თანადგომით გავიმარჯვებთ! - სოხუმის "დინამო" გვერდში მდგომს ეძებს

AutoSharing Option
როგორც იქნა, სოხუმის "დინამო" წლეულს აღდგა. ეს მამუკა ბიძინაშვილმა გააკეთა, რომელმაც პირველი ეროვნული ჩემპიონატის დროს საფეხბურთო კლუბი "იბერია" დააფუძნა, მის ბაზაზე კი შემდეგ "ზესტაფონის" წინამორბედი "მცხეთა" ჩამოყალიბდა.

იყო იმედი, რომ აღდგენილი კლუბი პირველ ლიგაში ითამაშებდა. საბოლოოდ, ის მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში დაუშვეს და მისი აღორძინების საქმემ კიდევ გადაიწია.

ყველას კარგად ესმის, რომ საფეხბურთო ორბიტაზე სოხუმის "დინამოს" ღირსეული დაბრუნება მხოლოდ საფეხბურთო სამყაროს ამოცანა არ არის. ეს ზოგადქართული, ეროვნული საკითხია და ამდენად არის საერთო-სახალხო საზრუნავიც. ასეთი მაგალითებია საბერძნეთში სალონიკის პაოკ-ი (პატრიოტი ათლეტები
კონსტანტინოპოლიდან), ათენის აეკ-ი (ელინელი ათლეტები კონსტანტინოპოლიდან), ფამაგუსტას "ანორთოსისი" (თურქების მიერ კონტროლირებადი ჩრდილოეთ კვიპროსის გუნდია), აზერბაიჯანში კი აგდამის "ყარაბახი".

უმთავრესად, ასეთი კლუბები იყვნენ და რჩებიან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ. ქართული სახელმწიფოს ასეთივე მზრუნველობას ელის სოხუმის "დინამოც".

სამწუხაროდ, დღეისთვის ასე არ არის, რაზეც კლუბის დამფუძნებელი მამუკა ბიძინაშვილი გველაპარაკა:

"ვინც გაეცნობა და ჩაუღრმავდება საკითხის არსს, აუცილებლად გააკეთებს დასკვნას, რომ 20 წლის განმავლობაში სოხუმის "დინამო" უსაფუძვლოდ იყო მიტოვებული. თუმცა ქართული ფეხბურთის მატეანედან ისტორიული უკუღმართობის გამო უსამართლოდ ამოგდებული კლუბის ბედი ნებისმიერ მამულიშვილს დააფიქრებს.

სოხუმის "დინამო" 1927 წელს დაფუძნდა და სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ჩემპიონატებში. სამწუხაროდ, 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო გუნდი შემადგენლობის ნაწილმა დატოვა და სოხუმის "ცხუმი" დააფუძნა, ნაწილი კი სოხუმის "დინამოში" დარჩა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველ ლიგაში ითამაშა. ანუ საქართველოს საფეხბურთო რუკიდან ტრადიციული გუნდი გაქრა.

მისი აღდგენა და აღორძინება ამიტომაც გადავწყვიტეთ. ამ პერსპექტივას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ რამდენიმე ინიციატორმა გავბედეთ და კლუბი დავაფუძნეთ. ობიექტური და სუბიექტური წინააღმდეგობების მიუხედავად, დღეს გუნდი II ლიგაში მონაწილეობს და ახალგაზრდა, მზარდი ფეხბურთელები ჰყავს. I ლიგაში გადასვლა შესაძლებელია, მაგრამ ამაში ფინანსური პრობლემები გვიშლის ხელს. უფრო სწორად, არანაირი დაფინანსება არ გაგვაჩნია",
- ამბობს ბიძინაშვილი.

ამის მიუხედავად, სოხუმის "დინამოს" დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ ეს საკითხი ბევრს აღელვებს და დაფინანსების წყაროს მოძებნის:

"ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობამ კლუბი ავტომატურად აქცია ფიფასა და უეფას სუბიექტად - ამ ორგანიზაციებში სოხუმის "დინამო" საქართველოს სახელით დარეგისტრირდა. ეს გასაფრთხილებელი ფაქტია.

საინტერესოა, რომ კლუბი ასევე შეტანილია საერთაშორისო ცნობარებში, საბუკმეკერო კანტორები კი ჩვენს მატჩებზე ფსონებს იღებენ, რაც უცხოელების ცნობიერებაში ობიექტური გეოგრაფიული აზრის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

პროექტს გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია ქართველი და აფხაზი ხალხის მეგობრობის აღდგენაშიც. ფინანსურად გაძლიერების შემთხვევაში, დიდი სიამოვნებით მოვიწვევდით აფხაზ ფეხბურთელებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ გუნდი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ყურადღებას იმსახურებს.

უკვე ერთი წრე განვლილია. აქამდე ვერც მოვაღწევდით, გვერდში რომ არ დაგვდგომოდნენ ზვიად სიჭინავა, ვახტანგ ყოლბაია, გრიგოლ ცაავა, მურად ანჯაფარიძე და დიმა ჯაიანი.

"აფხაზეთიდან დევნილთა კავშირის" თავმჯდომარის, ლონდერ ცაავასგან ყოველდღიურ მზრუნველობას ვგრძნობთ. იმედია, ასე გაგრძელდება მომავალში.

მჯერა, ადრე თუ გვიან, სოხუმის "დინამოს" აღორძინებაში საკუთარ წვლილს ბევრი შეიტანს და რეალურად განხორციელდება ჩვენი ლოზუნგი - "თანადგომით გავიმარჯვებთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე მჯერა ამ კლუბის მჯერა იმისი რო საუკეთესოები გავხდებით წინ სოხუმი ურა ურა
Giorgi
07:20 17-05-2014
0

სიახლეები პოპულარული