"სევილია": ვიტოლო დარჩა და "ატლეტიკო" გაანაწყენა

AutoSharing Option
სპეკულაციები, რომლებიც მრავლად იყო "სევილიას" ფორვარდ ვიტოლოსთან დაკავშირებით, წარსულს უნდა ჩაბარდეს, რადგან ანდალუსიურმა კლუბმა მასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა "სევილიას" ბედი 2022 წლამდე დაუკავშირა.

აქამდე მისი კონტრაქტი 2020 წლამდე იყო გათვლილი. ვიტოლო კლუბში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება და მიიღებს თითქმის იმდენს, რამდენსაც "სევილიაში" დაბრუნებული არგენტინელი ევერ ბანეგა. ვიტოლოს გამოსასყიდი თანხა 50 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

"სევილიას" ახალი თავკაცი ედუარდო ბერიცო გახარებულია, რადგან მისი მოთხოვნა იყო კლუბის მთავარი ფეხბურთელების შენარჩუნება. "დიარიო სევილიას" ცნობით, კლუბმა უკვე მიაღწია ფეხბურთელის წარმომადგენელთან შეთანხმებას
და ოფიციალურად ყველაფერი რამდენიმე საათში გამოცხადდება.

ვიტოლოს მადრიდის "ატლეტიკოს" უკავშირებდნენ, მაგრამ ამ უკანასკნელს გეგმები ფიფას სატრანსფერო აკრძალვამ აურია. ასე რომ, ვიტოლოსთვის საუკეთესო ნაბიჯი სწორედ ის იყო, რაც გადადგა კიდეც - "სევილიაში" დარჩენა.

შეგახსენებთ, რომ შარშან ანალოგიურ სიტუაციაში ფრანგმა კევინ გამეირომ "სევილიას" უარი უთხრა კონტრაქტის გაგრძელებაზე და "ატლეტიკოში" გადაბარგდა. იმავესგან ანდალუსიური კლუბი ფიფას აკრძალვამ დაიფარა.

"სევილიაში" ირწმუნებიან, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გუნდს ვიტოლოს გარშემო ააშენებენ, ის კი გუნდის პირველი კაპიტანი გახდება. ვიტოლო გუნდთან ერთად იაპონიაში გაფრინდება წინასასეზონო ტურნეზე.

საინტერესოა, რა რეაქცია გამოიწვია ვიტოლოს ამბავმა "ატლეტიკოში".

"ვიტოლომ კარგად იცოდა ჩვენი დაინტერესების შესახებ. ჩვენ ვაპირებდით მისი გამოსასყიდი თანხის გადახდას, მაგრამ მან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ეს თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებაა, ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ მასზე გაბრაზებულები", - განუცხადა "მარკას" "ატლეტიკოს" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. ამბობენ, რომ მშვიდად მიიღო ეს ამბავი დიეგო სიმეონემაც, რადგან მან წინასწარ იცოდა ვიტოლოს არჩევანის შესახებ.

* * *
ამასობაში "სევილიაში" იმყოფება ლუის მურიელი, რომელიც "სევილიას" რეკორდული შენაძენი იქნება - ესპანელები "სამპდორიას" 26 წლის ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს გადაუხდიან.

მისი გამოსასყიდი თანხაც 50 მილიონი ევრო იქნება. გუშინ "სევილიამ" წარადგინა ევერ ბანეგა და "ტიგრესიდან" დამატებული გვიდო პისარო, მურიელის წარდგენა კი ოდნავ მოგვიანებით გაიმართება.

* * *
ჯორდან ამავი "სევილიას" ფეხბურთელი ვერ გახდა - მან სამედიცინო შემოწმება ჩააგდო. ფრანგი დიდებულად თამაშობდა "ასტონ ვილაში", მაგრამ გუნდის გავარდნამ და მუხლის ტრავმამ მისი კარიერა საგრძნობლად დაწია უკან.

"ვილასა" და "სევილიას" შორის ყველაფერი შეთანხმებული იყო, ესპანელები 8 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ მცველის სამედიცინო ტესტებმა კლუბის ექიმები არ დააკმაყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული