რატომ მალავს თბილისის "დინამო" გოგიტა გოგუას?

AutoSharing Option
მალე მამუკა ჯუღელი გორის "დილაში" მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნება. მახაჩყალის "ანჟისა" და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი სპორტული დირექტორი "დილაში" დასაქმდება. თუმცა იმას, რომ გუნდზე უკვე ზრუნავს, გორში გოჩა ხოჯავასა და გიორგი ილურიძის გამოჩენაც ადასტურებს.

გორში ლაშა სალუქვაძის დამატებასაც იმედოვნებდნენ, მაგრამ მას "ვოლგამ" დიდი პრობლემები შეუქმნა, ისევე, როგორც ტრანსფერზე დაყენებულ სხვა მოთამაშეებს.

გუნდმა სალუქვაძეს, ხოჯავას და გოგუას კონტრაქტის გაწყვეტა, სანაცვლოდ კი დავალიანების დეკემბერში გასტუმრება და თავისუფალი აგენტის სტატუსი შესთავაზა - მათ შვიდი თვის ხელფასი აქვთ ასაღები. მაგრამ არც დავალიანება გაუსტუმრეს და არც
გათავისუფლების ფურცელს აძლევენ.

საბოლოოდ, ფეხბურთელებმა "ვოლგას" რუსეთის საფეხბურთო კავშირში უჩივლეს და მათი საკითხი 23 იანვარს განიხილება. ქართველები იმედოვნებენ, რომ რსკ ან უეფა კლუბს თანხის გადახდას დაავალდებულებენ.

სწორედ ეს აბრკოლებთ ფეხბურთელებს - გათავისუფლების ფურცლის გარეშე ახალ კლუბებთან კონტრაქტებს ვერ აფორმებენ - გოგუა - "დინამოსთან", ხოჯავა - "დილასთან" და სალუქვაძე კი - ჩვენთვის ჯერ უცნობ კლუბთან. რუსული მედიის ცნობით, სალუქვაძეს რუსეთის პრემიერლიგის გუნდები იწვევენ, ინტერესს ინარჩუნებს თბილისის "დინამოც", "დილაში" მისი გადასვლა კი ნაკლებად სარწმუნოა.

როგორც ჩანს, სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ერიდება თბილისის "დინამო" ვარჯიშებზე მედიის დაშვებას და სურათებსაც თავად ავრცელებს - არადა, გაუგებარი იყო, რას ასაიდუმლოებდა ალექს გარსია ვარჯიშებზე.

მიუხედავად იმისა, რომ გოგუა "დინამოში" ვარჯიშობს, ბარსელონაში გამართულ საკონტროლო მატჩებში ჯერ გუნდს ვერ ეხმარება და მისი ვარჯიშებზე გამოჩენაც არასასურველია. სიფრთხილეს თავი არ სტკივა და, არც კლუბს და არც ფეხბურთელს არ სურთ, შარში თავი გაჰყონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული