ლანჩხუთში ქალთა დღე გოგონების ფეხბურთით აღნიშნეს

AutoSharing Option
პარასკევს ლანჩხუთში გაიმართა საფეხბურთო ტურნირი გოგონებს შორის, რომელიც ქალთა დღეს მიეძღვნა.

ორ ჯგუფად განაწილებული 6 გუნდი (ლანჩხუთი, ქუთაისი, ლაგოდეხი, ქობულეთი, ზუგდიდი, ხაშური) დილიდანვე ფინალის საგზურს იმედო დუნდუასა და ანდრო ჟორდანიას სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედნებზე არკვევდა.

გადამწყვეტი შეხვედრა ლანჩხუთისა და ქუთაისის გუნდებს შორის იმერელთა უპირატესობით წარიმართა. დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წუთებამდე მასპინძლებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაწიეს, თუმცა ერთ წუთში 2 გოლი გაუშვეს და საბოლოოდ, 1:4 წააგეს. გამარჯვებულ გუნდს ახლო წარსულში ცნობილი მსაჯი პაატა დოგრაშვილი ავარჯიშებს. მისი გუნდი მთელი ტურნირის განმავლობაში მაღალ დონეზე ასპარეზობდა და
მაყურებელთა დიდი სიმპათიაც დაიმსახურა.

გამარჯვებულებს და მეორე-მესამე ადგილზე გასულ გუნდებს სამახსოვრო თასები გადასცეს. დააჯილდოვეს საუკეთესო ფეხბურთელებიც. ტურნირის რჩეულ მეკარედ ხაშურელი ლია გონგლაძე აღიარეს, საუკეთესო მცველად - ლანჩხუთელი ნინო ჩხარტიშვილი, ნახევარმცველად - ნანა გორგაძე (ქუთაისი), თავდამსხმელად ანა ჩემინავა (ზუგდიდი). ტურნირის ბომბარდირი ია ალელიშვილი (ლანჩხუთი) გახდა 6 გოლით.

ორგანიზატორ დურმიშხან ჩხაიძის სპეციალური პრიზები "მის-ტურნირი" გადაეცათ: ხაშურელ მაია ნასყიდაშვილს, ლაგოდეხელ მარი კუპრენკოს და ლანჩხუთელ ნინო ჩხარტიშვილს.

"ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია, თუ როგორ მიგველოცა ქალბატონებისა და გოგონებისთვის დღევანდელი დღე და საფუძველი ჩავუყარეთ ასეთ კარგ ტურნირს. მოხარულნი ვართ, რომ ის წარმომადგენლობითი იყო და შორეული ქალაქებიდანაც გვსტუმრობდნენ", - განაცხადა ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა დურმიშხან ჩხაიძემ.

შეჯიბრება სწორედ ამ სკოლის ეგიდით ჩატარდა.

უნდა ითქვას, რომ გურული ფეხბურთის ექსმესაჭე ჩხაიძე ორიგინალური იდეებით გამოირჩევა - ჯერ კიდევ წლების წინ მან საფუძველი ჩაუყარა საბავშვო ბაღებს შორის ტურნირს, რომელსაც უცხოური "პამპერს-ლიგის" გურული ვარიანტი - "შიბაქ-ლიგა" უწოდა.

გამარჯვებულს სიმბოლური პრიზი გადაეცემა - დიდი ზომის შიბაქი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული