გრიგოლ ცაავა: ქართული ფეხბურთის კრიზისს აფხაზეთის დაკარგვასაც ვუკავშირებ

AutoSharing Option
იყო დრო, თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის მატჩებსაც არ აკლდა მაყურებელი. სტაჟიანი ქომაგები დღესაც ვერ ივიწყებენ იმ საფეხბურთო სპექტაკლებს, რომელთაც მათთვის გრიგოლ ცაავა, პატარა მიშა მესხი, ნუკრი კაკილაშვილი, ვაჟა ჟვანია დგამდნენ. ბევრი ელოდა კიდეც, რომ ეს ბიჭები სრულფასოვნად შეცვლიდნენ დინამოელთა აღიარებულ ლიდერებს, მაგრამ... ასე არ მოხდა. იმ ბიჭებს დღეს "დაკარგულ თაობად" მოიხსენიებენ...

ქართული საფეხბურთო თემი ჭრელია. კაცის გაკილვა აქ ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა კაცს ვერ იპოვით, ცაავაზე ცუდი გადაკვრით მაინც ეთქვა - ის ყველასათვის, უბრალოდ, გრიშა ცაავაა. დღეს ის თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია...

- სოხუმში ყველა ფეხბურთს თამაშობდა. პატარაობიდანვე არ ყოფილა ჩემს წინაშე არჩევანი. ბურთი, ბურთი და მხოლოდ ბურთი - ეს იყო ჩემი ცხოვრება.

პირველი მწვრთნელი გიორგი გრამატიკოპულო გახლდათ - ბევრი კარგი ფეხბურთელის აღმზრდელი... მერე მოვხვდი საქართველოს ნაკრებში, რაც უკვე დიდი წარმატება იყო.

მწვრთნიდნენ თენგიზ მელაშვილი, თენგიზ კუბლაშვილი და გივი მუმლაძე. 1979 წელს სწორედ მათი რეკომენდაციით მოვხვდი თბილისის "დინამოში". ძირითადი გუნდი მაშინ ტუნისში იყო. იმ დროს "დინამო" საბჭოთა კავშირის მოქმედი ჩემპიონი იყო... წაგვიყვანეს ლესელიძეში, შესარჩევ შეკრებაზე. მერე იყო კრება და გამოაცხადეს, ცაავა გუნდში რჩებაო... მაშინდელ ჩემს გრძნობებს ვერ აღვწერ. მწვრთნელად ნოდარ ახალკაცი, ირგვლივ ლეგენდები - ახალგაზრდამ მეტი რა უნდა ინატრო?

- ნოდარ ახალკაცზე უნდა გკითხოთ. მისდარი შედეგი ქართულ ფეხბურთში არავის ჰქონია, თუმცა იმასაც ამბობენ, მძიმე ხასიათი ჰქონდა, მასთან ურთიერთობა იოლი არ იყოო...
- მე უფლის მადლობელი ვარ, რომ ახალკაცთან მომიხდა მუშაობა. ის ზოგადად არ იყო მარტივი კაცი. მკაცრიც იყო, მაგრამ ფეხბურთელებზე გადაყოლილი. ჩემთვის ახალკაცი იყო ყველაფერი. თუ რაღაც დონეზე ვითამაშე ფეხბურთი, ეს ბატონი ნოდარის დამსახურებაა.

- გაიხსენეთ თქვენი პირველი თამაში "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში, პირველი უშუალო შეხება მინდორზე ლეგენდებთან - ყიფიანთან, გუცაევთან, შენგელიასთან...
- 1979 წელს სეზონის ბოლო მატჩი იყო მოსკოვის ცსკა-სთან. 15 წუთი ვითამაშე. ის მატჩი 3:1 მოვიგეთ. საერთოდ, ის "დინამო" საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მაინც იყო ევროპაში. ერთხელ, ბაზაზე ყიფიანმა და გუცაევმა დამიძახეს, მომიკითხეს... მეცხრე ცაზე ვიყავი სიხარულისგან. ჩვენ მათ მაგალითზე ვიზრდებოდით.

