პეპს გერმანიაში მობეზრდა, კარლიტო კი უკვე ბავარიულად ალაპარაკდა

AutoSharing Option
მაშ ასე: უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხოსეპ გვარდიოლა სამწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნს" დატოვებს და რეკორდმაისტერის ახალი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი იქნება.

"პეპს უდიდეს მადლობას ვუხდით ყველაფრისთვის, რაც ჩვენი გუნდისთვის 2013 წლიდან გააკეთა და რასაც ზაფხულამდე გააკეთებს, - ეს ბავარიული გრანდის შეფის, კარლ ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია. - დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ბოლომდე გვარდიოლა უფრო მეტად მოტივირებული იქნება, რათა ეს სეზონი დიდი მიღწევებით დაასრულოს".

ფაქტია, რომ პეპის მოღვაწეობა მიუნხენში სრულყოფილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ეს არის
ერთადერთი ტიტული (გერმანიის სუპერთასთან ერთად), რომელიც პეპს მიუნხენში არ მოუგია. წინა ორ სეზონში, პეპის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალებში ეთიშებოდა - 2014 წელს მადრიდის "რეალთან" (0:1/0:4), 2015-ში კი "ბარსელონასთან" (0:3/3:2).

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი 2013 წელს, ჩემპიონობა 2013-სა და 2014-ში, გერმანიის თასი 2013 წელს - ეს იმ ტიტულების ჩამონათვალია, რომლებიც 44 წლის გვარდიოლას ფორმაციის "ბაიერნმა" 2013 წლის ზაფხულის შემდეგ მოიგო. ახლა კი ერთობ საინტერესო პერსპექტივა:

წარმოიდგინეთ, რაოდენ უცნაური იქნება, წელს "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგოს - უცნაური იმ მხრივ, რომ 2013 წელს იუპ ჰაინკესის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო, მაშინაც ნაადრევად გადაწყდა, რომ "დონ იუპი" მიუნხენიდან აიბარგებოდა.

"ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში რუმენიგე ადასტურებს, რომ გვარდიოლას ახალი გამოწვევები იზიდავს. პეპმა თვითონ თქვა უარი "ბაიერნში" დარჩენაზე, რის გამოც აბსოლუტურად ლეგიტიმურია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ესპანელს "ბაიერნში" მობეზრდა. გვარდიოლას მიაჩნია, რომ მიუნხენურ გრანდში სამ წელიწადზე მეტხანს არ უნდა დარჩენილიყო.

თავის დროზე, პეპმა "ბარსელონაზეც" თქვა, კატალონიურ გრანდში მეოთხე წლის გატარება შეცდომა იყოო. ყველა გზა იქით მიდის, რომ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" გაწვრთნის - გუნდს, სადაც მისი ძველი კოლეგები "ბარსადან", ფერან სორიანო (დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე) და ჩიკი ბეგირისტაინი (სპორტული დირექტორი) მუშაობენ.

ახლა რაც შეეხება პეპის შემცვლელს: "ბაიერნის" თავკაცი ზაფხულიდან 56 წლის იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი გახდება - კაცი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. კარლიტო რეკორდმაისტერთან კონტრაქტს 2019 წლამდე გააფორმებს.

"ანჩელოტი არის მწვრთნელი, რომელმაც ყველგან წარმატებებს მიაღწია და სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. კარლო მშვიდი, გაწონასწორებული პროფესიონალია, რომელმაც იცის, როგორ უნდა იმუშაოს ვარსკვლავებთან და რომლის გუნდებიც ყოველთვის მრავალფეროვან ფეხბურთს თამაშობდნენ. ჩვენ სწორედ ასეთ სპეციალისტს ვეძებდით და ვიპოვეთ კიდეც", - განაცხადა რუმენიგემ.

"ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ მომავალი სეზონიდან დიდი "ბაიერნის" მწვრთნელი გავხდები. როდესაც მიუნხენელებისგან წინადადება მივიღე, არცერთ სხვა კლუბზე აღარ მიფიქრია. "ბაიერნს" და გვარდიოლას ამ სეზონში წარმატებებს ვუსურვებ", - ეს კი თავად ანჩელოტის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი უკვე წვრთნიდა ისეთ გუნდებს, როგორებიცაა: "იუვენტუსი", "მილანი", "ჩელსი", პსჟ და "რეალი", რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის ყველა ტოპ-ლიგაში მოღვაწეობდა - გარდა გერმანიისა. ახლა კი სწორედ გერმანიაში მიდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული