სავარაუდო მეტოქე: "დინამო"-"დინამო" თუ "დინამო"-"ვარდარი"?

AutoSharing Option
ფოტოზე: ზაგრების "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ზლატკო კრანჩარი
19 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებია და ქართველი გულშემატკივრის ყურადღება, რაღა თქმა უნდა, ერევნისკენ იქნება მიმართული: ჩვენი ჩემპიონი თბილისის "დინამო" სომხეთის "ალაშკერტს" დაუპირისპირდება.

საპასუხო შეხვედრის წინ "დინამო" კომფორტულ სიტუაციაშიც იმყოფება, ანუ ქართველ გულშემატკივართა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად, ჩვენც დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ საქართველოს ჩემპიონი იასპარეზებს.

"ალაშკერტთან" თბილისში გამართულმა პირველმა მატჩმა ხომ ნათლად დაგვანახვა, რომ "დინამო" მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში სჯობდა...

...აი, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე
კი ნამდვილად ვერსად ვიპოვით ისეთ მეტოქეებს, რომლებთანაც სწორედ "დინამოს" ექნებოდა ფავორიტის სტატუსი. თუმცა, თანამედროვე ფეხბურთში (საკლუბო დონეზეც და სანაკრებოზეც) დღესდღეობით აღარავის უკვირს შედარებით სუსტი კლუბების (ან ნაკრებების) წარმატებული ასპარეზობა ამა თუ იმ დიდ ტურნირზე.

ამას კი იმიტომ ვამბობთ, რომ "ალაშკერტის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ჩვენი ჩემპიონი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოსა" და სკოპიეს "ვარდარს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება!

"ალაშკერტი"-"დინამოს" მსგავსად, "ვარდარისა" და ზაგრების "დინამოს" წყვილსაც თავიდანვე ჰყავდა გამოკვეთილი ფავორიტი და ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველმა მატჩმაც დაადასტურა, როცა ხორვატიის უძლიერესმა და ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა სტუმრად მოუგო (2:1) მაკედონიის ჩემპიონ "ვარდარს".

ანუ, თბილისელი სეხნიის მსგავსად, ზაგრების "დინამომაც", ფაქტობრივად, გაინაღდა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა და ეს ფაქტი არც არავის გაუკვირდებოდა: ხორვატიის უძლიერესი კლუბისთვის ხომ ჩვეულებრივი ამბავია, თითქმის ყოველ წელს ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ უნდა იასპარეზოს...

მარადიული ფავორიტი
...ჯერ კიდევ ყოფილი იუგოსლავიის დროს მიიჩნეოდა ზაგრების "დინამო" (კიდევ ერთ ხორვატიულ გუნდთან, "ჰაიდუკთან" ერთად) ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად და ორ სერბულ გრანდს, "ცრვენა ზვეზდასა" და "პარტიზანს" ღირსეულ კონკურენციასაც უწევდა. ამის დასტურად "დინამოს" იუგოსლავიური ტიტულებიც გამოდგება: ოთხჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და შვიდჯერ თასი აიღო.

ამას გარდა, სერიოზული წარმატებები ჰქონდა საერთაშორისო ასპარეზზე: 1967 წელს უეფას თასი მოიგო (ფინალში ინგლისური "ლიდსი" დაამარცხა), 1963 წელს კი "ვალენსიასთან" დამარცხდა უეფას თასის ფინალში.

1992 წლიდან მოყოლებული, ზაგრების "დინამო" ხორვატიის ჩემპიონატში ასპარეზობს და დღემდე მხოლოდ... შვიდჯერ მოხდა, როცა ოქროს მედლები სხვა გუნდებმა ("ჰაიდუკი", "ზაგრები") მოიპოვეს, დანარჩენ შემთხვევაში კი სეზონის ტრიუმფატორი ზაგრების "დინამო" ხდებოდა.
ეგ კი არა, ამა წლის მაისში მოპოვებული ტიტული ზაგრების "დინამოსათვის" ზედიზედ მეთერთმეტე იყო!

...სხვადასხვა დროს ზაგრების "დინამოს" ისეთი აღიარებული სპეციალისტები მოძღვრავდნენ, როგორებიც იყვნენ ტომისლავ ივიჩი და ოტო ბარიჩი, ბრანკო ზებეცი და ვახიდ ხალილხოჯიჩი, აღარაფერს ვამბობთ მიროსლავ ბლაჟევიჩზე - 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიის ზღაპრული ნაკრების წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედზე!..