- და მაინც, რატომ ვერ შეცვალა თქვენმა თაობამ "დინამოს" დაუვიწყარი წარმატებების შემოქმედნი?
- ალბათ, აქ ორი მომენტი უნდა გამოვარჩიოთ. პირველი ის, რომ ძალიან დიდი ტვირთი დაგვაწვა. როგორი საქმეა, შეცვალო დარასელია, ყიფიანი, ხინჩაგაშვილი... მეორეც იყო - ეტყობა, ჩვენც დავაკელით რაღაც.

არადა, მართლა კარგი თაობა ვიყავით - პატარა მიშა, გოჩა ჯოხაძე, ვაჟა ჟვანია, მამუკა აფციაური... რა ვიცი, არავინ გამომრჩეს... კი, გვქონდა კარგი თამაშები, იყო გამონათებები, მაგრამ ჩვენი წარმატება ვერ იქცა კანონზომიერებად. სტაბილურობა გვაკლდა. ამაში, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს დანაშაულს ვხედავ.

- პატარა მიშა მესხი, თქვენი უახლოესი მეგობარი, უდიდესი ნიჭის პატრონი - როგორ იხსენებთ მას წლების შემდეგ?
- არავინ მიწყინოს, მაგრამ ჩვენს თაობაში ის ყველაზე ნიჭიერი იყო. არ არსებობდა ისეთი რამ, რისი გაკეთებაც მიშას არ შეეძლო მინდორზე. მას დიდი, ძალიან დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, მაგრამ ცხოვრება ისეთია, წინასწარ ვერაფერს იტყვი. მე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა მიშასთან ერთად მოედანზე გატარებული თითოეული წუთი.

- მასთან ერთად საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებშიც გითამაშიათ....
- განსაკუთრებით კარგად მახსოვს მატჩი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდულ ნაკრებთან. ის თამაში 3:1 მოვიგეთ. ერთი გოლი მე შევაგდე, მიშა კი მეორე ტაიმში შემოვიდა მინდორზე და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სასწაულები აკეთა. იმ ნაკრებში დავით პაიკიძეც იყო "დინამოდან", სულ სამნი ვიყავით.

- 1981 წელს გამართული სანტიაგო ბერნაბეუს თასის გახსენება უნდა გთხოვოთ, იმ თამაშის, "ბაიერნი" "დინამოს" რომ გაექცა...
- ახლა ეს დაუჯერებლად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ მაშინ სწორედ ასე მოხდა. "დინამო" ევროპაში ავტორიტეტული გუნდი იყო. დიახ, გაქცევა - ესაა სწორედ ის სიტყვა, რაც გერმანელების მაშინდელ საქციელს ზუსტად ახასიათებს. პირველი მატჩი "რეალთან" გვქონდა და 2:4 წავაგეთ. ქომაგებს ახსოვთ, ანხელმა ფეხი რომ მოსტეხა ყიფიანს. იმ შეხვედრაზე კიდევ ერთს ვიტყვი - არც მანამდე და არც მერე არ მინახავს, ფეხბურთელს ისე ეთამაშოს, როგორც ვოვა გუცაევმა ითამაშა "რეალთან".

"ბაიერნს" კი შენგელიას დუბლით 2:1-ს ვუგებდით. გერმანელთა მხრიდან თავი ბრაიტნერმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის დასრულებას 5 წუთი აკლდა, როცა "ბაიერნი" მოედნიდან გავიდა. რუმენიგე და თავაძე შეეჯახნენ ერთმანეთს. ჩვეულებრივი მომენტი იყო. ბრაიტნერმა მოიხმო რუმენიგე, რაღაც უთხრა და... გერმანელები გასახდელში შევიდნენ.

არადა, ის-ის იყო, მოედანზე უნდა შევსულიყავი. გახურება უკვე დასრულებული მქონდა, ნუკრი კაკილაშვილს ხელი ამოუვარდა და ის უნდა შემეცვალა. იქამდე, საერთაშორისო მატჩი არ მქონდა ნათამაშები.

ყველას გაგვიხარდა, "ბაიერნის" უძლეველობის მითი რომ დაიმსხვრა, მაგრამ ჩემს გულში ნამდვილი ცეცხლი ენთო - ვფიქრობდი, კიდევ როდის მომეცემა-მეთქი თავის გამოჩენის ამხელა შანსი...

- ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას თბილისის "დინამოში" შეხვდით. მალე "ცხუმში" გადახვედით, არადა, 28 წლის იყავით და კიდევ შეგეძლოთ მაღალ დონეზე თამაში. რა იყო ამის მიზეზი?
- ისეთი თაობა მოვიდა "დინამოში", რომ ჩავთვალე, რაღაც მომენტში შეიძლებოდა ხელი შემეშალა მათთვის. არველაძეები, ქინქლაძე, ნემსაძე, ცხადაძე, გოგიჩაიშვილი - შესანიშნავი ბიჭები იყვნენ.

"ცხუმი" კი ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდი იყო. ცხონებულმა გურამ გაბისკირიამ წამიყვანა იქ, საქართველოს გმირმა. მე ვიტყოდი, "ცხუმი" იყო გურამ გაბისკირია - მას ურთულეს დროსაც კი არ მიუტოვებია გუნდი. მერე არ დაიჩოქა, ეს არ აპატიეს... "ცხუმს" თასების მფლობელთა თასზეც უნდა ეთამაშა.

ბატონი გურამი წილისყრაზეც იყო წასული, მაგრამ უეფამ დაძაბული მდგომარეობის გამო არ დაგვიშვა ამ ტურნირზე. ბარემ აქვე დავამატებ - აფხაზეთი ზრდიდა განსაკუთრებულ ფეხბურთელებს. იქაურ ბიჭებს სულ სხვა ტექნიკა და ბურთის გრძნობა ჰქონდათ.

მზე, ზღვა და ბურთი იდეალური კომბინაციაა ფეხბურთელის ჩამოსაყალიბებლად. ქართული ფეხბურთის ბოლოდროინდელ კრიზისს აფხაზეთის დაკარგვასაც ვუკავშირებ.

- თქვენ ბევრ აფხაზ ვეტერანთან მეგობრობთ. ინარჩუნებთ თუ არა დღეს მათთან ურთიერთობას?
- სამწუხაროდ, დღეს ეს ურთიერთობა არ არის ისეთი ინტენსიური, როგორიც პირადად მე მინდა, რომ იყოს. მჯერა, ჩვენ კვლავ ვითამაშებთ ერთად ფეხბურთს. ღმერთმა ქნას, ეს სოხუმში მოხდეს. უზომოდ მენატრება ჩემი ქალაქი. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამ გრძნობას.

- თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხართ და არ იქნება, თანამედროვე პრობლემებზეც არ გკითხოთ...
- პრობლემა ბევრია. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ მათ მოგვარებას. ყოველწლიურად ვატარებთ ბავშვთა საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალს, ჩვენი ეგიდით გამართულ შიდა შეჯიბრებებში ვცდილობთ უკეთესობა გვქონდეს.

- ქართული საფეხბურთო პირამიდის წვერი მაინც საქართველოს ნაკრებია. როგორ შეაფასებთ ჩვენი ეროვნული გუნდის თამაშის ხარისხს და თემურ ქეცბაიას მუშაობას?
- მინდა, საქართველოს ნაკრები უფრო ლამაზად თამაშობდეს და უკეთესი შედეგი ჰქონდეს, მაგრამ განა ეს თემურს არ უნდა? ვიცნობ ქეცბაიას, მას უზომოდ უყვარს თავისი საქმე, ნამდვილი ფანატიკოსია. ჩვენ დღეს ერთადერთი რამ გვიშველის: ერთად უნდა დავდგეთ როგორც ნაკრების მწვრთნელი, ისე ქომაგი, მედია, ფედერაცია... ყველა, ვისაც მოკრძალებული სიტყვა მაინც ეთქმის ქართულ ფეხბურთში. ერთმანეთის უსაზღვრო კრიტიკით და ჩასაფრებით საქმე არ გაკეთდება.

ალეკო კაკაურიძე
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო WEEK

მკითხველის კომენტარები / 9 /
სულით დინამო ვარ! გრიშას დახვეწილი თამაში მიდგას თვალწინ! იდიდე დინამო.
dinamoeli
21:58 03-03-2014
0
კარგი სტატიაა
მე მაგ დროს მოსკოვს ვცხოვრობდი და დუბლებზეც დავდიოდი..დინამოს დუბლებზე მეტი ხალხი იკრიბებოდა ვიდრე
ვიდრე მოსკოვური გუნდების ოსნოვნოის ტამასზე...

დაამატეტ გოგრიცჰიანიდა სხვა პეხბურტელები...
Iveri
03:58 03-03-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული