"ჟირონა" - კატალონიის "მანჩესტერ სიტი"

AutoSharing Option
კატალონიური ჟირონა (ესპანურად - ხერონა) 100-ათასიანი ქალაქია, რომლის კლუბი "ჟირონა" ესპანური ფეხბურთის ელიტაში პირველად ითამაშებს, ამიერიდან "რეალს", "ბარსასა" და სხვებს 9-ათასიანი "ესტატი მონტილივიც" უმასპინძლებს.

ახლა ვთქვათ, რატომ მიიქცია ჩვენი ყურადღება "ჟირონამ" - "მარკას" თუ დავუჯერებთ, "მანჩესტერ სიტის" მეპატრონეები დღე-დღეზე ამ კატალონიურ კლუბს შეიძენენ. ბოლო წლებში "სიტი" და "ჟირონა" ისედაც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. მაგალითად, გასულ სეზონში ლა ლიგაში გადასვლაში დიდი წვლილი შეიტანეს პაბლო მაფეომ, ანჟელინომ და პაბლო მარიმ. სამივე ეს ფეხბურთელი "სიტის" საკუთრებაა" და "ჟირონაში" იჯარით თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ "სიტის" მფლობელი არაბული
კომპანია "აბუ დაბი იუანაიტედ გრუპია", ახლა ეს კომპანია "ჟირონასაც" შეისყიდის.

როგორც ამბობენ, ისტორია ამით სულაც არ დასრულდება, ახალი მეპატრონეები თვისობრივად შეცვლიან "ჟირონას" მიზანს მომავალ ლა ლიგაში. კატალონიელებს ადგილის შენარჩუნებაზე მეტი ექნებათ გეგმებში, რადგან არაბები ტრანსფერებისთვის საკმაო თანხებს გამოყოფენ, პლუს "სიტისგან" ფეხბურთელები ისევ მოვლენ.

ამ ორი კლუბის დაახლოებაში დიდი წვლილი მიუძღვის პერე გვარდიოლას, ხოსეპ გვარდიოლას ძმას. არაბები აპირებენ კლუბის აქციების 80%-ის ყიდვას კომპანია TVSE Futbol-სგან, ასევე შეიძენენ 12%-ს ყოფილი ბოსის, ხოსეპ დელგადოსგან.

გასულ კვირაში ამ მიზნით მანჩესტერში იყო ჩასული "ჟირონას" სპორტული დირექტორი კიკე კარსელი. ახალ პროექტში დიდი როლი ექნება პერე გვარდიოლასაც.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ჟირონამ", რომელიც 1930 წელსაა დაარსებული, მეორე ადგილი დაიკავა. მომავალ სეზონში კატალონიას "ბარსელონასა" და "ესპანიოლის" გარდა "ჟირონაც" წარადგენს. "ჟირონამ" ბევრი იბრძოლა ელიტისთვის, 2013, 2015 და 2016 წლებში ის პლეი ოფში მარცხდებოდა.

პაბლო მაჩინის გუნდში თამაშობს იტალიელი სამუელე ლონგო, რომელიც მილანის "ინტერისგან" არის განათხოვრებული. 25 წლის იტალიელმა 14 გოლი გაიტანა ჩემპიონატში. 9 გოლი გაიტანა სანდასამ, 8 - პორტუმ, ხოლო 7 - ბორხა გარსიამ. 6 გოლი რუბენ ალკარასის ანგარიშზეა. 4 გოლი გაიტანა 28 წლის მცველმა ალკალამ. სხვათა შორის, ამ გუნდის წევრი ახლახან გახდა "ბილბაოს" გამოცდილი გოლკიპერი გორკა ირაისოსი.

42 წლის მაჩინი გუნდს 2014 წლიდან წვრთნის. მანამდე იგი მხოლოდ "ნუმანსიასთან" იყო დაკავშირებული, სადაც მთელი საფეხბურთო კარიერა გაატარა. ის ჯერ კიდევ 25 წლის იყო, როცა "ნუმანსიას" სარეზერვო გუნდი ჩაიბარა, იმ დროისთვის მას ფეხბურთისთვის თავი ორი წლის დანებებული ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული