პაოკ-ის მწვრთნელი "დინამოზე": მეტოქეში გაგვიმართლა

AutoSharing Option
ბერძნული პაოკ-ის მთავარმა მწვრთნელმა ვლადან ივიჩმა დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში დასრულებული კენჭისყრის შემდეგ კლუბის პრესსამსახურთან მეტოქე შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის შედეგად, პაოკ-ის მეტოქე ევროპის ლიგის პლეი ოფში თბილისის "დინამო" იქნება.

- თბილისის "დინამოს" მეტოქე ევროპალიგის პლეი ოფში ცნობილია

"ვფიქრობ, მეტოქეში გაგვიმართლა, რადგან პოტენციურ მეტოქეთა შორის "დინამოზე" ძლიერებიც იყვნენ.

ჩვენი მიზანი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. "დინამო" საქართველოს ჩემპიონია და როგორც ნებისმიერ მეტოქეს, მასაც დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ვიმეორებ: ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა გვსურს და ამისთვის
ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განაცხადა მწვრთნელმა.

ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩები 18 აგვისტოს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 25 აგვისტოს. პირველ შეხვედრას "დინამო" შინ ჩაატარებს.