სულორი-ტორპედო 0:1 - მეტი გამოცდილება, სწორი გადაწყვეტილებები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვანის "სულორი" წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა. გუნდმა, რომელიც პირველ ლიგაში წლეულს გადავიდა, დავით ყიფიანის თასის გათამაშებიდან ერთმანეთის მიყოლებით გამოთიშა უმაღლესლიგელები - "ზუგდიდი" და "გურია"...

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის სტუმრობამ ვანში დიდი ინტერესი გამოიწვია - გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის არენაზე საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მივიდა. ერთგული ფანები "ტორპედოსაც" ახლდნენ და გულშემატკივრობა მასაც არ მოჰკლებია. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძეც ესწრებოდა.

თასის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც ყველაფერს ერთი კონკრეტული მატჩი (რეგლამენტის შეცვლის შემდეგ საქართველოს თასის ყველა ეტაპზე გამარჯვებულს სწორედ ერთი მატჩი წყვეტს) წყვეტს, გულშემატკივრები
საინტერესო დუელის მოლოდინში იყვნენ.
ახალგაზრდებთან ერთად, "სულორი" საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მათ შორის, გაგა ჩხეტიანი და ნიკოლოზ კვასხვაძე თავის დროზე "ტორპედოში" თამაშობდნენ...

მოკლედ, ვანელები საკმაოდ ამბიციურად იყვნენ განწყობილი და ეს მატჩის პირველივე წუთებზე თვალსაჩინო გახდა. "სულორი" გაცილებით გამოცდილ მეტოქეს არაფერში ეპუებოდა და თამამად ეთამაშებოდა. საბოლოოდ, ქუთაისელებმა მეტი გამოცდილებისა და მწვრთნელის სწორი გადაწყვეტილების წყალობით მოახერხეს "სულორის" ბარიერის დაძლევა და ნახევარფინალის საგზურის მოპოვება.

გუნდებმა შეხვედრა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და სახიფათო მომენტები დებიუტშივე გაცვალეს. ჯერ ქუთაისელებს ჰქონდათ დაწინაურების შანსი - გიორგი ქიმაძის ფლანგურ გადაცემას გრიგოლ დოლიძე შეუჩერებელი დარტყმით აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ქომაგთა მხარდაჭერით გულმოცემულმა ვანელებმა საპასუხოდ საკმაოდ მწვავე იერიში განახორციელეს, მარჯვენა ფლანგზე ილია შენგელია გიორგი ქიმაძეს გასცდა და გაგა ჩხეტიანის მისამართით სახიფათოდ ჩააწოდა, თუმცა მასპინძელთა გამოცდილმა ფორვარდმა, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები ქუთაისის "ტორპედოში" აქვს გატარებული, ბურთს მიმართულება ვერ შეუცვალა და კარგი შეტევა ჩაიშალა.

შეხვედრა ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა, ქუთაისელთა რიგებში ძალზე აქტიურები იყვნენ დოლიძე და კაპანაძე. მომდევნო ორი მომენტიც სწორედ მათ შექმნეს. დოლიძის მორიგი სახიფათო ჩაწოდების შემდეგ კაპანაძე ეფექტური "მაკრატელათი" ცდილობდა მასპინძლების დამწუხრებას, მაგრამ მეკარე დავით ხურციძე საიმედოდ გაისარჯა.

დოლიძე-კაპანაძის მორიგი სახიფათო იერიშისას მდგომარეობა მცველებმა განმუხტეს და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. ამ ეპიზოდებს შორის ვანელებსაც ჰქონდათ გოლის გატანის კარგი შანსი - ამირან როხვაძემ კარში სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ გამოცდილ როინ კვასხვაძეს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება.

ამის შემდეგ უპირატესობა "ტორპედოს" მხარეს გადავიდა. ქუთაისელები უფრო მეტ დროს ატარებდნენ შეტევებში, "სულორი" კი "მეორე ნომრად" თამაშობდა. 24-ე წუთზე მასპინძლები კურიოზულ გოლს გადაურჩნენ - დოლიძის კუთხურის შემდეგ მეკარე შეცდა და ბურთი კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა - ვანელები გოლისგან ძელმა იხსნა.

გიგა ნიკოლეიშვილის შეგირდები გამოცდილ მეტოქეს არ ეპუებოდნენ და ერთ-ერთი კონტრშეტევისას გოლთან ახლოსაც იყვნენ. როხვაძემ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, ცრუ მოძრაობებით ქიმაძე ჩამოიცილა და კარში ძლიერადაც ურტყამდა, მაგრამ ბურთს გიორგი გურული გადაეღობა და ქუთაისელები ხიფათისგან იხსნა.

პირველი ტაიმის ბოლო 10 წუთი ტორპედოელთა სრული უპირატესობით წარიმართა. კარგი მომენტები ჰქონდათ თენგიზ ბრეგვაძეს (ორჯერ), ვაჟა ტაბატაძესა და დოლიძეს, მაგრამ ხან ბურთი ცდებოდა მიზანს, ხანაც მეკარე ხურციძე თამაშობდა დამაჯერებლად.

მატჩის მეორე ნახევარი "ტორპედომ" აქტიურად დაიწყო. ქუთაისელთა მწვავე შეტევას თითქმის პენალტის ნიშნულიდან თორნიკე კაპანაძე აგვირგვინებდა, მაგრამ მეკარემ ბურთი ნახტომში მოიგერია. ცოტა ხანში ხურციძემ იმავე კაპანაძეს კიდევ ერთი სახიფათო დარტყმა აუღო.

ამის შემდეგ მატჩის სადავეები მასპინძელთა ხელში გადავიდა. ვანელებმა რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს. შეწირულისა და ივანიაძის დარტყმები მეკარემ მოიგერია.

კახა ჩხეტიანმა თამაშში გარდატეხის შეტანა შეცვლებით სცადა და გაუმართლა კიდეც - ავთო ენდელაძე და ოთარ კვერნაძე აქტიურად ჩაერთვნენ მატჩში და ბოლო წუთებზე "ტორპედომ" ისევ იპოვა თავისი თამაში. მალე გუგა ფალავანდიშვილის უძლიერესი დარტყმა მეკარემ მოიგერია, თუმცა ქუთაისელებმა თავისი მაინც გაიტანეს - შოთა ბაბუნაშვილმა კვერნაძეს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა და რიონისპირელთა ტანმაღალმა ფორვარდმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

კვერნაძეს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ხარიხას გადააცილა.

საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი
19.10. ვანი. გრიგოლ ნიკოლეიშვილი
სულორი-ტორპედო 0:1
გოლი: 0:1 კვერნაძე (83. ბაბუნაშვილის პასით)
სულორი: ხურციძე - შენგელია, ნიკოლაძე, კილაძე, ჭანკვეტაძე - ივანიაძე (86. ამბროლაძე), შეწირული (54. სამსეიშვილი) - როხვაძე (85. ფირანაშვილი), ჭრელაშვილი, ნ. კვასხვაძე - გ. ჩხეტიანი.
სათადარიგოები: ღვინიანიძე, ხელაძე, გ. ბრეგვაძე, გვეტაძე
მწვრთნელი: გიგა ნიკოლეიშვილი
ტორპედო: რ. კვასხვაძე, ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე - დოლიძე, მამასახლისი, ფალავანდიშვილი, ბაბუნაშვილი (88. ნერგაძე), ბრეგვაძე (59. ენდელაძე) - კაპანაძე (78. კვერნაძე).
სათადარიგოები: ქვილითაია, კოლინი, საღრიშვილი, მესხი
მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
გაფრთხილება: როხვაძე (57)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნეტავი თქვენ, რომ კიდევ გაქვთ სურვილი ქართულ ფეხბურთზე მსჯელობისა. ალბათ საქმე გამოგლებიათ და მახათს ეთამაშებით. ფრთხილად მარცხი არ მოგივიდეთ.
kako
16:35 20-10-2016
0
მერანი დგას ხომ ტორპედოზე 2 თავით მაღლა? ვაი საცოდავო საქართველო თუ ოდესმე მერანი ტორპედოზე მაღლა იდგება
guadua ras mied-moedebi?
15:41 20-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული