საულ ნიგესი - კლუბისადმი ერთგულების სიმბოლო

AutoSharing Option
ბევრი მიიჩნევდა, რომ სეზონთაშორის პერიოდში "ატლეტიკო" დაიშლებოდა, მაგრამ მოხდა პირიქით: გუნდმა შეინარჩუნა მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, არ გაუშვა "მანჩესტერში" ლიდერი ანტუან გრიზმანი და ბოლოს ახალი, ცხრაწლიანი კონტრაქტი გაუფორმა ახალგაზრდა ვარსკვლავსა და მომავლის სიმბოლოს, საულ ნიგესს.

ერთადერთი, ვინც "ატლეტიკომ" ვერ შეინარჩუნა, ტეო ერნანდესია. პერსპექტიული მცველი "რეალში" გააგრძელებს კარიერას. საულს ერნანდესზე სთხოვეს აზრის გამოთქმა. ის უკვე ისე იქცევა, როგორც მადრიდული კლუბის ნამდვილი სიმბოლო.

"ის საკუთარ არჩევანში თავისუფალია. ტეო საკლუბო აკადემიის აღზრდილია და, წესით, ჩვენს ფესვებს ძალიან დიდ პატივს უნდა სცემდეს. მე გავიგე
იმ არჩევანის თაობაზე, რომელიც მან გააკეთა. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვათ: ჩვენ ჩვენს სიყვარულს ვაჩუქებთ მხოლოდ იმას, ვინც ამის ღირსია", - აღნიშნა საულმა. ნეტავ, ის მართლა ასე ფიქრობს? ეჭვის შეტანა ამაში ცოტა რთულია. ასე რომ არ ფიქრობდეს, "ატლეტიკოსთან" ხანგრძლივ ხელშეკრულებას არ გააფორმებდა.

ტეოს ჯერ არ უთამაშია ოფიციალური შეხვედრა "ათლეტების" შემადგენლობაში და მან უკვე დატოვა კლუბი. ამის პასუხად კი საული დარჩა, საული, ვინც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე არაერთხელ დაამახსოვრა კლუბის გულშემატკივრებს თავი შესანიშნავი თამაშითა და ულამაზესი გოლებით.

"ატლეტიკოში" ძალიან კარგად იციან, როგორ გააკეთონ პიარი. ეს აუცილებელიც კია, როცა შენი მთავარი მტერი მადრიდის "რეალია" და ბრძოლა მასთან გიწევს. მოვლენათა ასეთი განვითარების შემდეგ საული კლუბის ნამდვილ სახედ და სიმბოლოდ იქცა. რა კარგია საული და რა ცუდია ტეო - დაახლოებით ასეთი შინაარსისაა ეს პიარი.

"ატლეტიკოსათვის" საული მომავლის იმედია. ის განასახიერებს რწმენას, რომლის თანახმადაც გუნდი სახეს მომავალი სეზონის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნებს. სწორედ ამას ნიშნავს ცხრაწლიანი კონტრაქტი. მერე რა, თუ ფიფას და უეფას რეკომენდაციით, სასურველია, რომ კლუბმა და მოთამაშემ ერთმანეთს ბედი ხუთ წელზე მეტით არ დაუკავშირონ.

ეს მხოლოდ ფიფას სურვილია, ესპანური საფეხბურთო კანონმდებლობა კი ყველაფერს თავის თარგზე ჭრის. გავიხსენოთ ცოტა შორეული მაგალითი: 1997 წელს დენილსონმა "ბეტისთან" თერთმეტწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

საულის კონტრაქტი "ათლეტებთან" მხოლოდ 2021 წელს იწურებოდა, მაგრამ მან ახლავე გადაწყვიტა მისი გახანგრძლივება. ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია. მართალია, ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალი დათმო გერმანელებთან, მაგრამ ამან ვერ დააკნინა ფეხბურთელის შესანიშნავი თამაში, ვინც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

საულის თვისებებიდან განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ ის, რომ მნიშვნელოვან მატჩებში ახალგაზრდა ფეხბურთელი უბრალოდ შეუჩერებელია. გასულ სეზონში მან "ათლეტების" შემადგენლობაში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ გოლებისა და პასების დიდი წილი სწორედ მნიშვნელოვან შეხვედრებზე მოდის.

საულის კიდევ ერთი შეუფასებელი თვისებაა ის, რომ ის ნაღდი უნივერსალია. მას თამაში შეუძლია აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე და დიეგო სიმეონე იყენებს კიდეც მას იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება.

საული თავისი მებრძოლი სულით "ატლეტიკოს" ისტორიასა და ტრადიციას განასახიერებს. 2015 წელს მას "ლევერკუზენის" ბერძენმა მცველმა კირიაკოს პაპადოპულოსმა ტრავმა მიაყენა. ამის შემდეგ გარკვეული ხნის განმავლობაში საული კათეტერით თამაშობდა, ყველა შეხვედრის დასრულების შემდეგ სისხლიანი იყო. ამის თაობაზე ბევრმა საერთოდ არაფერი იცის.

"მე ჯანმრთელობას ვრისკავდი, მაგრამ განა რამე შეედრება იმას, როცა შენ გადიხარ სათამაშოდ გადაჭედილ "ვისენტე კალდერონზე" და "ატლეტიკოს" ქომაგები შენს სახელს სკანდირებენ? ეს ყველაზე დიდებული მომენტია", - ამბობს საული.

რაც შეეხება ახალ კონტრაქტს, საულმა კომენტარი ამის თაობაზეც გააკეთა. "როცა "ატლეტიკოს" ხელმძღვანელმა მიგელ ანხელ ხილმა ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, მე მას ვუთხარი, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა ვადიანი იქნებოდა ეს ხელშეკრულება - მე მას ხელს ნებისმიერ შემთხვევაში მოვაწერდი. როცა ამ ხელშეკრულების ვადა დასრულდება, მე 31- 32 წლის ვიქნები. იმ დროს კიდევ გავაფორმებ ახალ კონტრაქტს კლუბთან", - ამბობს საული.

დღეს, როცა საკლუბო სიმბოლოების აშკარა დეფიციტია მსოფლიო ფეხბურთში, საულ ნიგესის საქციელი დაფასებას იმსახურებს. "ატლეტიკოს" ქომაგებისათვის კი ის, უბრალოდ, პირველი კაცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული