩევნია.

აუქციონში ჩართვამდე "ჩელსის" მთავარი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი: რაიონის თვითმმართველობის ორგანოსგან მან სტადიონის აშენების უფლება უნდა მიიღოს. წინასწარი ინფორმაციით კი, იქ მსგავსი იდეის ხმალამოღებული მოწინააღმდეგენი არიან. რომან აბრამოვიჩს საქმეზე ლონდონის მოქმედი მერის ზეგავლენის იმედი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული