ვიტ ჯორჯია-სიონი 2:2 - არმაზის ვა-ბანკი მცხეთაში

AutoSharing Option
ამ თამაშს ასეთი ინტრიგა ახლდა: წინა სეზონის სათასო გათამაშებას "სიონი" სწორედ "ვიტ ჯორჯიამ" გამოთიშა და ბოლნისელებს რევანში და, რა თქმა უნდა, ამ გზით ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლა სურდათ.

"მცხეთა პარკზე" გამართული სათასო ნახევარფინალი უხვგოლიანი და თვალსასეირო გამოდგა, თუმცა მატჩის დასაწყისი შთამბეჭდავი ნამდვილად არ იყო - დაბალი ტემპი, ნაკლები მოძრაობა... თუმცა ნელ-ნელა გუნდები "გახურდნენ" და თამაშიც გაჩაღდა.

ანგარიში "სიონმა" რომ გახსნა, ამაში დიდია ლუის ალბერტო მედინას წვლილი. გრძელფეხება პორტუგალიელმა 21-ე წუთზე ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან რევაზ ჩიტიშვილს "მოჰპარა" და საჯარიმოში ოთარ კობახიძე მოძებნა.
მართალია, ვიტელთა მცველმა ბურთი მოიგერია, მაგრამ ის ალეკო გოგობერიშვილმა მოიპოვა და კარის წინ მარტო დარჩენილ ლუის ალბერტოს მშვენიერი გადაცემით მისივე წამოწყებული შეტევა დააგვირგვინებინა - 0:1.

ვერა და ვერ შეძლეს ბოლნისელებმა მეტოქისთვის თავიანთი თამაშის თავს მოხვევა და ამიტომ იყო, რომ "ვეტერინარები" გააქტიურდნენ, პირველი ტაიმის მიწურულს კი სტუმრებს გოლი გასახდელში "გააყოლეს" - პაატა ღუდუშაურმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მეკარე მირზა მერლანმა და ვარლამ კილასონიამ შეუთანხმებლად ითამაშეს და სანამ მოიფიქრეს, ბურთს ვინ მოიგერიებდა, გიორგი ვაზაგაშვილმა იყოჩაღა - 1:1.

მეორე ნახევარში გაცილებით საინტერესო და გახსნილი ფეხბურთი ვიხილეთ. ორივე მეტოქე უტევდა და პირველ ტაიმზე მეტი საგოლე მომენტიც შეიქმნა. ანგარიშიც სწრაფადვე შეიცვალა - ერეკლე ლებანიძემ საჯარიმოში გახსნილი ზურაბ ღირდალაძე მოძებნა, რომელმაც ბოლნისელ მცველთა "ჩაძინებით" ისარგებლა და "ვიტ ჯორჯია" დააწინაურა - 2:1.

ამის შემდეგ "სიონმა" გაიტანა: საჯარიმო გიული მანჯგალაძემ შეასრულა, კილასონიამ კი კარი თავური დარტყმით აიღო. თუმცა, ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რამაც ბოლნისელი ფეხბურთელებისა და მათი გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია...

თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახდა და საბოლოოდ, ბოლნისელებმა მაინც გააყაიმეს: 70-ე წუთზე სტუმართა მთავარი მწვრთნელი არმაზ ჯელაძე ვა-ბანკზე წავიდა და დაშავებული სანდრო გურეშიძის ნაცვლად, მოედანზე დიმიტრი ტატანაშვილი შეუშვა და ამ ცვლილებამ ორ წუთში გაამართლა კიდეც. მარცხენა ფლანგიდან გოგობერიშვილის მიერ ჩაწოდებული ბურთი ბოლნისელთა ფორვარდმა ეგრევე "ცხრიანში" გაგზავნა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

საპასუხო შეხვედრა 5 მაისს, ბოლნისში გაიმართება.

20.04. მცხეთა. "მცხეთა პარკი"
ვიტ ჯორჯია-სიონი 2:2
0:1 ლუის ალბერტო (21. გოგობერიშვილის პასით), 1:1 ვაზაგაშვილი (45. ღუდუშაურის პასით), 2:1 ღირდალაძე (47. ლებანიძის პასით), 2:2 ტატანაშვილი (72. გოგობერიშვილის პასით)
ვიტ ჯორჯია: შეროზია - მუხულიშვილი, გაგნიძე, ჩიტიშვილი, დანელია - კამლაძე (77. გახარია), ც. მოსიაშვილი - ღუდუშაური, კურდღელაშვილი (46. ლებანიძე), ვაზაგაშვილი (77. კახაბრიშვილი) - ღირდალაძე.
სათადარიგოები: ისერგიშვილი, გაბელაია, თათხაშვილი, მერაბიშვილი
მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
სიონი: მერლანი - დ. ფოფხაძე, ვ. კილასონია, ს. გურეშიძე (70. ტატანაშვილი), გაფრინდაშვილი - გოგობერიშვილი, ვასაძე - გოგინაშვილი (46. შალამბერიძე), გვილია (53. მანჯგალაძე), კობახიძე - ლუის ალბერტო.
სათადარიგოები: ნანიევი, რაზმაძე, გიორბელიძე, სვანიძე
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გაფრთხილებები: გურეშიძე (44), ღირდალაძე (83)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული