პედრო როდრიგესის ტრანსფერის ექო: ის ისევ ის პედრიტოა...

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი პედრო როდრიგესის "ბარსელონადან" ლონდონის "ჩელსიში" გადასვლაა.

28 წლის ფორვარდის სანაცვლოდ ჟოზე მოურინიოს გუნდმა "ბარსას" 26,6 მილიონი ევრო გადაუხადა. პედროს სატრანსფერო თანხა პოტენციურად შესაძლოა, 30 მილიონ ევრომდე გაიზარდოს. ფეხბურთელი მომდევნო 4 წელიწადს "ჩელსიში" გაატარებს და უკვე მოაგებინა ამ გუნდს პირველი თამაში, როცა სადებიუტო შეხვედრაში, "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" წინააღმდეგ (3:2 "ჩელსის" სასარგებლოდ) გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

თბილისის უეფას სუპერთასის გმირი შესანიშნავად მოერგო "ჩელსის" და პრემიერლიგას. იცით, სად გაუხარდათ ყველაზე მეტად პედროს ტრანსფერი? კანარის კუნძულებზე! კერძოდ
კი, კუნძულ ტენერიფეს პატარა ქალაქ გრანადილია დე აბონაში, სადაც სან ისიდროს ცნობილი ეკლესიაა.

საქმე ისაა, რომ პედრო 28 წლის წინათ სანტა კრუს დე ტენერიფესთან ახლოს, აბადესში დაიბადა და ერთადერთი კლუბი, სადაც "ბარსას" გარდა უთამაშია, ზემოთ აღნიშნული ქალაქის "სან ისიდროა". 17 წლის ტალანტი "ბარსამ" სწორედ ამ შორეული მხარიდან წაიყვანა და "ბარსას" 19-წლამდელთა გუნდში ჩარიცხა.

ახლა კი "სან ისიდროს" ხეირის დრო დადგა - "ბარსელონამ" პედრომ "ჩელსიში" გაყიდა, 2004 წელს შედგენილ სატრანსფერო დოკუმენტში კი შავით თეთრზე ეწერა - პედრო როდრიგესის მომდევნო ტრანსფერის შემთხვევაში, "სან ისიდროს" "ბარსასგან" გარკვეული, მიზერული წილი ეკუთვნოდა. ესეც რომ არა, ფიფას წესდებით, კლუბს, რომელიც 17 წლამდე ფეხბურთელს აღზრდის, მომავალი ტრანსფერიდან კომპენსაცია ეკუთვნის.

დრო გავიდა, პედრო ნამდვილ ბარსელონელად იქცა და მან კლუბში 5-ჯერ იზეიმა ლა ლიგის გამარჯვება, სამჯერ დაეუფლა კოპა დელ რეის, 4-ჯერ ესპანეთის სუპერთასს, 3-ჯერ უეფას სუპერთასს (თბილისური ჯილდო მისთვის ბოლო ბარსელონური ტროფეი გამოდგა), ორჯერ კი "ბარსელონასთან" ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი გახდა.

უკვე აღარავინ ფიქრობდა, რომ ის გუნდიდან წავიდოდა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და ლუის სუარესის და ნეიმარის მისვლამ პედროს პოზიციები შეარყია კატალონიურ გრანდში. მან სასტარტოში ადგილი სტაბილურად დაკარგა - მართლაც, ძნელია, როცა ლეო მესი, სუარესი და ნეიმარი მწყობრში არიან, ეს უძლიერესი ტრიო დაარღვიო. პედროს პერსპექტივა ესპანეთის ნაკრებშიც საეჭვო გახდა...

მოკლედ, პედრო "ნისლიან ალბიონზე" წავიდა, ის "ჩელსიმ" ლამის ცხვირწინ ააცალა "მანჩესტერ იუნაიტედს", ხოლო "სან ისიდროს" ხელმძღვანელობამ ფიესტა მოიწყო, რადგან ის "მიზერული" წილი, რომელიც მათ ამ ტრანსფერიდან ეკუთვნოდათ, ევროებში, არც მეტი, არც ნაკლები, 450 ათასი ევრო აღმოჩნდა! თითქმის ნახევარი მილიონი ევრო 11 წლის წინათ გასხვისებული ჭაბუკის სანაცვლოდ! კლუბისთვის, რომელიც ტერსერა დივიზიონის (ესპანური საკლუბო ფეხბურთის მეოთხე დონე) მე-12 ქვეჯგუფში თამაშობს, ეს უზარმაზარი თანხაა.

"სან ისიდროს" მაშინდელი გუნდის მწვრთნელის ასისტენტი ივან როდრიგესი იხსენებდა:

"პედრო აქედან 20 კილომეტრში ცხოვრობდა. მის მამას არ შეეძლო ყოველდღიურად ეტარებინა ბიჭი ვარჯიშებზე, ამიტომაც ხშირად მე ვხვდებოდი ავტობუსის გაჩერებაზე და ვარჯიშის მერეც უკან ვაცილებდი. პედრო ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანი იყო, უდიდესი ენთუზიაზმით, რომელიც ირგვლივ ყველაზე მოქმედებდა. ის გუნდში აბსოლუტურად ყველას უყვარდა".

პედრო არც ახლა ივიწყებს მშობლიურ კუნძულს და პირველ გუნდს: "მესიჯებით ხშირად ვეხმიანებით. როცა მან წიგნი გამოსცა ბარსელონაში, ერთი ეგზემპლარი გამომიგზავნა ხელმოწერით. ის კუნძულზე ნამდვილი კერპია, ამიტომ აქ ჩამოსვლა ინკოგნიტოდ უწევს ხოლმე და ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. დიახ, მან ბევრს მიაღწია ფეხბურთში, მაგრამ ის ისევ ის პედრიტოა, როგორც წლების წინ იყო", - ამბობს ივან როდრიგესი.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "სან ისიდრომ" პედროს გამო იხეირა. ერთხელ "ბარსასაც" მოუწია ფიფას კანონმდებლობით, კომპენსაციის გადახდა, თუმცა მაშინ გაცილებით ნაკლებ თანხაზე იყო საუბარი.

"სან ისიდროს" პრეზიდენტი ხოსე ლორენსო გახარებულია, მისმა ჭკვიანურმა მოქმედებამ კლუბის ვალები 300 ათასი ევროდან 22 ათას ევრომდე შეამცირა, ახლა კი ის ამ ვალსაც იოლად გაისტუმრებს:

"ამ ფულით ყველა ვალს გავისტუმრებთ, რომლებიც ასე გვახრჩობს. ამ ფულის ნაწილით აპარტამენტებს შევიძენთ, რომლებიც თვეში 5-6 ათასი ევროს მოგებას მოგვიტანს. ამ სეზონისთვის ისედაც კარგი გუნდი დავაკომპლექტეთ, რომლის მიზანიც ერთი დონით მაღლა გადასვლა იქნება და მერე კლუბის განვითარებაზეც ვიფიქრებთ", - ამბობს ლორენსო.

აი, ასე, 11-12 წლის წინათ, 16 წლის ბიჭს იმდენად უყვარდა ფეხბურთი, რომ არ ეზარებოდა ყოველდღე 20 კილომეტრის გავლა სავარჯიშოდ და მერე უკან დაბრუნება. ეს გულმოდგინება არა მარტო მას დაუფასდა, არამედ იმ კლუბსაც, რომელმაც დიდი ფეხბურთისკენ გზა გაუკაფა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი ფეხბურთელია ძალიან
soso
17:22 27-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული