დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისურ დერბის გუნდები ოპტიმალური შემადგენლობებით ვერ შეხვდნენ. სტუმრებს ტრავმის გამო თავდამსხმელი მათე ვაწაძე აკლდათ, ხოლო "დინამოს" ვერ ეხმარებოდნენ ტრავმირებული უჩა ლობჟანიძე და "გურიასთან" ჩხუბისთვის დისკვალიფიცირებულები - რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი.

თამაში "დინამოს" უპირატესობით წარიმართა. მატჩის დებიუტში სახიფათო მომენტი ჯაბა ჯიღაურის დარტყმის შემდეგ შეიქმნა, რომელსაც მეკარე რევაზ თევდორაძე გადაეღობა.

მე-17 წუთზე ანგარიშის ორიგინალურად გახსნას ირაკლი კლიმიაშვილი შეეცადა, რომელმაც დაახლოებით 35 მეტრი
დან დაარტყა - ეს ნუკრი რევიშვილისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, ბურთს არადამაჯერებლად დაუხვდა და კუთხურზე მოიგერია.

ამის შემდეგ ისევ "დინამომ" შეუტია და ლადო დვალიშილს გიორგი ფოფხაძე რომ არ გადაფარებოდა, სტუმრები გოლს ვერ გადაურჩებოდნენ.

დინამოელებმა ანგარიში მაინც გახსნეს: ველევი-პარუნაშვილის შეტევა დვალიშვილმა ოთარ კიტეიშვილს გაუგრძელა, რომელმაც ახლოდან ზუსტად დაარტყა - 1:0.

"ლოკომოტივი" გოლმა გამოაფხიზლა. სტუმართა შორის ლუკა ზარანდია გამოირჩეოდა, რომელიც "დინამოს" კართან ხიფათს ინდივიდუალური გარღვევებით ქმნიდა. კლიმიაშვილმა ბედი ისევ შორიდან სცადა, მაგრამ ჟერარდ სარაგოსას შეგირდებს, რეალურად, არაფერი გამოსდიოდათ.

38-ე წუთზე დინამოელებმა უპირატესობა გაზარდეს: მარჯვენა ფრთიდან სტეფან ველევის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მთელი სისწრაფით შეჭრილმა კიტეიშვილმა უძლიერესი დარტყმით გააგზავნა ბადეში - 2:0.

სტუმრებისთვის არასასურველი ანგარიშის მიუხედავად, ზარანდია მაინც არ ისვენებდა და ტაიმის ბოლოს რევიშვილი ისევ შეაწუხა, მაგრამ ეროვნული ნაკრების მეკარე მახვილი კუთხიდან დარტყმულს მომზადებული შეხვდა და "დინამო" აშკარა გოლისგან იხსნა.

"ლოკომოტივმა" მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო და რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელა. რევიშვილთან პირისპირ ზარანდია დარჩა, თუმცა "დინამოს" კიპერმა დასწრებაზე საიმედოდ ითამაშა და გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა. მალე თანაგუნდელთან "სამკუთხედი" გაითამაშა და მეკარესთან დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა გეგა დიასამიძე, რომელსაც რევიშვილმა კლასი დაუპირისპირა.

მალე დიასამიძეს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან მიზანს ააცილა.

"ლოკომოტივის" მცდელობები უშედეგოდ მაინც არ დასრულებულა. ზარანდიამ მშვენიერი "მოჭრილი" გადაცემით დავით ჩაგელიშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მან კი, როგორც იქნა, მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა - 2:1.

"ლოკომოტივს" იმედი გაუჩნდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში ბექა მიქელთაძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა კიტეიშვილი, ვინც ჰეთ-თრიკი შეასრულა, საბოლოო ანგარიში (3:1) დააფიქსირა და "დინამო" ნახევარფინალში გაიყვანა.

მატჩის შემდეგ
თამაზ სამხარაძე (თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი): "დაძაბულ თამაშს ველოდი და ასეც მოხდა. მატჩმა ძირითადად იმ 9 ფეხბურთელზე გადაიარა, რომელთაც რამდენიმე დღის წინათ ლანჩხუთში ურთულესი შეხვედრა მოიგეს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, მეორე ტაიმში დაღლა რომ დაგვეტყო. პირველი ნახევრით კი კმაყოფილი ვარ. აქცენტის მხოლოდ თასზე გადატანა არც გვიფიქრია. გასულ ტურში ჩვენმა კონკურენტებმა ქულები დაკარგეს და წარმატებაზე ჩემპიონატშიც ვფიქრობთ და თასის მოგებაც გვსურს".

საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი
19.10. თბილისი. დინამო არენა
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1
გოლები: 1:0 კიტეიშვილი (25. დვალიშვილის პასით), 2:0 კიტეიშვილი (38. ველევის პასით), 2:1 ჩაგელიშვილი (81. ზარანდიას პასით), 3:1 კიტეიშვილი (90+3. მიქელთაძის პასით)
დინამო: რევიშვილი, ველევი, ხუბუტია (56. მიქელთაძე), ამისულაშვილი, ზ. ჭელიძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური (81. ჭანტურიშვილი), კიტეიშვილი, თევზაძე, დვალიშვილი (90+3. ლილუაშვილი).
სათადარიგობი: ლომაია, თ. კირკიტაძე, ნემსაძე
მწვრთნელი: თამაზა სამხარაძე
ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე, ხიდეშელი (46. ჩაგელიშვილი), ბ. მახარაძე, გ. ფოფხაძე, კლიმიაშვილი, ქიქავა, ჩიტეიშვილი, დიასამიძე, უბილავა, ზარანდია.
სათადარიგობი: კუპატაძე, გეთიაშვილი, სამურკასოვი, ჭანტურია, ცხადაძე, კიკაბიძე
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
გაფრთხილება: კლიმიაშვილი (74), ცინცაძე (89)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰაჰაჰააა თამაზა სამხარაძე
gio tb
14:01 20-10-2016
0
მწვრთნელი:თამაზა სამხარაძეო. კარგია ჟურნალისტ
vaso
12:09 20-10-2016
0

სიახლეები პოპულარული