ლევან კობიაშვილი კლუბებს: თავი უნდა დახაროთ და კრიტიკა მიიღოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია "იმედში" სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას, ქართული გუნდების ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა შეაფასა.

ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთში "ტრენჩინთან" 1:5 დამარცხა, საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" კი საშინაო მატჩებში ერთნაირი ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ, შესაბამისად, ავსტრიულ "ალტახსა" და პოლონურ "იაგელონიასთან".

კობიაშვილის თქმით, ქართული კლუბების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი არაა, რომელიც წელს გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდა.

"თავიდანვე განვაცხადე, რომ ფორმატის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროთასებზე ჩვენი გუნდების უკეთესად გამოსვლა იყო. რა თქმა უნდა, დღეს ძნელია ვისაუბრო ამ
კუთხით უკეთესობაზე, რადგან სამივე გუნდმა წააგო, მაგრამ ვერც იმას მეტყვის ვინმე, რომ წინა ფორმატი უკეთესი იყო.

უბრალოდ, წლები სჭირდება იმას, რომ გუნდები სხვანაირად გადაეწყონ, შეეგუონ ამ ფორმატს. ფაქტია, რომ გუნდმა, რომელმაც იცის, რომ 6 თვის შემდეგ ევროთასებზე უნდა ითამაშოს, მეტი საშუალება აქვს, რომ კონკრეტული ტურნირისთვის შემადგენლობა უკეთ ჩამოაყალიბოს, მოემზადოს...

ასე რომ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ ფორმატმა შეუშალა ხელი ჩვენს გუნდებს. ძალიან მარტივი სიტუაციაა ყველასთვის, კლუბების ხელმძღვანელობისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც - თავი უნდა დახარო, სამართლიანი კრიტიკა მიიღო და შემდეგში უკეთესად გამოხვიდე. ის, რომ რაღაც მიზეზებზე ისაუბრო და ფორმატში ეძებო ბრალეულობა, არასერიოზულია.

სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფორმატი შედეგს მომდევნო წლებში დაგვანახებს.

გასაგებია, რომ რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ამ გუნდებს საპასუხო მატჩები აქვთ ჩასატარებელი. დაველოდოთ და როცა ყველაფერი დასრულდება, ანალიზი შემდეგ უნდა გაკეთდეს".