კურიოზია - რუსთავში არის სახელმწიფო საფეხბურთო სკოლა, რომელსაც სტადიონი არ აქვს!

AutoSharing Option
ვეტერანი ფეხბურთელი მალხაზ ბოლქვაძე რუსთავის საფეხბურთო სკოლა "შევარდენი 2000"-ის დამფუძნებელია. ის 1978 წელს თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში აიყვანეს, 1979 წელს კი საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონიც გახდა. არის საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ნაკრებების ისტორიული შეხვედრის მონაწილე, რომელიც თბილისში გაიმართა. მაშინ რამაზ შენგელიამ საბჭოთა გუნდში ითამაშა, ბოლქვაძემ და რევაზ ჩელებაძემ კი - საქართველოს ნაკრებში...

"ჩემი კარიერა კარგად მიდიოდა, მაგრამ 1979 წლის 22 ივნისს, მოსკოვის "დინამოსთან" შეხვედრაში, მახოვიკოვს ფეხი მოვტეხე. რა თქმა უნდა, შეგნებულად არ მინდოდა, მაგრამ საკავშირო ფედერაციიდან ნოდარ ახალკაცს დაურეკეს და
ჩემზე უთხრეს - მოაცილეთ ეგ გუნდიდანო და კარიერა 19 წლის ასაკში დამასრულებინეს.

არადა, რამდენ რუსს შერჩენია ქართველების დამტვრევა. იგივე მახოვიკოვი და სხვები არ იყვნენ, ჩვენებს რომ ამტვრევდნენ ფეხებს? გუცაევს სიცოცხლეს უმწარებდნენ", - ამბობს ბოლქვაძე.

ქართული ფეხბურთი ყოველთვის რეგიონებით სულდგმულობდა. ყველგან მუშაობდნენ, საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელებსაც ზრდიდნენ და ღირსეული ფეხბურთიც გვქონდა. რუსთავიც მოწინავეთა შორის იყო, მაგრამ გავიდა დრო, ოკუპაციამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ყველას პრობლემები შეუქმნა და რა გასაკვირია, რომ ჩავარდნა ამ ქალაქსაც აქვს.

თუმცა ბოლო დროს ისევ წამოვიდა კარგი თაობა და მათი დამსახურებაა, უმაღლესი ლიგის ყველაზე გაჭირვებულმა გუნდმა, რუსთავის "მეტალურგმა", პირველი წრე მე-6 ადგილზე რომ დაასრულა.

ბოლქვაძე ლაპარაკობს იმ მიზეზებზე, რაც რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას უშლის ხელს:

"რუსთავში პირობები არ არის და ესაა ყველაზე დიდი სატკივარი, თორემ მწვრთნელებს მუშაობა კი არ დავიწყებიათ.

პირველ ეროვნულ ნაკრებში რუსთავის ფეხბურთის არაერთმა აღზრდილმა ითამაშა - კახა ცხადაძემ, გია კილასონიამ, გოჩა ჯამარაულმა, ნიკა ტოგონიძემ, ნუგზარ ლობჟანიძემ, ლევან სილაგაძემ... ბევრიც ისეთი მოთამაშე გვყავდა, ნებისმიერი გუნდი რომ აიყვანდა.

მერე იყო დიდი ჩავარდნა და ამიტომაც დავაფუძნე "შევარდენი 2000". თავიდანვე გვქონდა ორი არასტანდარტული მოედანი, სადაც გაიზარდა იმ ბიჭების უმრავლესობა, რომელიც ვარლამ კილასონიამ უმაღლეს ლიგაში დააწინაურა.

საერთოდ, ჩვენი დაარსების შემდეგ სკოლაში 3000 ბავშვი ვარჯიშობდა, რაც რუსთავისთვის სერიოზული მაჩვენებელია. სკოლის ასაშენებლად საჭირო თანხის 50 პროცენტი მსოფლიო ბანკის წილი იყო, მეორე ნახევარი კი სამმა კაცმა ვიშოვეთ. მაშინ ამ ფულით რუსთავში კორპუსს ავაშენებდით.

მიწისა და წყლის უზარმაზარი გადასახადები გვაწუხებს, სულს ვღაფავდით და სხვა გზა არ გვქონდა - გადასახადები გავზარდეთ, მაგრამ ღარიბი ოჯახებიდან ბავშვები ვეღარ მოდიან და სკოლას როგორ შევინახავთ? დარწმუნებული ვარ, ყველა რეგიონში ასეთი პრობლემაა.