სხვათა შორის, ზაგრების "დინამოს" 70-წლიან ისტორიაში, ფაქტობრივად, მხოლოდ ბლაჟევიჩმა შეძლო და ამ გუნდში "გადაბმულად" სამი სეზონი იმუშავა; აი, დანარჩენ მის კოლეგებს კი, ხშირ შემთხვევაში, ერთ წელიწადსაც არ აცლიდნენ მუშაობას.

აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენ დროს მისცემენ "დინამოს" ახალ მთავარ მწვრთნელს, 59 წლის ზლატკო კრანჩარს. თუმცა, კრანჩარი "უცხო" კაცი ნამდვილად არ არის "დინამოსათვის": ფეხბურთელობის დროსაც ამ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ, მერე კი მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა.

ისე, როგორც ხორვატიის ნაკრებში მუშაობდა და 2006 წლის მუნდიალზე ხორვატებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით ითამაშეს. იმდროინდელ ხორვატიის ნაკრებში ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა მთავარი მწვრთნელის ვაჟი, ნიკო კრანჩარი, ასევე, ზაგრების "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი.

უმცროსმა კრანჩარმა რამდენიმე სოლიდურ უცხოურ კლუბში იასპარეზა, მაგრამ თავისი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოამჟღავნა. სამაგიეროდ, ეს შეძლეს ზაგრების "დინამოს" აღზრდილმა სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებმა, რომელთაგანაც მხოლოდ ერთეულებს ჩამოვთვლით: დრაჟენ იერკოვიჩი და ველიმირ ზაეცი, ზვონიმირ ბობანი და რობერტ პროსინეჩკი, ლუკა მოდრიჩი და ვედრან ჩორლუკა, ზვონიმირ სოლდო და დარიო შიმიჩი, მატეო კოვაჩიჩი და ალენ ჰალილოვიჩი...

ხანდახან სტატისტიკაც გვახარებს
ასეთი დონის ფეხბურთელები "ტალანტების სამჭედლოდ" აღიარებულ ზაგრების "დინამოში" დღესდღეობით შესაძლოა არ იყვნენ, მაგრამ ზლატკო კრანჩარი მაინც არ უჩივის მაღალი კლასის შემსრულებლების ნაკლებობას.

თანაც, დღესდღეობით "დინამოში" ერთმანეთზე პერსპექტიული ახალგაზრდა ადგილობრივი ტალანტები თამაშობენ (პლუს, ზეგამოცდილი გორდონ შინდეფელდი) და ასევე, საკმაოდ კვალიფიციური ლეგიონერებიც: ედუარდო, პაულუ მაჩადო (ორივე - პორტუგალია), ალექსანდრუ მეცელი (რუმინეთი), ჰილალ ელ სუდანი (ალჟირი), ლეონარდო სიგალი (არგენტინა), ანტენორ ფერნანდესი, ანხელო ენრიკესი (ორივე - ჩილე), პეტარ სტოიანოვიჩი (სლოვენია), დამირ შოვშიჩი (ბოსნია), ჟონასი (ბრაზილია) და სხვები.

დაბოლოს, იმასაც შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართული და ხორვატიული გუნდები. ტკბილად გასახსენებელი არცთუ დიდი ხნის ამბავია, როცა 2013 წლის ზაფხულში, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი დევდარიანის დამოძღვრილმა გორის "დილამ" ორივე მატჩი მოუგო ხორვატიული ფეხბურთის მეორე გრანდს, სპლიტის "ჰაიდუკს", რომლის მთავარი მწვრთნელიც ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი იგორ ტუდორი გახლდათ.

"დილამ" ჯერ სტუმრად იყოჩაღა, როცა გიორგი ილურიძის ერთადერთი გოლით გაიმარჯვა, საშინაო მატჩში კი ასევე 1:0 მოიგო და ეს ერთადერთი გოლი ეფექტური დარტყმით გრიგოლ დოლიძემ გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
irakli __svanis-ს მე არავისთვის შეურაწყოფა არ დამიწყია კარგად წაიკითხე ქვედა კომენტარები პირველ რიგში ჯერ სომხების )))) აზრის გამოხატვა ერთია და შეურაწყოფის მიყენება მეორე) ძალიან კარგი ჩემ კომენტარებს თუ კითხულობ ერთი მიზეზი მითხარი რაში ვიყავი არაადეკვატური)))
svani
17:36 19-07-2016
0
irakli __svanis-ს რაგინდა ეხლა ამ კაცისგან შევხედე კომენტარებს და ამ კაცს არაფერი არ დაუწყია თავიდან წაიკითხე კარგად სომხები რასაც წრენ და ქართველებმა შეურაცხოფა აღარც მივაყენოთ?
Guro
17:32 19-07-2016
0

სიახლეები პოპულარული