კურიოზია - რუსთავში არის სახელმწიფო საფეხბურთო სკოლა, რომელსაც სტადიონი არ აქვს! მე რომ ტერიტორია დამითმონ, ხალიჩა დამიგონ, გადასახადისგან 50 ბავშვს მაინც გავათავისუფლებ და გრძელვადიან პერიოდში ხარჯებს აუცილებლად დავფარავ".

რუსთავური სკოლის დამფუძნებელი საფეხბურთო წრეების ინერტულობაზეც ლაპარაკობს:

"ნორმალურ სკოლას დიდი სტადიონი სჭირდება. ჩვენც გვინდა სტადიონი, მაგრამ ტერიტორიის შესასყიდად დიდძალი თანხაა საჭირო, მიწების გამოყოფა კი შეუძლებელი გახდა. ამ დროს, რაგბისა და ზოგიერთ სხვა სახეობას შეღავათები აქვთ. რა ხდება, ამ ქვეყანაში ფეხბურთი გერი გახდა? ეს უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი და არა - უსარგებლო კანონების მიღება.

ისიც ვაღიაროთ, რომ საფეხბურთო ოჯახიც ვერ ჩამოყალიბდა. ამის მიუხედავად, საქართველოში ფეხბურთი ჯერაც პოპულარულია, მაგრამ დიდ ფინანსურ პრობლემებს ჩვენი საფეხბურთო სამყარო ვეღარ ერევა. ამიტომაა საჭირო საფეხბურთო ყრილობა, სადაც სკამების განაწილებაზე მეტად, ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთის პრობლემებზე ვილაპარაკებთ.

თუ უმნიშვნელოვანესი საკითხები არ მოგვარდა, ვინც არ უნდა ავირჩიოთ, ჩვენს ფეხბურთს ვერავინ უშველის".

ვეტერანი ფეხბურთელი ამბობს, რომ სახელმწიფოს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია:

"ფედერაციაში კარგი მენეჯერის მიყვანა ერთია, მაგრამ სახელმწიფომ თუ ფეხბურთის მნიშვნელობა არ გააცნობიერა, წინ ვერ წავალთ. თბილისის "დინამოს" აკადემია და "საბურთალო" ძალიან ბევრს აკეთებენ, თუმცა ქართული ფეხბურთისთვის ორი კარგი სკოლა ძალიან ცოტაა.

სხვათა შორის, თავის დროზე, "გორდა" რეგიონალლიგაში გავარდნისგან სწორედ "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადაარჩინა და მაშინ გაუჩნდა ბავშვთა ფეხბურთის ინტერესი. ასეთ ხალხს თანადგომა ესაჭიროება. საამისოდ, ფეხბურთის განვითარების პროგრამა უნდა მიიღონ, ბიზნესს ინტერესი რომ ჰქონდეს. ახლა კი, ვინც ფული ჩადო, ყველა მინუსებშია და ნანობს, ეს ნაბიჯი რომ გადადგა.

პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფო კომისია კი შეიქმნა და შედეგი უკვე უნდა გვქონოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება. არადა, ჩვენნაირ მცირერიცხოვან ერებში ბევრს არ ჰყოლია იმდენი ვარსკვლავი, რამდენიც ჩვენ გვყავდა. დარწმუნებული ვარ, დახმარების შემთხვევაში, ქართულ ფეხბურთს მომავალი ექნება. საამისოდ, მილიარდებიც არაა საჭირო და შედეგს 5 წელიწადშიც დავინახავთ.

ევროპაშიც არიან მუნიციპალური კლუბები და საფეხბურთო სკოლები. ჩვენ მათზე მეტი ევროპელები ვართ? კერძო კლუბებსა და სკოლებს თუ არ ეხმარები, საკუთარი ჩამოაყალიბე. აბა, არც მე დამეხმარო, არც კლუბებს და ხელები დაიბანო, ასე სადაა?

იმედი მაინც მაქვს, რომ ხელისუფლება საფეხბურთო სკოლებისთვის ბევრს გააკეთებს და ამ სფეროს ბიზნესისთვის საინტერესოს გახდის. დარწმუნებული იყავით, ხელისუფლებას ყოველი მესამე ოჯახის მხარდაჭერა ექნება გარანტირებული, თუ ფეხბურთს ააღორძინებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული